ქართული პრესის მიმოხილვა, 1 თებერვალი 2011

მიმოხილვას „რეზონანსით“ დავიწყებთ, რომელიც დღეს გვამცნობს, საბავშვო ბაღებში გადასახადებს ჯერ არ შემოიღებენო. გაზეთის ცნობით, საკრებულოს სხდომაზე, სანამ დეპუტატები წარმოდგენილი საკითხების განხილვასა და კენჭისყრაზე გავიდოდნენ, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილმა ტრიბუნა ოპოზიციონერ დეპუტატებს დაუთმო - თინა ხიდაშელმა დეპუტატებს სთხოვა, ბაგა-ბაღების საკითხი დაეყენებინათ. ბაგა-ბაღებში გადასახადების შემოღების საკითხის განხილვა საკრებულომ თებერვლამდე გადადო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე გადასახადის დაწესება არ მოხდებაო. თუმცა - ეს მხოლოდ ამ ეტაპზე. „რეზონანსი“ წერს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია ამბობს, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში გადასახადის შემოღება მხოლოდ დროებით გადაიდოო.

”ახალი თაობა” დღეს რამდენიმე ინტერვიუს აქვეყნებს, მათ შორის - ქრისტიან-დემოკრატ ინგა გრიგოლიასთან. ინტერვიუს სათაურია ”ხელისუფლებას პირობას ვაძლევ, რომ ხალხი ქუჩაში გამოვა”, თუმცა თავად ინტერვიუში ეს ფრაზა ცოტა სხვა კონტექსტში ჟღერს: ინგა გრიგოლია ამბობს, ღმერთმა დაგვიფაროს სამოქალაქო დაპირისპირებისგან, მაგრამ, თუ ხელისუფლებამ ეკონომიკას არ მიხედა და ანტიკრიზისული პროგრამა არ მიიღო, მაშინ დაიწყება გამოსვლებიო.

”ახალ თაობაში“ დღეს ასევე წაიკითხავთ ინტერვიუს ვახტანგ რჩეულიშვილთან, რომელსაც გაზეთი პოლიტოლოგად მოიხსენიებს და ინტერვიუს თან ურთავს რჩეულიშვილის ფოტოს - მას ხელში ხატი უჭირავს და ისე შესცქერის კამერას. ”პრორუსული ორიენტაცია საქართველოში ვერ გაიმარჯვებს” - ასეთია ინტერვიუს სათაური, სადაც რჩეულიშვილი ამბობს, „არა მგონია ოპოზიციის წარმომადგენლებს სააკაშვილზე უკეთ რუსეთთან ურთიერთობა გამოუვიდეთ. თანაც ამისთვის, როგორც მინიმუმ სააკაშვილის ადგილი უნდა დაიკავონ, რასაც ისინი ვერ შეძლებენო”.

”ალია” დღეს აგრძელებს ეპოპეას ბადრი პატარკაციშვილის მიერ ოპოზიციის დაფინანსებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ აქვეყნებს ინტერვიუს პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილ პრესმდივანთან, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში თითქმის ყოველ ნომერში ხდება. ამჯერად ელისო კილაძე ახალ ადამიანებს ასახელებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, ჩართულნი იყვნენ ამ ფულის მიტაცება-გადანაწილებაში - ვინმე ანატოლი მოტკინს და რატი შარტავას, რომელიც კახა შარტავას ძმისშვილია და, კილაძის მტკიცებით, რეგიონებში გაბნეული ფულის მოძიება ევალებოდა.

ასევე, „ალიაში“ წაიკითხავთ ინტერვიუს ლალი მოროშკინასთან, რომელიც ამბობს, ახალ წიგნზე ვმუშაობ, რომელიც იქნება ერთგვარ კონსპირაციაზე, რეალურ ფაქტებზე იქნება აგებული და გამოააშკარავებს ფართო პუბლიკისთვის მალულ საფრთხესო. აი, ციტატა ინტერვიუდან: ”ლესბოსელები და გეები არიან წამყვან პოზიციებზე შოუბიზნესსა და ტელევიზიებში. ამ ადამიანების ხელშია დიდი ბერკეტები, რომლებსაც მერე, რა თქმა უნდა, საზიანოდ გამოიყენებენ, თუკი მათ შეთავაზებას არ დათანხმდები...”