საფრანგეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია

თბილისში მოკლეს საფრანგეთის მოქალაქე სტეფან კოენი. მისი ცხედარი გამთენიისას აღმოაჩინეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტის" ერთ-ერთ ნომერში. წინასწარი ინფორმაციით, სამართალდამცავებისთვის, რომლებიც საქმეს მკვლელობის მუხლით იძიებენ, ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია. სტეფან კოენი, რომელიც ფრანგული კომპანია "სიტრას" თანამშრომელი იყო, თბილისის მერიასთან ერთად მუშაობდა სატრანსპორტო მარშრუტების რეგულაციის პროექტზე. საფრანგეთის მოქალაქის მკვლელობის გამო "ქორთიარდ მარიოტის" დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ სამწუხარო ინციდენტი მოხდა სასტუმროს სტუმარსა და მის პირად სტუმარს შორის. ამავე სამსახურის განმარტებით, შინაგანაწესის მიხედვით, თავად სტუმრის ნებართვის გარეშე მის ოთახში უცხო პირი ვერ მოხვდებოდა. არსებული ინფორმაციით, სტეფან კოენის მკვლელმა სასტუმროს შენობა არა გასასვლელიდან, არამედ ვერანდიდან დატოვა. თბილისში მოკლული საფრანგეთის მოქალაქის ცხედარი ამჟამად პროზექტურაშია.