იემენის პრეზიდენტმა, ალი აბდულა სალეჰმა განაცხადა, რომ არ აპირებს მომავალ, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. პარლამენტში დღევანდელი გამოსვლისას მან თქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც მას სამუდამო პრეზიდენტობის უფლებას მისცემდა, უკან გაიტანს. სალეჰმა, რომელიც ალ ყაიდასთან ბრძოლაში აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა, თქვა ასევე, რომ ის არ შეეცდება თავისი ვაჟი გაიყვანოს პრეზიდენტად, რასაც მას ოპონენტები აბრალებდნენ. „უარი მემკვიდრეობით მართვას, უარი სამუდამო პრეზიდენტობას“, განაცხადა სალეჰმა, რომელიც იემენს მართავს 1978 წლიდან. მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანა იემენში, ოპოზიცია ხვალისთვის გეგმავდა ფართომასშტაბიან გამოსვლას, რომელზეც სალეჰის გადადგომის მოთხოვნას აპირებდა.