რუსული პრესის მიმოხილვა, 15 თებერვალი 2011

„იზვესტიას“ მიხედვით, განათლების რეფორმის პროცესში რუსეთში მაღალკლასელები საგნებს თავად აირჩევენ და არა მარტო საგნებს, ისინი აირჩევენ იმ დონესაც, რომლითაც სურთ საგნის გავლა, ანუ უნდათ შეისწავლონ საგანი ზედაპირულად თუ საგნორივ-შინაარსობრივად. რეფორმის პროცესში, რომელიც რუსეთში ტარდება, ამას გარდა იგეგმება ახალი საგნის დამატებაც. საგანს ’რუსეთი მსოფლიოში’ ერქმევა. როგორც „იზვესტიაში“ სტატიის ავტორი ჩერნაკოვი წერს: ”ასეთი პროფილურობა, დამგეგმავების აზრით, ბავშვებს აარიდებს მათთვის არასაჭირო საგნებს და დაეხმარება მალე გაერკვნენ თავიანთ მომავალ პროფესიაში”. თუმცა სტატიას ავტორი ამ ინიციატივის კონტრარგუმენტით ასრულებს და წერს, რომ ამ მეთოდის დანერგვის შემთხვევაში მკვეთრად დაეცემა მაღალკლასელების მსოფლაღქმა: ”ჩვენ დავინახავთ, რომ მათ, ძირითადად, დააინტერესებთ ორი-სამი საგანი, რომლებიც დასჭირდებათ უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად.”

განათლება ვახსენეთ და, მოდით, თემა განვავრცოთ. ნაციონალური თემის წინა პლანზე წამოწევის ფონზე პრობლემასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ იმავე „იზვესტიაში“ ავტორი სუზანა ფარიზოვა წერს. ავტორის აზრით, გამოსავალი სასკოლო განათლებაშია. იმის აღნიშნვის შემდეგ, რომ რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიეთნიკური სახელმწიფოა, სადაც 182 სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, ავტორი ამბობს: ”სხვა ნაციონალური ჯგუფების მიმართ პატივისცემისა და მოთმინების დანერგვა სკოლაში უნდა ხდებოდეს. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია, ვინ უნდა ასწავლოს მსგავსი რამ მოსწავლეებს. მათ, ვინც უკვე შემჩნეულია ეთნიკურ შეუწყნარებლობაში, სკოლის გზა უნდა ჩაეკეტოთ”, - მიაჩნია ავტორს. მისივე თქმით, კარგი გამოსავალია ასევე მასმედიის მეშვეობით მრავალფეროვნების ფუნდამენტური ასახვა. გამოფენები, სპექტაკლები, კონცერტები ”დაეხმარება ადამიანებს მეტი გაიგონ ერთმანეთის შესახებ, დაეხმარება გააცნობიერონ ნაციონალური თავისებურებანი.”

სტატიის მიხედვით, სახელმწიფო, მეორე მხრივ, პრობლემასთან ბრძოლას არა ფუნდამენტურად გააზრებული პრევენციით, არამედ თავდაცვითი რეაქციული მექანიზმების გაძლიერებით, კანონების შემუშავებით ცდილობს.

ხოდორკოვსკი-ლებედევის სასამართლო პროცესის თაობაზე ინფორმაცია ჟონავს. მთავარი მოსამართლის ვიქტორ დანილკინის დამხმარე ნატალია ვასილევა „გაზეტა რუს“-თვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მოსამართლე დანილკინის განაჩენი „გოსდუმაში“ დაიწერა და მოსამართლემ ის მხოლოდ ჩაიკითხა.
პრეზიდენტი მედვედევი ცდილობს არ ჩამორჩეს ინტერნეტსაუკუნეს და, მაგალითად, გამოდის ინიციატივით, შრომის კოდექსში აისახოს უფლება ადამიანებისა დისტანციურად შეასრულონ სამუშაო. მარტივად ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს შეეძლებათ ლეპტოპით ან კომპიუტერით დისტანციურად მუშაობა. ამაზე „იზვესტია“ წერს. აი, „ნოვაია გაზეტა“ აგრძელებს „ვიკილიქსის“ კვალდაკვალ დოკუმენტაციის გამოქვეყნებას და წერს პრემიერ პუტინის ერთ მილიარდდოლარიან სასახლეზე. გაზეთმა შექმნა „ვიკილიქსის“ მსგავსი პლატფორმა „რულ ლიქსი“, რომელზეც შეგიძლიათ ნახოთ ატვირთული სურათები რენესანსულ სტილში ნაშენი სასახლისა, უზარმაზარი გარე ბაღებით და მოოქროვილი სვეტებით. ის, რომ ეს სასახლე ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის, პირველად ერთ-ერთ რუს ბიზნესმენს, სერგეი კოლესნიკოვს, პრეზიდენტ მედვედევისადმი მიწერილ ღია წერილში უხსენებია, სადაც ბიზნესმენს უთქვამს, მაშინ, როცა ქვეყანა ცდილობს ფული მაღალ ტექნოლოგიებსა და ქვეყნის განვითარებაში ჩადოს, ერთი მილიარდი სახელმწიფო დოლარი იხარჯება პრემიერ პუტინის აგარაკის მშენებლობაზეო. „ნოვაია გაზეტამ“ კოლესნიკოვის კვალზე ამ საქმის შესახებ დოკუმენტები მოიპოვა და გამოაქვეყნა. დასასვენებელი სასახლე სადღაც შავი ზღვის სანაპიროზე შენდება. აგარაკის სურათები, როგორც ითქვა, „რულ ლიქსის“ საიტზე შეგიძლიათ იხილოთ. თუმცა, ალბათ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ სურათებზე მინაწერია: ზუსტად არ იციან, ესაა თუ არა ის ცნობილი სასახლე, რომელზეც კოლესნიკოვი საუბრობდაო.