დევნილების გამოსახლება-განსახლების წელი

დევნილების გამოსახლება გამომცემლობა ”სამშობლოდან”

როგორი იყო დევნილებისთვის გასული 2010 წელი, როგორ წარიმართა მათი ხელახალი განსახლების პროცესი და რა იყო წლის განმავლობაში მთავარი, რაც დევნილთა ყოფას უკავშირებოდა?

2010 წელი დევნილების მიმართ შემუშავებული სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების წელი გახდა. სტრატეგია სახელმწიფომ 2007 წელს შეიმუშავა და ის სხვადასხვა კომპაქტური თუ კერძო ჩასახლების ადგილებიდან დევნილების ხელახალ განსახლებას ისახავდა მიზნად. თუმცა ეს პროცესი მტკივნეული და დევნილების მხრიდან საპროტესტო გამოსვლების მაპროვოცირებელი აღმოჩნდა. თბილისში სხვადასხვა კომპაქტური ჩასახლების ადგილებიდან დევნილების გამოსახლება ივნისში დაიწყო, რამდენიმე ასეული დევნილი ოჯახი თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში გადაანაწილეს - ძირითადად, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოეწერში - და ასევე შესთავაზეს 12 სხვა რეგიონში საცხოვრებელი ფართი. აგვისტოში დევნილების გამოსახლების პროცესი გააქტიურდა. 13 აგვისტოს ისნის ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის შენობიდან დევნილების გამოსახლებისას პირველად გაიჟღერა სიტყვებმა, რომ გამოსახლებამდე დევნილები გაფრთხილებული არ ყოფილან:

” სრულიად გაუფრთხილებლად დილის 6 საათზე კარებზე დაგვიკაკუნეს და გვითხრეს, ეგრევე 2 საათში ბინა დატოვეთ და გადითო. სად მივდივართო, რო ვეკითხებოდით, გვპასუხობდნენ, არ ვიცით, სადაც გინდათ, იქ წადითო”,- ამბობდა 13 აგვისტოს აფხაზეთიდან დევნილი იზა გვაჯაია.

11 აგვისტოს კი ყოფილი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შენობიდან დევნილების გამოსახლების პროცესის დასაკვირვებლად მისული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელი მარიამ ესაიაშვილი ამბობდა, რომ შენობაში მცხოვრებ დევნილთა ნაწილი იქ ძალით იყო შეჭრილი, ნაწილს კი მიღებული ჰქონდა 10 ათასდოლარიანი კომპენსაცია

”აქ მცხოვრები დევნილების უმეტესობას აქვს მიღებული კომპენსაცია 10 ათასი დოლარის ეკვივალენტი ლარებში, რომლითაც ისინი ვალდებული იყვნენ ეყიდათ საცხოვრებელი ფართი და თვითუზრუნველეყოთ საკუთარი თავშესაფარი. მათ კი, ვისაც კომპენსაცია არ მიუღია, მიმდინარეობს პროცესი და ისინი ამ თანხას მიიღებენ.“

მარიამ ესაიაშვილის ეს არგუმენტი კიდევ რამდენჯერმე გაისმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან. სამინისტროს არგუმენტი ისიც იყო, რომ დევნილებისთვის საკუთრებაში შეთავაზებული საცხოვრებელი ფართებით მათი სოციალური მდომარეობა რამდენამდე უმჯობესდებოდა. მაგალითად, ამას ამბობდა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალერი კოპალეიშვილი:

” როგორ შეიძლება ადამიანს საკუთრება შესთავაზო და უარეს მდგომარეობაში იყოს, იმ დროს როდესაც რა საჭიროებებიცაა, დამატებით იმის მოგვარება და რეაბილიტაციაც ხდება.”

დევნილთა ხელახალი განსახლების პროცესი ადამიანის ტრაგიკული დაღუპვის მიზეზიც გახდა. 27 ოქტომბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შენობის წინ თავის დაწვა სცადა აფხაზეთიდან დევნილმა ნანა ფიფიამ, რომელიც 18 ნოემბრის ღამეს დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. 27 ოქტომბერს იმ ამბის თვითმხილველი ლექსო ჯგუბურია, რადიო თავისუფლებას უყვებოდა იმას, თუ რის გამო მივიდა ნანა ფიფია თვითმკვლელობის გადაწყვეტილებამდე:

” გადაისხა ბენზინი, იმიტომ რომ შეურაცხყოფა მიაყენეს სამინისტროში. ამას უკითხავს, ფოცხოში ბალახის მეტი არაფერია და რა ვჭამოთო. იქ უთქვამთ, ხოდა, ბალახი ძოვეთო... ხოდა, რომ ჩამოვიდა, აქვე ახლოს ”გარაჟებია“, იქ ნახა ადგილი და გადაისხა ბენზინი. ჩვენ მივუსწარით, მაგრამ ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და გადაიყვანეს დამწვრობის ცენტრში.”

ივლისის ბოლოს რამდენიმე დევნილმა პირი ამოიკერა და სამინისტროს წინ შიმშილობა დაიწყო. 1 სექტემბერს კი დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა დაფუძნდა.

წლის განმავლობაში დევნილების საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები დევნილების საკითხებს აკვირდებოდნენ და რეკომენდაციებსაც იძლეოდნენ. საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა 5 აგვისტოს ანგარიში წარმოადგინა, სახელად ”მოსაცდელ ოთახში ”. ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში მთავრობის მხრიდან დევნილთა საკითხი პრიორიტეტულად არ იყო მიჩნეული, თუმცა 2009 წლიდან დაიწყო დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონებისა და მათთვის გამოყოფილი ფართების გარემონტების პროცესი. 5 აგვისტოს თბილისში მყოფმა Amnesty International-ის პრესოფიცერმა ლიდია აროიომ განაცხადა:

”ადამიანებისთვის მთავარია ჰქონდეთ არჩევანის საშუალება, სად და როგორ იცხოვრონ. ახალი დასახლებები ძალიან კარგია, მაგრამ სხვა, დიდი ცენტრებიდან მოშორებით მდებარეობს. ასე რომ, ადამიანებს უჭირთ სამსახურის შოვნა ან სამსახურში მისვლა. ხანდახან ძნელია, საჭიროების შემთხვევაში, საავადმყოფოში მოხვედრა, კიდევ უფრო რთულია მკურნალობა და აშ. ”

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა საქართველოში პიტერ ნიკოლაუსმა კი განაცხადა, რომ რეგიონებში კომპაქტურად დასახლებული დევნილები მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან:

” იქ მცხოვრებ ხალხს ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც არა აქვთ, რომ იქაურობას თუნდაც მოუარონ. ისინი მხოლოდ დევნილთა ყოველთვიურ მიზერულ დახმარებას იღებენ - მინიმალურ სამედიცინო მომსახურებას, განათლებაზე საუბარიც არ არის. ინტეგრაცია არ ნიშნავს მათთვის მხოლოდ თავშესაფრის მიცემას - თბილისიდან რეგიონებში ახლახან განსახლებულ ხალხს ვგულისხმობ. მათ შემოსავალი სჭირდებათ. ამის გარეშე მესამედ დევნილები გახდებიან. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ვფიქრობ, ჩარჩოს ფარგლებში ჩვენ უნდა მივიღოთ დოკუმენტი, რომელსაც საქართველოს რეალობას მოვარგებთ. სამოქმედო გეგმას კი არ უნდა დავამატოთ რამე, არამედ აქცენტები შევცვალოთ.”

დევნილთა ხელახალი განსახლების პროცესის მეორე ტალღის დასაწყისად მიიჩნიეს დევნილებმა ის შეტყობინება, რომელიც მათ ფართის 24 დეკემბრამდე დაცლის თაობაზე მიიღეს. ამ ცნობას დევნილების და რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მხრიდან საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქციების დაწყება მოჰყვა. დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის გამგეობის წევრი მანანა გაბელია ხელისუფლებას დევნილთა მოტყუებაში ადანაშულებდა:

” პრივატიზებული აქვს ამ ხელისუფლებას ეს დედაქალაქი? არჩევნების წინ ხომ სჭირდებოდათ ხალხი და გვეუბნებოდნენ, თქვენ დევნილები არ ხართ, თბილისელები ხართო. თბილისში არ ვართ ნორმალურად დასაქმებულები და რაღაცნაირად მაინც ვუძლებთ ამ ცხოვრებას და იმ რაიონებში რომ გვყრიან, სასიკვდილოდ გვიმეტებენ.”

უკანასკნელი ინფორმაციით, დევნილების ხელახალი განსახლების პროცესი ახალი წლის შემდეგ გადაიდო. თუმცა დევნილები პროცესის ზაფხულამდე გადადებას ითხოვდნენ, საჭიროების შემთხვევაში კი ენგურის ხიდთან კარვების გაშლის პირობას დებდნენ.
წლის განმავლობაში დევნილთა მდგომარეობას რამდენჯერმე გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ომბუდსმენმა მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა. გიორგი ტუღუში მუდმივად იმას უსვამდა ხაზს, რომ დევნილთა ხელახალი განსახლება მათი მდგომარეობის გაუარესებას არ უნდა ნიშნავდეს:

”ჩვენ გვესმის, რომ ეს პროცესი, რომელიც განსახლებას ეხება, უნდა განხორციელდეს, თუმცა ეს არანაირად არ უნდა იწვევდეს დევნილების უფლებების დარღვევას. ის უნდა ემსახურებოდეს მათი უფლებების გაუმჯობესებას და არა გაუარესებას.”