შავოსანი დედები და აფხაზეთის ომის ვეტერანები ხელისუფლებას ყურადღებას სთხოვენ

დევნილები სამების ეკლესიიის ეზოში

აფხაზეთიდან დევნილთა კონგრესის ინიციატივით თბილისში, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, აფხაზეთში დაღუპული ქართველი და აფხაზი მეომრების სახელზე სიმონ კანანელის სახელობის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. 28 დეკემბერს სამებაში შეკრებილი აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება - მათ შორის, შავოსანი დედები და ომის ვეტერანები - აფხაზებს შერიგებისაკენ, საქართველოს ხელისუფლებას კი მეტი ყურადღებისაკენ მოუწოდებდნენ. ამავე დღეს, ამ ღონისძიების პარალელურად, გმირთა მოედანზე აფხაზეთის ომში მებრძოლი ვეტერანები შიმშილობის აქციას აგრძელებდნენ და ისინიც მთავრობის მხრიდან უყურადღებობაზე ჩიოდნენ.

ნაბიჯი ქართველთა და აფხაზთა შერიგებისკენ - ასე აფასებს აფხაზეთის დევნილთა კონგრესის თავმჯდომარე გენერალი დავით გულუა ომში დაღუპული ქართველი და აფხაზი მეომრების სახელზე ეკლესიის მშენებლობის დაწყებას.

ეროვნებით აფხაზი მამუკა აჩბა კი, რომელიც დევნილთა კონგრესის თავმჯდომარის მოადგილე გახლავთ, ფიქრობს, რომ ერთმანეთამდე მისასვლელი გზების პოვნა მხოლოდ ხალხს შეუძლია - ვისაც ერთად უცხოვრია და ვინც ქართულ-აფხაზურ ტრადიციებს კარგად იცნობს:
”მე ვფიქრობ, რომ ძველი მეგობრები, მეზობლები უნდა დავუკავშირდეთ ერთმანეთს. თუ ამ ნაბიჯებით წავა ამ კონფლიქტის მოგვარება, მაშინ ორივე მხარისთვის ბევრად უფრო მისაღები იქნება. 2008 წლამდე სულ სხვანაირად იყო დაახლოების პოლიტიკაც მიმართული, ახლა მეტი სამუშაოა საჭირო ნდობის აღსადგენად...”

სამების საკათედრო ტაძარში შავოსანი დედებიც მივიდნენ.

ციალა ნორაკიძეს, ნანული კვარაცხელიასა და ლიანა ქუთელიას ერთადერთი თხოვნა აქვთ ხელისუფლებასთან - როგორმე წელიწადში ერთხელ მაინც დაღუპული შვილების საფლავები მოინახულონ:

”აფხაზებიც არ არიან დამნაშავეები - ჩვენი შვილები მთავრობის პოლიტიკას შეეწირნენ. დღეს კი აფხაზებს აღარ ვუნდივართ - ამბობენ, არასოდეს აღარ იქნება საქართველო და აფხაზეთი ერთი მთლიანი ქვეყანაო. ამ 18 წლის განმავლობაში ორჯერ ჩავედი აფხაზეთში. კი მიმიღეს, მაგრამ რას ჰყოფნის დედას შვილის საფლავზე ორჯერ მისვლა...

მოგვაქციოს მთავრობამ ყურადღება, იქნებ როგორმე შევძლოთ წელიწადში ერთხელ მაინც ჩავიდეთ ჩვენი შვილების საფლავებზე. ხომ ჩამოდიან აფხაზები აქ სამკურნალოდ, სასწავლებლად, ჩვენ გაგვიშვან იქეთ.. შავოსან დედებს მაინც მოგვაქციონ განსაკუთრებული ყურადღება, რაც ძალიან, ძალიან გვაკლია.”

ხელისუფლების უყურადღებობაზე აფხაზეთის ომის ვეტერანებიც ჩივიან. თუმცა ეს, რბილად რომ ვთქვათ: ისინი გმირთა მოედანზე უკვე მეორე დღეა შიმშილობენ. პროტესტის უკიდურეს ფორმას მათ მას შემდეგ მიმართეს, რაც აფხაზეთში დაღუპული მეომრების, თავიანთი მეგობრების ფოტოები - ერთ დროს ხსოვნის დაფაზე გამოკრული, სარდაფში უპატრონოდ მიყრილი იპოვეს. პროტესტისათვის ისედაც ბევრი მიზეზი დაგვიგროვდაო, ამბობს ერთ-ერთი მათგანი - თამაზ გოჩაშვილი:

”შიმშილობა, სამსახურებიდან გაყრა, ყველაფერში შეზღუდვა... დაუფასებლობა... თუ ქვეყანასაც ასე დალხინებული აქვს ცხოვრება, ბათუმში კონცერტები, მომღერლები ჩამოჰყავთ, ზეიმია, ჩვენც მოგვაქციონ მინიმალური ყურადღება და ჩვენი დაღუპული ბიჭების ფოტოებს მაინც ნუ გადაგვიყრიან ნაგავში”...

თამაზ გოჩაშვილი ამბობს, რომ ისინი ხელისუფლებისგან ელემენტარულ ყურადღებას და დაფასებას ითხოვენ. გმირთა მოედანზე, იქ, სადაც აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი დადგეს, ახლა აქციის მონაწილეებს ომში დაღუპული ბიჭების ფოტოები მუყაოს ორ ყუთში უწყვიათ. ამბობენ, რომ ყურადღების მიპყრობის სხავ გზა, გარდა შიმშილობისა, მათ აღარ დარჩათ...