სწავლა პრეზიდენტობამდე

გელა ბეჟუაშვილი, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ორწლიანი უხმაურო საქმიანობის შემდეგ, საზღვარგარეთულ მივლინებაში გაემგზავრა. ამის მიზეზი არც საქართველოს საელჩოებისა და საზღვარგარეთული მისიების ინსპექტირებაა, არც საგარეო დაზვერვის ქსლის გაშლა და, მით უფრო, არც თანამდებობიდან გადადგომა, როგორც ამას ბოროტი ხმები ამტკიცებენ. საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის თანახმად, გელა ბეჟუაშვილი „კვალიფიკაციის ასამაღლებლად შეერთებულ შტატებში გაემგზავრა“ და თვენახევრის შემდეგ, „უკან დაბრუნებული, კვლავ გააგრძელებს მუშაობას“.

ოფიციალურად არ თქმულა, მაგრამ თუ გელა ბეჟუაშვილის ბიოგრაფიას ჩავხედავთ, ეს სასწავლებელი უნდა იყოს ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სახელმწიფო მოხელეთა სკოლა, რომელიც ბეჟუაშვილმა ბოლომდე ვერ მიიყვანა 2003 წლის ნოემბრის „ვარდების რევოლუციის“ გამო. შევარდნაძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ სასწავლო მივლინებაში მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ყოფილმა თანაკურსელმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში გამოიძახა და თავდაცვის მინისტრის პოსტი შესთავაზა.

პირველი სამოქალაქო თავდაცვის მინისტრი კი გახდა, მაგრამ ბეჟუაშვილმა სამხედრო უწყების ხელმძღვანელის პოსტზე სულ რამდენიმე თვე დაყო. პირადად მიმუშავია რა მის გვერდით, თავს უფლებას მივცემ ვთქვა, რომ იგი საკმაოდ დიპლომატიური იყო იმისათვის, რომ თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობიდან ერთი ხელის მოსმით გაეთავისუფლებინა ძველი კადრები, განურჩევლად მათი კვალიფიკაციისა და დამსახურებისა. ბეჟუაშვილი არასოდეს მისცემდა თავს უფლებას ჯიპით უკან გამოჰკიდებოდა საწოლიდან განგაშზე წამოყრილ ჯარისკაცებს, სამწყობრო პლაცზე დაემცირებინა ხელქვეითი, მტრებად გამოეცხადებინა ჟურნალისტები და "აეჭედა" თავდაცვის სამინისტროს კარები.

მაგრამ ეს დიპლომატიურობა ყოველთვის არ იყო მაღალი სინჯისა. ყველას მწარედ ახსოვს ვლადიმირ პუტინის ჟესტი, როდესაც მან ოფიციალურ შეხვედრაზე ხელით მოიხმო თავისთან და ყურში რაღაც უჩურჩულა მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს. გელა ბეჟუაშვილმა მაშინ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა - საკუთარი პრეზიდენტის ამალისგან გამოყოფა და სხვა ქვეყნის პრეზიდენტისათვის ყურის მიშვერა პუტინისადმი ხაზგასმულ პატივისცემას ნიშნავდა.

მაგრამ მაშინ სააკაშვილიც ძალიან კეთილგანწყობლი იყო რუსეთის პრეზიდენტის მიმართ და ამიტომ არ შეუმჩნევია სტუდენტობის დროინდელი მეგობრის ასეთი „უნებლიე" შეცდომა. თუმცა გელა ბეჟუაშვილის დიპლომატიურობა და თავშეკავებული კომენტარები ყველაზე ნერვიულ და სტრესულ ვითარებაშიც კი, სააკაშვილის სხვა მინისტრებისგან განსხვავებული არააგრესიული რიტორიკა და ოპონენტების არგუმენტების მოსმენის უნარი ნოყიერ ნიადაგს ტოვებდა სპეკულაციებისათვის. ამას ემატებოდა მისი დაუსრულებელი გადაყვანა თავდაცვის სამინისტროდან უშიშროების საბჭოში, უშიშროების საბჭოდან საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩიტაძის ქუჩიდან საგარეო დაზვერვის სამსახურში და, ბოლოს კი, „კვალიფიკაციის ასამაღლებლად“ სასწავლო მივლინებით გაშვება შეერთებულ შტატებში.

ეჭვი არ მეპარება ჰარვარდის სკოლის ავტორიტეტსა და საგანმანათლებლო დიაპაზონში, მაგრამ სახელმწიფოსათვის დიდი ფუფუნებაა, რომ საგარეო საფრთხეების არსებობის პირობებში სახელმწიფო მართვის საფუძვლების შესასწავლად თუნდაც თვენახევრით მოსწყვიტო მნიშვნელოვან საქმიანობას საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი, რომელიც მანამდე თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობდა.

ერთიცაა, კვალიფიკაციის ასამაღლებლად წასული მინისტრი საქართველოში ბევრი გვინახავს, მაგრამ უკან თანამდებობაზე დაბრუნებული - არავინ.