ახალგორის პასპორტიზაცია ჯერ არ დაწყებულა

ახალგორი

ახალგორის რაიონში გადაადგილების წესი დე ფაქტო ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ შეცვალა. ამჟამად რაიონში შესვლა იმ პირებსაც შეუძლიათ, რომლებიც ახალგორის რაიონში არ არიან რეგისტრირებულები, მაგრამ რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ნებართვა აქვთ. როგორც ახალგორელები ამბობენ , რუსმა ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა ახალი წესები ბლოკ–საგუშაგოზე გამოაკრეს. იმან, ვისაც ახალგორის ჩაწერა არა აქვს და დაბაში ნათესავებთან სტუმრად მიდის, ამის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს ოსურ ადმინისტრაციას, ნებართვა კი მასპინძელმა უნდა აიღოს. ახალგორში შემსვლელ პირს თან უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობის რუსულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
გასული წლის ნოემბრიდან, დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ახალგორის რაიონში მხოლოდ დაბაში ჩაწერილებს შეეძლოთ შესვლა ფორმა N9-ის საფუძველზე.

დღეს უნდა დაწყებულიყო გაცემა, მაგრამ დღესაც ჩვეულებრივად ვიმგზავრე - ისე, როგორც აქამდე. ყოველ შემთხვევაში, არაფერი არ ისმის, მოლოდინი კი არსებობს ...
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებით, 15 თებერვლიდან ახალგორის რაიონში პასპორტების გაცემა უნდა დაწყებულიყო. პასპორტს ავტომატურად მიიღებს ყველა ის მოქალაქე, ვისაც ფორმა N9 ჰქონდა აღებული. ახალგორელების ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. სამხრეთ ოსეთის პასპორტის მისაღებად ახალგორის რაიონის ქართული მოსახლეობისგან საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას აღარ მოითხოვს. თუმცა, ახალგორელების თქმით, არ არის გამორიცხული, პასპორტების გასაცემად კოკოითის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ჩაბარება მაინც მოითხოვოს. ახალგორელი თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, მოლოდინის მიუხედავად, დე ფაქტო ადმინისტრაციას ახალი პასპორტების გაცემა ჯერ არ დაუწყია:

„დღეს უნდა დაწყებულიყო გაცემა, მაგრამ დღესაც ჩვეულებრივად ვიმგზავრე - ისე, როგორც აქამდე. ყოველ შემთხვევაში, არაფერი არ ისმის, მოლოდინი კი არსებობს. როგორც კომპეტენტური პირები ამბობენ, შეიძლება არ ჩაგვაბარებინონ ქართული პირადობის მოწმობები. ხალხი ამბობს, თუ არ ჩაგვაბარებინებენ, ავიღებთო; თუ ჩაგვაბარებინებენ, უფრო მეტი ფიქრობს, რომ მერე დატოვოს ახალგორი თუ რა ქნას.“

ბოლო პეროდში როგორც ქართულმა, ისე ოსურმა მხარემ შემხვედრი ნაბიჯები გადადგა. ერგნეთის ბოლო შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ჰუმანიტარული დერეფანი გაუხსნა. ცოტა ხანში ოსებმა ახალგორში შესვლის რეჟიმი გაამარტივეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პასპორტიზაციის დროს ახალგორის ქართულ მოსახლეობას შესაძლოა საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა აღარ მოუწიოს. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი ნაბიჯებით დაძაბულობა იხსნება:

„მაგალითად, ოსებმა ქართველებს სერიოზულად რომ მოსთხოვონ უარი თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე, საერთოდ დაიცლება ახალგორის რაიონი, ანუ ეს პრაგმატული გათვლაა და არა კეთილი ნების ჟესტი. ცარიელი ახალგორი რაში სჭირდებათ, მათ მოსახლეობით სავსე რაიონი სჭირდებათ და, პირიქით, უნდათ, რომ მეტი ხალხი მიიზიდონ, ვიდრე დღეს არის იქ. ამიტომ ეს არის მკაფიოდ გამოკვეთილი პრაგმატული დამოკიდებულება. ქართველებმა თუ არ გაუხსნეს საზღვარი აქეთა მხრიდან, კიდევ უფრო გაუცხოვდებიან ოსები და კიდევ უფრო ჩაბარდებიან რუსებს, თუ შეიძლება ასე ითქვას. იმიტომ რომ მათ სხვა გამოსავალი არა აქვთ. ამიტომ ეს არის იძულებითი ნაბიჯები, ვიდრე კეთილი ნების ნაბიჯები, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მისასალმებელია“, –ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჟენევის დისკუსიის მორიგ რაუნდზე შესაძლოა მხარეები ახალგორისთვის ბუნებრივი აირის, გორის რაიონისთვის კი სასმელი წყლის მიწოდებაზე შეთანხმდნენ.