ქართული პრესის მიმოხილვა, 14 იანვარი 2011

მიმოხილვას დავიწყებთ ”ვერსიით”, რომელიც დღეს განაგრძობს იმის გაშუქებას, თუ როგორ არკვევენ ერთმანეთში ურთიერთობებს ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლები, და აქვეყნებს ინტერვიუს ნონა გაფრინდაშვილთან, რომელიც ბოლოდროინდელ დაპირისპირებაში ნინო ბურჯანაძის როლზე ლაპარაკობს. ” მე არც საქმეს ვარჩევ, არც ვინმეს ადვოკატი ვარ, მაგრამ ბურჯანაძე არც ერთ პარტიასთან არაა ‘ჩაჭრილი’ “ , - უთხრა ნონა გაფრინდაშვილმა ”ვერსიას” და მკითხველს მოვლენების განვითარების თავისი ხედვაც გააცნო: "ბურჯანაძის ადგილას რომ ვიყო, ამდენ ბინძურ ბრალდებას ვერ გავუძლებდი. ალბათ, ბადრი ბიწაძემ ამ თემაზე ლაპარაკი ახლა იმიტომ წამოიწყო, რომ მისი ცოლის მისამართით ამდენი ტალახის სროლა ვერ აიტანა. ბევრი ფიქრობს, რომ ძალიანაც კარგი საქმე გაკეთდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჯობდა, ეს ამბავი ახლა არ ამტყდარიყო, საამისოდ დრო სწორად არ იყო შერჩეულიო”.

ოპოზიციის მეორე ნაწილზე კი, ეგრეთ წოდებულ ”რვიანზე”, დღეს „რეზონანსი“ წერს და განიხილავს ცვლილებებს, რომლის შეტანასაც მოითხოვენ ეს პარტიები საარჩევნო კანონმდებლობაში. "იანვრის ბოლოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფი მუშაობის მეორე ეტაპს იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით უკვე დებატები გაიმართება და მოხდება პოზიციების შეჯერება.” გაზეთი განვლილ სამუშაოსაც განიხილავს: ”ამ საკითხებთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე ოპოზიციური პარტიების მხრიდან წარდგენილი იქნა პრეზენტაციები. ხელისუფლებას კი პრეზენტაცია არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ წარუდგენია. ძნელი სათქმელია, ხელისუფლების ასეთი ინერტულობა ნიშნავს თუ არა იმას, რომ არაფრის შეცვლას არ გეგმავენ. მაგრამ ოპოზიცია იმედოვნებს, რომ დასახელებული საკითხების ახლებური რეგულირება საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით იქნება შესაძლებელი.”

სტატიას, რომელსაც ”რეზონანსში” წაიკითხავთ, ჰქვია ”მაჟორიტარების არჩევის სისტემა შეიძლება შეიცვალოს”.

”რეზონანსშივე” წაიკითხავთ პუბლიკაციას რუსული და ქართული ეკლესიების ურთიერთობაზე. გაზეთი რუსი მღვდლის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, ბიჭვინთაში მოსკოვის საპატრიარქო საკულტო ნაგეგობათა კომპლექსს აშენებსო. ”რეზონანსს” მოჰყავს საქართველოს საპატრიარქოს პასუხიც, რომ მათთვის მთავარია არა კონკრეტული მღვდლების გამონათქვამები, არამედ რუსეთის ეკლესიის ოფიციალური განცხადება, რომელიც არ გაკეთებულა”. გაზეთი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ რუსეთის საპატრიარქო ილია მეორეს მილოცვებს ჯერაც ძველი ტიტულით უგზავნის, ანუ პატრიარქ კირილის გზავნილებში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი არ არის მოხსენიებული ბიჭვინთის და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად. ამ სტატიის სათაურია ”რუსული ეკლესიის დემარში” და მას ”რეზონანსში” წაიკითხავთ.