სასულეების ფიზიოლოგიური პრობლემები

აჰა, ისევ ეს სასულეები...

არ ყოფილა შემთხვევა, სიმფონიური ორკესტრის კონცერტს დავსწრებოდე თბილისში და სასულეებს "ყიყლიყოები" არ გაეშვათ!
რა გითხრათ, ეტყობა ჰავაა აქ ასეთი... აბა, უცხოეთში ("გუამის" ქვეყნებს არ ვგულისხმობ, ევროკავშირზე მოგახსენებთ) - თუკი სადმე რამე კონცერტი მომისმენია, "ყიყლიყოებს" არსად შევუწუხებივარ - საყვირებიცა და ვალტორნებიც ისევე მშვიდად უკრავენ, როგორც დანარჩენი ინსტრუმენტები... ეს ჩვენი სასულეები კი ვინ დაწყევლა ასე, არ ვიცი.

არ მახსოვს, საბჭოურ დროსაც იმავეს კადრულობდნენ თუ არა, მაგრამ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან კონცერტი არ ყოფილა, სადაც რამდენიმე ღონივრად აჭყვიტინებული "ყიყლიყო" არ გაჟღერებულიყო...

ყიოდნენ ბეთჰოვენში, ვაგნერში ("ლოენგრინის" III მოქმედების შესავლის შესრულების დროს), ჩაიკოვსკიში (IV სიმფონიაში, მაგალითად), ვერდიში და წმინდათა წმინდა "აბესალომშიც" კი. ვერდი მთლად გატანჯული იყო ამ მხრივ. განსაკუთრებით - "აიდა". უკვე ტრადიციად იყო ქცეული ცნობილი მარშის დროს რამდენიმე "ყიყლიყოს" გაპარვა. ისეთ ბუნებრივ ნაწილად იყო ქცეული ეს "ყიყლიყოები", რომ, შესაძლოა, ეჭვიც გაგჩენოდა, თავად ვერდიმ ხომ არ ჩაწერა პარტიტურაშიო.

ეს მარში უშეცდომოდ პირველად გასული წლის ოქტომბერში მოვისმინე - ჯან-ლუკა მარჩიანოს შესრულებით, თუმცა ამავე დირიჟორს სასულეებმა, ფაქტობრივად, სრულად ჩაუგდეს ბეთჰოვენის VII სიმფონია რამდენიმე დღის წინ: ვალტორნისტმა თავი გამოიდო, ფრთების გაშლა არ აცალა არც ორკესტრს და არც დირიჟორს - დიდი ენთუზიაზმით "აფუჭა და აფუჭა ჰაერი", "აბოყინა", სურდოიანივით იხვიხვინა და სულ გაბუტულ-ხმაურიანი პრუწუნ-პრუწუნით ჩაამთავრა სიმფონია. ერთი სიტყვით, განკითხვის დღე მოგვიწყო მსმენელებს. დირიჟორსაც სულ მთლად გაუქრა ენთუზიაზმი - თავიდან შემართებით იყო, მაგრამ მერე, როცა ვალტორნას აღარაფერი ეშველა ("ყივილს" შეჭირვებული "სლოკინი" მოჰყვებოდა, "სლოკინს" კი აპოკალიპტური მხეცის "ღრუტუნი"), ნაწყენმა და ნირწამხდარმა განაგრძო ხელების ქნევა.

ვალტორნისტი ისე აქტიურობდა, ხალხმა თქვა, ფული ხომ არ გადაუხადეს, სპეციალურად ხომ არ შვრებოდაო... პირდაპირ შეიძლება ითქვას, ბრწყინვალე დირიჟორსა და კარგ მუსიკოსებს ვალტორნისტმა პირწმინდად "ჩაუქაქა" (სულხან-საბას სიტყვაა, ჩემი არ გეგონოთ) კონცერტში...

ვერც 27 იანვარი, მოცარტის დაბადების დღე აღინიშნა ღირსეულად: თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა მისი "სიმფონია იუპიტერი" შეასრულა, მაგრამ ისე, თითქოს პატრიარქის "ავე-მარიას" ან "შტირლიცის" საუნდტრეკს უკრავდა. ასეთი "მძინარე", მონოტონური და "დაბერებული" მოცარტი არასდროს მომისმენია.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - ამ შესანიშნავი კოლექტივის, თბილისის სიმფონიური ორკესტრის "ოქროს ხანა" ჯანსუღ კახიძის გარდაცვალებასთან ერთად დასრულდა. ოდესღაც შესანიშნავ ორკესტრს ხილული დეგრადაციის ნიშნები დაეტყო. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 27 იანვარს ახალგაზრდა და მეტად ნიჭიერი კომპოზიტორის დაბადების მოწმენიც გავხდით - შესრულდა ანა კახიძის უაღრესად საინტერესო ოპუსი, რომელმაც საგრძნობლად გამოაცოცხლა დარბაზში მთვლემარე მსმენელი.

აწ კი ჩვენ გამოვცოცხლდეთ - მოვისმინოთ ფრაგმენტი იუბილარი მოცარტის ერთ-ერთი პატარა კონცერტიდან... და შურით გავსკდეთ, რადგან აქ მართლაც გენიალურად უკრავს ფიზიოლოგიური ვნებებისგან გათავისუფლებული გერდ ზაიფერტი.