შოთა გაგარინს
გზად მექსიკისკენ, პარიზის აეროპორტში, ქართულ ბულვარულ პრესას ფრანგული კინოჟურნალები დავუმატე. „კაიე“, „პრემიერი“, „სტუდიო“, „ტელერამა“ - ყველა შარშანდელ კინოსეზონს მიმოიხილავს და წლის საუკეთესო ფილმებს ასახელებს. ყველა გამოკითხვაში ფიგურირებს „ჩემი“ ფილმი: ლი ჩან დონის „პოეზია“ - კორეული კინოს შედევრი, რომელიც „წითელ ზონაში“ ვუჩვენეთ. იმ გადაცემაში ემპათიაზე ვისაუბრეთ, თუმცა „პოეზია“ უფრო მეტია, ვიდრე ემპათიის თემაზე გადაღებული დრამა. და ამაში სწორედ აქ, მექსიკაში, დავრწმუნდი.
კი, ლი ჩან დონმა „ჩემი“ ფილმი გადაიღო; ასეთი კინო - ძალიან ნელი, ზომიერი, სენტიმენტალურის ზღვარზე. ძალიან ჩუმი კინო ყოველთვის მხიბლავდა. ჩემთვის კორეელი რეჟისორის ჰიპერრეალიზმი მით უმეტეს ახლობელია დღეს, როცა ვეღარ დავადგი საშველი წიგნს ერიკ რომერზე - კაცზე, რომელმაც ლი ჩან დონის არ იყოს, უამბიციურესი მიზანი დაისახა: გადაწყვიტა ყურება, ხედვა, დანახვა ესწავლებინა მაყურებლისათვის. თუ კინოკამერას, კინოთვალს უფრო მეტის დანახვა შეუძლია, ვიდრე ჩვეულებრივ თვალს, თუ ეს „ბლოუ-აპი“ კინოს პრინციპია, რატომ არ შეიძლება გამოვიყენოთ კამერა, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც ახლებურად დაგვანახებს სამყაროს? დაგვანახებს და დაშლილი, დანაწევრებული რეალობის გამთლიანებაზე დაგვაფიქრებს. სწორედ ამას ეუბნებიან „პოეზიის“ გმირს, 66 წლის „დემოდე“, კოპწია ქალბატონს, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს: „ლექსის დაწერა ყველას შეუძლია. მთავარია, ახლებურად ისწავლო ხედვა: დაინახო ის, რასაც უმრავლესობა ვერ ხედავს; ახლებურად შეხედო თუნდაც ვაშლს და აღმოაჩინო, რომ ის, რაც არაერთხელ გინახავს, სრულიად სხვანაირი ყოფილა.“
სურათის გმირი მართლაც იწყებს „დანახვის ვარჯიშს“ - ყურს უგდებს ფოთლების შრიალს და აკვირდება ნამიან ბალახს. სილამაზეს ეძებს, მაგრამ რეალობა მას სიმახინჯით უპასუხებს - აღმოჩნდება, რომ შვილიშვილი, რომელსაც ზრდის, თანაკლასელი გოგონას ჯგუფურ გაუპატიურებაში მონაწილეობდა. გოგონამ თავი დაიხრჩო. ისევ დაიბადა კითხვა, რომელიც აი, უკვე რამდენი წელია კითხვად რჩება ამ სამყაროში: რამდენად აქვს აზრი ლექსების წერას ოსვენციმის შემდეგ? როგორ შეიძლება სილამაზით ტკბობა მაშინ, როცა სოციალურმა კატასტროფამ და ძალადობის ვნებამ ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა? „რას ნიშნავს, გადაიღო ფილმები იმ დროს, როცა კინოხელოვნება კვდება? მუდმივად ვეკითხები ჩემს თავს. ვერ ვპასუხობ და ისევ ვიწყებ ახალი ფილმის გადაღებას“ - აღნიშნა ლი ჩან დონმა გასულ ზაფხულს, ერევნის კინოფესტივალზე სტუმრობისას.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ (ოსვენციმის შემდეგ) ასეთივე კითხვა დაუსვა საკუთარ თავს რობერტო როსელინიმ. მერე კი თავისი შედევრები გადაიღო, მათ შორის „ევროპა 51“ - ამბავი ქალზე, რომელიც ერთადერთი შვილის თვითმკვლელობის შემდეგ ქველმოქმედებას იწყებს - ღარიბ-ღატაკთა უბანში გადასახლდება და მთელ ქონებას მათ ახარჯავს. ეს იყო რობერტო როსელინის, მემარცხენულ-კათოლიკური გზავნილი პირველ რიგში ევროპის ინტელიგენციის მისამართით: „გამოდით თქვენი უჰაერო კაბინეტებიდან, აღარ დაგღალათ ამ ‘ელიტიზმმა’? გვერდში ამოუდექით ხალხს!“
მარადიული კითხვაა. მარადიული მოწოდება. ერთი მხრივ, სინდისის ქენჯნას რომ უმძაფრებს ხოლმე „მწიგნობრებს“ და „ფარისევლებს“ და მეორე მხრივ, ათასი რჯულის უსაქმურის, შურიანის, არასრულფასოვნების სენით შეპყრობილ ნეობოლშევიკთა ცხოვრების წესს რომ განსაზღვრავს. „პოეზიაში“ იყო საფრთხე, კორეელი რეჟისორი უკვე მრავალჯერ გადათელილ ამ გზას დასდგომოდა. მაგრამ ლი ჩან დონმა, თანამედროვე კინოს ამ „ბუდამ“, უარი თქვა პუბლიცისტურ-სოციოლოგიურ კინოზე - ქალი შეიტყობს შვილიშვილის დანაშაულს, მაგრამ სიტყვებისა და სახეების სასოწარკვეთილი ძიების პროცესი (ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, „მედიტაცია“) კვლავაც გრძელდება - არავითარი მორალიზმი, არავითარი ურთიერთობის გარკვევა ბავშვთან და, რაც მთავარია, არავითარი თვითგვემა!
ამიტომაც თავისუფლდება ნელ-ნელა ამაოების სიმძიმისგან და ადვილად ტოვებს არა მარტო „ელიტურ სამყოფელს“, არამედ საკუთარ სხეულსაც - ფინალში მკვდარ გოგონას „ხვდება“... ეს უკვე სულ სხვა გზავნილია - ბუდისტურ-აღმოსავლური!
მხოლოდ პოეზიას შეუძლია გაამთლიანოს დაშლილი სამყარო. მეტიც, ესთეტიკური გრძნობა ერთადერთია, რომელიც სამყაროს სისასტიკისგან გადაგვარჩენს.
მექსიკის ვიდეოთეკებში უნდა მოვძებნო „პოეზია“ და ჩვენებს ვუჩვენო. კულტურული ბარიერის პრობლემა აქ - მიუხედავად სიკეიროსულ-ტროცკისტული მემარცხენე სულისა - იმდენად გადაუწყვეტელია, რომ ხალხი ლამის გეტოებში ცხოვრობს. განსხვავებული სოციალური ჯგუფები ერთმანეთისგან სრულიად იზოლირებული არიან. „თეთრები“ შედარებით „ყვითლებს“ ეძახიან „რასას“ და სახლდებიან უბნებში, რომლებსაც „საცხოვრებელი ზონა“ ჰქვია (ქუჩებს თავისი დაცვა ჰყავს!)
ჩემთვის, „სხვა პლანეტიდან“ ჩამოსულისთვის, მით უფრო რთულია ამ გარემოსთან ინტეგრაცია. როგორ უნდა მოიქცე ამ დროს? როგორ უნდა შეიყვარო, თუ სიყვარული არ შეგიძლია? თუ უცხოსი გეშინია?
„წლის ფილმის“ გენიალობა ესაა სწორედ - სიყვარულს გასწავლის! თანამედროვე კინოს „ბუდა“, რომელიც, სხვათა შორის, არცთუ ისე დიდი ხნის წინ სამხრეთ კორეის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი იყო, თითქმის სრულიად დარწმუნებულია: იმისათვის, რომ შენს სინდისთან მწყრალად არ იყო და, რაც მთავარია, იმისათვის, რომ ერთხელ მაინც იგრძნო თავისუფლების გემო, საკმარისი არ არის, „გახვიდე ხალხში“ და, მით უმეტეს, საკმარისი არ არის, განუწყვეტლივ იმეორო, რომ სამყარო შიმშილისგან იღუპება (ხან გულწრფელად, ხანაც - „პოზაში“ მდგომმა). აუცილებელია, იცოდე დანახვა და, შესაბამისად, იმის გარჩევა, თუ რა არის მთავარი და რა - უმნიშვნელო. აუცილებელია, ისწავლო სიყვარული!
მერე კი აღმოჩნდება, რომ ვაშლი, რომელიც ათასჯერ გინახავს, სულ სხვანაირი ყოფილა. თუ, მაგალითად, სამშობლოსგან შორს ხარ და უკან დაბრუნება არ გინდა, რადგანაც იცი, რომ შენი ხალხი ისევ უმეცრებაში, სიძულვილში ცხოვრობს, ისევ შურს და ისევ ეზარება ფიქრი და შრომა... ეგ ვაშლი უნდა გაიხსენო!
ვინ იცის? იქნებ სულ სხვანაირია ყველაფერი!