გლობალური ენერგომომარაგების ახალი სცენარი

ქარის ტურბინები

დაახლოებით ოთხი მილიონი ქარის გენერატორით, 89 ათასი დიდი სოლარული პარკით და 270 ახალი ჰიდროელექტროსადგურით შეიძლებოდა შექმნილიყო სისტემა, რომელიც ენერგიით დედამიწის მომარაგების ხერხემალს შექმნიდა და მთლიანად ნეიტრალური იქნებოდა კლიმატისთვის.

2030 წლამდე ამგვარი რეორგანიზაციის გაატარება იმავე ხარჯებით იქნებოდა შესაძლებელი, როგორითაც დღეს. ასეთ პროგნოზს აკეთებენ ამერიკელი სპეციალისტები სტენფორდისა და კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტიდან. მათ ჟურნალ "Energy Policy"-ში წარმოადგინეს გლობალური ენერგომომარაგების სცენარი, რომელიც მხოლოდ ენერგიის განახლებად წყაროებს ემყარება.

„ამ გზაზე დაბრკოლებები პირველ რიგში სოციალური და პოლიტიკური ხასიათისაა და არ არის ტექნიკური ან ეკონომიკური მიზეზებით გამოწვეული“, - წერენ მარკ ჯეკობსონი და მარკ დელუკი. მათ გამოკვლევაში გათვალისწინებულია სახალხო მეურნეობის ფართო ასპექტები.

უახლოეს 20 წელში მზისა და ქარისგან მიღებული ენერგიით შესაძლებელი იქნება ენერგიაზე დედამიწის მოთხოვნილების 90 პროცენტით დაკმაყოფილება. დარჩენილი ათი პროცენტის ამოვსება იოლად იქნებოდა შესაძლებელი გეოთერმული სადგურებით, წყლის მიქცევა-მოქცევაზე მომუშავე სადგურებით და დიდი ჰიდროელექტროსადგურებით.

მეცნიერები ეწინააღმდეგებიან ბიოლოგიური საწვავი საშუალებების გამოყენებას, რომლებიც საკვებ კულტურებს უწევს კონკურენციას. ამის სანაცვლოდ შეიძლებოდა მილიონობით ელექტრონული ავტომობილის მომარაგება ენერგიით ელექტროქსელიდან. მათი თქმით, ენერგომატარებლად შესაძლებელია წყალბადის გამოყენებაც.

ჯეკობსონი და დელუკი ასეთი ოპტიმისტური სცენარისთვის საფუძველს პოულობენ არსებული ელექტროსადგურების ტექნოლოგიების ანალიზით, კლიმატური ცვლილებების ეკონომიკური ეფექტის დაანგარიშებით, ენერგიისა და მასალების დღეს არსებული რესურსების შესახებ ანგარიშების შესწავლით. დაიანგარიშეს სამომავლო ელექტროსადგურებისთვის საჭირო ფართობიც. ის დედამიწის მთელი ხმელეთის მხოლოდ ერთი პროცენტი იქნებოდა.

ავტორებს გაცნობიერებული აქვთ, რა ძალისხმევასთან არის დაკავშირებული ენერგომომარაგების ეს გიგანტური, მაგრამ გამართლებული გარდაქმნა. „მაგრამ ენერგეტიკის სექტორის სრული გარდაქმნა არ იქნებოდა ამ მასშტაბის პირველი პროექტი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ან მსოფლიოში განხორციელებულა“, - ხაზგასმით ამბობენ მეცნიერები. ისინი პარალელებს ავლებენ კოსმოსურ პროექტ „აპოლონთან“ და 50-იან წლებში ამერიკაში კონცენტრირებული ავტოსტრადების ქსელის მშენებლობასთან.

მაგრამ ამ სცენარის განსახორციელებლად მხოლოდ ამერიკული ინიციატივა არ კმარა. მისთვის აუცილებელია გლობალური მასშტაბის დაგეგმილი და კოორდინირებული მოქმედება. მიუხედავად ასეთი სირთულეებისა, ამ - ცოდნის დღევანდელი დონის გათვალისწინებით - ჯერჯერობით უტოპიური ენერგომომარაგების ხარჯებისა და შედეგების სერიოზულ გამოკვლევას უნარი შესწევს, პრინციპული გავლენა მოახდინოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.