ეგვიპტის პოლიციამ რამდენიმე ქალაქში მიმართა ზომებს დემონსტრანტების დასაშლელად, პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციების ზედიზედ მესამე დღეს. ამ დაძაბულობის ფონზე, ეგვიპტეში ჩავიდა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი მოჰამედ ელ ბარადეი, ოპოზიციის მხარდასაჭერად. ბარადეი, რომელიც ვენიდან ჩავიდა სამშობლოში, აცხადებს, რომ მზად არის, გაუძღვეს გარდაქმნის პროცესს ეგვიპტეში. გავრცელებული ინფორმაციით, უშიშროების ძალებმა ერთ-ერთი დემონსტრანტი მოკლეს ჩრდილოეთ ეგვიპტეში მდებარე სინაის რეგიონში, რის შედეგადაც ხუთამდე გაიზარდა ეგვიპტეში ბოლო დღეების საპროტესტო გამოსვლების დროს დაღუპულთა რიცხვი. დემონსტრანტები, დემოკრატიზაციის მოთხოვნასთან ერთად, პროტესტს გამოთქვამენ სურსათის გაძვირების გამო.