სამარშრუტო ტაქსების ტარიფი

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსების ნაწილში დღეს მგზავრებს გამოკრული განცხადება დახვდათ. განცხადება იტყობინება, რომ 10 იანვრიდან მგზავრობის საფასური ერთი ლარის ნაცვლად ერთი ლარი და ორმოცდაათი თეთრი იქნება. სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გადაწყეტილებას საწვავისა და ავტონაწილების ფასის ზრდით ხსნიან. რას ამბობენ სამარშრუტო ხაზების მეპატრონეები და მოსალოდნელია თუ არა თბილისის შიგნით მოძრავი სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასურის ზრდა?.

რუსთავიდან თბილისში მოძრავი ერთ-ერთი სამარშრუტო ხაზის მიკროავტობუსში, რომელიც სპორტის სასახლესთან ჩერდება განცხადება იყო გამოკრული: ”მგზავრთა საყურადღბოდ! 10 იანვრიდან მგზავრობის საფასური 1,50 თეთრი ხდება საწვავის გაძვირების გამო”. მძღოლი არსად ჩანდა. სამარშრუტო ტაქსის კი 15-მდე უკმაყოფილო მგზავრი ელოდა:

”გაუჭირდება ხალხს ამ საფასურის გადახდა, მაშინ მუნიციპალური ტრანსპორტი უნდა დაამატონ, თვეში 150 ლარი მარტო მგზავრობაში დამეხარჯება და, 150 ლარი რომ მგზავრობაში დაგეხარჯება, სახლში რაღა უნდა მიიტანო?”

”მე სტუდენტი ვარ და დღში 4-ჯერ მიწევს ”მარშუტკით” მგზავრობა, ლექციების გარდა ცეკვაზეც დავდივარ; გამოდის, რომ აღარ უნდა ვიარო... აბა, ძალინ ძვირი ჯდება, ძალიან და...”

ის სამარშრუტო ტაქსი, რომელიც რუსთავიდან თბილისში სპორტის სასახლემდე დადის შპს ”საქართველოს სატრანსპორტო კომპანიას” ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ მგზავრებს საფასურის ზრდას კომპანია განცხადებით ატყობინებს, თავად კომპანიის დირექტორი ნუკრი უსუფაშვილი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში მგზავრობის საფასურის ზრდა დაგეგმილი არ არის. ამ გადაწყვეტილების მიზეზად კი კონკურენციას ასახელებს და მგზავრების დაკარგვის მოლოდინის გამო ფასს უცვლელად ტოვებს, თუმცა მომავალში გადაწყვეტილების შეცვლას მაინც არ გამორიცხავს.

”’სალიარკა’” თუ კიდე გაძვირდა, არ ვიცი, მერე რა იქნება. მე მძღოლების მდგომარეობაშიც შევდივარ, ვუხსნი, ზოგი მიგებს და ზოგი ვერა. მე მათიც მესმის, მაგრამ თუ კიდევ გაძვირდა საწვავი, მაშინ ალბათ მგზავრობის საფასურის გაძვირებაც მოსალოდნელი იქნება”, - აცხადებს ”საქართველოს სატრანსპორტი კომპანიის” დირექტორი ნუკრი უსუფაშვილი. ამ კომპანიის მძღოლებმა დღეს რეისის შესრულებაზე უარი განაცხადეს, კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების გამო, რომ მგზავრობის საფასური კვლავ ერთი ლარი შენარჩუნდეს.

96 ნომერი სამარშრუტო ხაზის მძღოლები, რომელთაც მგზავრები რუსთავიდან თბილისში დინამოს სტადიონამდე გადმოჰყავთ აცხადებენ, რომ ორშაბათიდან ტარიფს გაზრდიან ლარ-ნახევრამდე, მიზეზად კი საწვავის და ავტონაწილების ფასის ზრდას ასახელებენ:

”საწვავის ფასმა მოიმატა ძალიან და იმიტომ, ადრეც უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ ყველანაირად ვეცადეთ, რომ არ გაგვეძვირებინა. ახლა უკვე ვეღარ ვინახავთ მანქანებს. თან მარტო საწვავის გაძვირებაც არა არის მიზეზი, ყველაფერი გაძვირდა: საბურავები, ნაწილები... ისეთი დგომარეობაა, ვერ შეინახავ მანქანას. განა, ჩვენ გვინდა გაძვირება, სხვა გზა არ გვაქვს”.

”96 წლიდან ლარად დავდივართ, 96 წლიდან. ამის მერე რამდენჯერ მოიმატა საწვავმა, და განა, მარტო საწვავმა? აი, წავიდეთ ბაზარში, ახალი წლის მერე ყველაფერი გაძვირებულია, აღარ შეგვიძლია, ვერ ვინახავთ მანქანებს”.

სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ტარიფის მატებას ნაწილობრივ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის ზრდასაც უკავშირებენ.

”სახელმწიფო თუ ვერ ინახავს მანქანებს, მე ერთმა კაცმა როგორ შევინახო?.. იძულებული ვართ, ფასი გავზარდოთ”.

96 ნომერი სამარშრუხო ხაზი ”ნადირაშვილი და კომპანიის” საკუთრებაა, რომლის მფლობელიც 30 პირია. კომპანიის დირექტორი, ლევან მჭედლიძე, ამბობს, რომ მძღოლების გადაწყვეტილება ფასის ზრდასთან დაკავშირებით ძალაში ვერ შევა თუ კომპანიაში ფასის ზრდის წინააღმდეგი ერთი ადამიანი მაინც აღმოჩნდება, შესაბამისად, საუბარი ორშაბათიდან მოსალოდნელ გაძვირებაზე ნაადრევად მიაჩნია.

რაც შეეხება თბილისის შიგნით მოძრავ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასურს, მოსალონდელი მატების თაობაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება, ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ხაზების მეპატრონეებს მძღოლებისთვის არაფერი უცნობებიათ.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ საცალო ქსელში საწვავის ფასი უკანასკნელად ნოემბერში გაიზარდა.