დაავადებული პატიმრები შველას ითხოვენ

სასჯელაღსრულების რუსთავის #6 საპატიმროში მყოფი ტუბერკულოზით დაავადებული სამი პატიმარი მედიკამენტების მოთხოვნით მეექვსე დღეა შიმშილობს. ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მიუხედავად ამისა, მათთან არ შედის ექიმი და სოციალური მუშაკი. ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებენ უფლებადამცველებიც.

"უკვე თვეზე მეტია რაც ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმრებს, რომლების ქსანში მდებარე ტუბერკულიოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან რუსთავის #6 დაწესებულებაში გაუგებარი მიზეზების გამო გადაიყვანეს, არანაირი მკურნალობა არ უტარდებათ. მათთან არ შედის ექიმი, არ მიეწოდებათ მედიკამენტები”, - აცხადებს რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში ადვოკატი მამუკა ნოზაძე. მისი თქმით ტუბერკულოზით დაავადებულმა პატიმრებმა დავით მაჭარაშვილმა, ზაურ კარელიძემ და ზაურ ლაზარაშვილმა შიმშილობა უკვე მესამედ დაიწყეს: ”უკვე მეექვსე დღეა ისინი პროტესტის ნიშნად შიმშილობენ, რადგან მათ არ მიეწოდებათ არანაირი მედიკამენტი და რა მნიშვნელობა აქვს, ისინი უწამლოდ მოკვდებიან თუ შიმშილობით? სასჯელაღსრულების დეპარტამენტი კატეგორიულად უარყოფს იმ ფაქტს, რომ მათ მედიკამენტები არ მიეწოდებათ. პატიმრებთან არ მიდის სოციალური მუშაკი, რომ მათ თავიანთი პრეტენზიები განუცხადონ. პატიმრებმა რამდენჯერმე დაიწყეს შიმშილობა, მაგრამ როდესაც ჟურნალისტები ამ ინფორმაციას ავრცელებდნენ, მათ ეუბნებოდნენ, რომ შეეწყვიტათ შიმშილობა და პირობას აძლევდნენ, რომ მედიკამენტებით უზრუნველყოფდნენ. თუმცა, ასეთი ფაქტი სამჯერ განმეორდა და სამჯერვე მოატყუეს”.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი რადიო ”თავისუფლებასთან” მცირე კომენტარით შემოიფარგლება - ”არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას”, - აცხადებს პრესსამსახურის ხელმძღვანელი თეა სუხიშვილი.

როგორც პატიმრების ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებს, ტუბერკულოზით დაავადებულმა პატიმრებმა რუსთავის #6 დაწესებულებაში შესულ სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებს პირადად გააცნეს იქ არსებული მდგომარეობა და დახმარებისათვის მიმართეს.

სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში, რომელიც საქართველოს პენიტენციარულ სისტემაში არსებულ ჯანმრთელობის პრობლემებს მიეძღვნა ვკითხულობთ: ქსანში განთავსებულ ტუბერკულოზით დაავადებულთა დაწესებულებიდან, პაციენტები ხშირად გადაჰყავთ სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებში მაშინ, როდესაც მკურნალობის კურსი დასრულებული არ არის. მურნალობის შეწყვეტის ამგვარი ხელოვნური გზა პირდაპირ განაპირობებს ტუბერკულოზის მძიმე ფორმის ჩამოყალიბებას, რაც პირდაპირ აისახება პატიმართა ავადობისა და სიკვდილოანობის მაჩვენებელზე. გარდა ამისა, სხვა დაწესებულებებში, განსაკუთრებით დახურულ და გადატვირთულ დაწესებულებებში, პაციენტთა წარმატებული მკურნალობა და მართვა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ის, რომ ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ურთულესია, ამას რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში ადასტურებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნინო ანდრიაშვილი. მისი თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრები ჩვეულებრივი პატიმრების გვერდით იხდიან სასჯელს. მისივე მტკიცებით, ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, არ ხდება დაავადებულთათვის სასჯელის გადავადება. ნინო ანდრიაშვილი საპყრობილეებში მედიკამენტების არარსებობაზეც საუბრობს.

”არიან პატიმრები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც არის ძალინ რთული. ისინი დღე დღეზე შეიძლება გარდაიცვალონ. რაც უნდა აწუხებდეს პატიმარს, იქნება ეს ტუბერკულოზი, ცე ჰეპატიტი თუ სხვა რაიმე ტიპის დაავადება, მათ არანაირი მედიკამენტი არ გააჩნიათ. ერთადერთი, რასაც პატიმრებს ექიმები აძლევენ ეს არის, ”სნატვორნი” ანუ დამამშვიდებელი. გარდა ამისა, ექიმი აძლევს მითითებებს პატიმრის ახლობლებს, თუ რა მედიკამენტი ესაჭიროება ავადმყოფს და თუკი პატიმრის ნათესავს შეუძლია, რომ საკუთარი ავადმყოფი წამლით უზრუნველყოს, ყიდულობენ აღნიშნულ მედიკამენტს. მაგრამ არიან პატიმრები, რომლებსაც არ ჰყავთ ახლობლები და ისინი წამლების გარეშე რჩებიან”, - ამბობს ნინო ანდრიაშვილი რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში.

აქვე ისიც უნდა ვთქვთ. რომ სულ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ტუბერკულოზის პრობლემის მოსაგვარებლად ქსანში სპეციალურ სარეჟიმო დაწესებულებას აშენებს. ახალი სარეჟიმო კორპუსი, რომლის მშენებლობაც 2012 წელს დასრულდება, ხელს შეუწყობს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ტუბერკულოზის პრობლემის მოგვარებასო. დაწესებულება 1 000-ადგილიანი იქნება და პატიმრებს ტუბერკულოზის დაავადების გამოვლენისთანავე მოათავსებენ. ისინი სასჯელს აღნიშნულ დაწესებულებაში მოიხდიან, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.