რუსეთი დომოდედოვოს ტერაქტის შემდეგ

რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში, ორშაბათს მომხდარი სისხლიანი ტერაქტის გამო უსაფრთხოების არასაკმარის ზომებზე ილაპარაკა და პირობა დადო, რომ ტერაქტის მომწყობებს გამოავლენენ და დასჯიან.

რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, პირობა დადო, რომ მოსკოვის ყველაზე დატვირთულ აეროპორტში - დომოდედოვოში - ორშაბათს მომხდარი ტერაქტის ჩამდენი პირები აუცილებლად დაისჯებიან. აფეთქებას, სულ მცირე, 35 კაცი ემსხვერპლა. დაჭრილია 150-ზე მეტი ადამიანი.

მედვედევმა ეს განცხადება ემოციურ სატელევიზიო გამოსვლაში გააკეთა, დაღუპულთა პატივსაცემად წუთიერი დუმილის დაცვის შემდეგ: „ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ამ დანაშაულის ჩამდენი ბანდიტები გამოვლინდნენ, გამოაშკარავდნენ და სასამართლოს წინაშე წარდგნენ. ამ ბანდიტების ბუდეები, რაც უნდა ეწოდებოდეთ მათ, უნდა განადგურებულ იქნეს. ვინც წინააღმდეგობას გაგვიწევს, - ასეთ დროს თავის შესაკავებელი არაფერია, - ის ადგილზე უნდა იქნეს განადგურებული“, - განაცხადა მან.

მკაცრი გამოსვლა ჰქონდა რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინსაც: „ეჭვი არ მეპარება, რომ დანაშაული გაიხსნება და რომ შურისძიება გარდაუვალიაო.“

პრეზიდენტმა მედვედევმა კრიტიკა არ დაიშურა დომოდედოვოს აეროპორტის მენეჯერების მიმართ.
მისი თქმით, ორშაბათს, 24 იანვარს, თვითმკვლელ მოიერიშეს უსაფრთხოების ზომების ნაკლოვანებამ მისცა იმის საშუალება, რომ ხალხით სავსე დარბაზში შესულიყო და აფეთქება მოეხდინა.

როგორც მედვედევმა ჟურნალისტებს ორშაბათსვე განუცხადა, პასუხს აეროპორტის მენეჯმენტსაც მოსთხოვენ:
„რაც მოხდა, გვიჩვენებს, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში აშკარა დარღვევები იყო. ასაფეთქებელი ნივთიერების ასეთი რაოდენობის მიტანას თუ შეტანას მიზანმიმართული მცდელობა სჭირდება. ამის გამო პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვისაც კი რაიმე შეხება აქვს - იმ კომპანიებმაც, ვინც იქ გადაწყვეტილებას იღებს და საკუთრივ აეროპორტის მენეჯმენტმაც“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მედვედევის თქმით, რუსეთის მთავრობამ აეროპორტებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრება დაავალა მას შემდეგ, რაც 2004 წელს თვითმკვლელმა მოიერიშეებმა დომოდედოვოში ასაფეთქებელი ნივთიერებების შეტანა მოახერხეს და თვითმფრინავის ბილეთები უკანონოდ შეიძინეს აეროპორტის თანამშრომლებისგან. შემდეგ მათ ორი თვითმფრინავი ჰაერში ააფეთქეს, რასაც 90 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.

თუმცა დომოდედოვოს მენეჯმენტი კრიტიკას უარყოფს - ისინი აცხადებენ, რომ საკუთრივ აეროპორტში მოქმედი უსაფრთხოების ზომები ყველა მოთხოვნას პასუხობს. მათი თქმით, მოსაცდელ დარბაზში შესული ხალხის შემოწმება რუსეთის სატრანსპორტო პოლიციის პასუხისმგებლობაში შედის.

მაგრამ უსაფრთხოების ექსპერტების დიდი ნაწილიც აეროპორტში უსაფრთხოების არასაკმარის ზომებზე საუბრობს. აქვე აღვნიშნავთ, რომ მოსკოვის სამ აეროპორტს შორის დომოდედოვო ყველაზე მეტად არის დატვირთული - შარშან იქ 22 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიარა.

სემიონ ბარუ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის იმ ინსტიტუტში მუშაობს, რომელიც აეროპორტებისთვის რენტგენით აღჭურვილ უსაფრთხოების დეტექტორებს უშვებს. მისი თქმით, ერთი ასეთი დეტექტორი დომოდედოვოს წარმომადგენლებმაც შეიძინეს, თუმცა შემდეგ განაცხადეს, რომ ის საშიშ რადიაციას ასხივებდა და გამორთეს. ამდენად, ბარუს თქმით, აეროპორტის შესასვლელში ახლა მოქმედი შემოწმება მხოლოდ ფორმალობაა. „მეტალის დეტექტორები, რომლებშიც აეროპორტში შესულმა პირებმა უნდა გაიარონ, - და ისიც არა ყოველთვის, - მხოლოდ მეტალებს ცნობენ. შაჰიდის ქამრებში, რომლებიც ასაფეთქებელ ნივთიერებებს კილოგრამობით შეიძლება შეიცავდეს, მეტალი არ არის“, - ამბობს მეცნიერი.

ასეა თუ ისე, ზოგიერთი ექსპერტი მიუთითებს, რომ ტერორისტული აქტებისგან 100 პროცენტით დაცული მსოფლიოს არც ერთი აეროპორტი არ არის, და აცხადებს, რომ პასუხისმგებლობის ყველაზე დიდი წილი რუსეთის უშიშროებას უნდა დაეკისროს, რადგან მან ვერ შეძლო აღეკვეთა თავდასხმა ისეთ მნიშვნელოვან ობიექტზე, როგორიც დომოდედოვოს აეროპორტია.

ორშაბათის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია, თუმცა ეჭვი უკვე მიიტანეს ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედ ისლამისტ ექსტრემისტებზე.

გამომძიებელთა განცხადებით, რომელიც რუსეთის მედიამ გაავრცელა, აფეთქება დაახლოებით 30 წლის კაცმა მოახდინა. სხვა წყაროებით გავრცელებული ცნობებით, აფეთქებაში თვითმკვლელი ქალი მონაწილეობდა, მამაკაცთან ერთად.

ჩრდილოკავკასიელმა მეამბოხეებმა რუსეთში მომხდარ რამდენიმე თავდასხმაზე აიღეს პასუხისმგებლობა წარსულში. მათ შორის ყველაზე სისხლიანი 2004 წელს მოხდა, ბესლანის სკოლაში. თავდასხმას 330-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. დაღუპულთა დიდ ნაწილს ბავშვები შეადგენდნენ.

გასული წლის მარტში ორმა დაღესტნელმა თვითმკვლელმა მოიერიშე ქალმა მოსკოვის მეტროში 40 ადამიანი იმსხვერპლა.

თუ ორშაბათს დომოდედოვოში მომხდარი აფეთქებაც ჩრდილოკავკასიელი მეამბოხეების მოწყობილია, სამიზნედ დომოდედოვოს საერთაშორისო აეროპორტის ამორჩევა შესაძლოა ახალი სტრატეგიის ნიშანი იყოს - რომ ახლა უკვე სამიზნეებს ის ადგილებიც წარმოადგენს, სადაც უცხოეთის მოქალაქეები იმყოფებიან.

ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 8 უცხოელია - ორი ბრიტანელი, ერთი გერმანელი და ბულგარეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და უკრაინის მოქალაქეები.

თუმცა ზოგიერთი ექსპერტი აფეთქების მომწყობთა შესახებ ნაადრევი დასკვნების გამოტანის საფრთხეზე საუბრობს.

მათ შორის არის ჩეჩენი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი რუსლან მარტაგოვი, რომელიც უწინ მოსკოვში განთავსებულ ანტიტერორისტულ ფონდში მუშაობდა. „ჯერჯერობით თავს შევიკავებდი კავკასიურ ან რომელიმე სხვა კვალზე ლაპარაკისგან. ჯერ გამოძიება უნდა ჩატარდეს. თუმცა ერთ რამეს მაინც ვიტყოდი - რომ რუსეთის პოლიტიკური ხელისუფლებისთვის კავკასია ერთგვარად ხელსაყრელ ფაქტორად იქცა“, - ამბობს მარტაგოვი და დასძენს: „არჩევნები ახლოვდება, სოციო-ეკონომიკური ვითარება კი სულ უფრო უარესდება. ასეთ დროს ყოველთვის ხდება ხოლმე აფეთქებები და დაბომბვები. ყოველთვის გვეუბნებიან, რომ კვალს კავკასიასთან მივყავართ. საბოლოო ჯამში კი, ყოველივე ეს ე.წ. ძალაუფლების ვერტიკალის კონსოლიდაციას იწვევს.“

ერთი რამ ფაქტია: თავდასხმამ ეჭვქვეშ დააყენა რუსეთის შესაძლებლობა, უსაფრთხოება უზრუნველყოს მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებებზე - მაგალითად, ჩრდილო კავკასიის მეზობლად, სოჭში დანიშნულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 2014 წელს, ან კიდევ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე 2018 წელს.

ამასთან, ძალადობამ შესაძლოა რუსეთში უცხოური ინვესტიციების შესვლასაც ავნოს.