თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი რექტორი აირჩია. აკადემიურმა საბჭომ ალექსანდრე კვიტაშვილს ერთხმად დაუჭირა მხარი. ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ასრულებდა. მის გარდა, უნივერსიტეტს რექტორობის კიდევ ოთხი კანდიდატი ჰყავდა, თუმცა, აკადემიური საბჭოს წევრების განცხადებით, ხუთი კანდიდატის მიერ წარმოდგენილ უნივერსიტეტის განვითარების კონცეფციებს შორის ალექსანდრე კვიტაშვილის სამოქმედო გეგმა საუკეთესო აღმოჩნდა. მათი თქმით, სწორედ ამან განაპირობა მისი ერთხმად არჩევა. 27 დეკემბერს გამართული არჩევნების შედეგებს რამდენიმე კანდიდატი და დამკვირვებელი აპროტესტებდა.

სამოქმედო გეგმა იყო ძალიან კარგად გააზრებული. ეს არ იყო მხოლოდ ცალკეული მიზნების ჩამონათვალი. ეს იყო სამოქმედო გეგმა, რომელიც ზუსტად ასახავდა იმას, თუ როგორ უნდა მივიდეს ის კონკრეტულ შედეგამდე...
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის 135-ე ოთახში 27-ე რექტორის არჩევნები 27 დეკემბერს 11 საათზე დაიწყო და დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. 12 ხმა, არც ერთი - წინააღმდეგ: სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თორმეტმა წევრმა ალექსანდრე კვიტაშვილი, ფარული კენჭისყრის შედეგად, ერთხმად აირჩია. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მიხეილ დევდარიანის, მტკიცებით, არჩევნებმა ყოველგვარი დარღვევებისა და ექსცესების გარეშე ჩაიარა:

”თორმეტივე პიროვნებამ ერთ კანდიდატს, ალექსანდრე კვიტაშვილს, მისცა ხმა. შესაბამისად, უნივერსიტეტის ახალი რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილია. არჩევნებს რვა დამკვირვებელი ესწრებოდა. ნაწილი კანდიდატების წარმომადგენლები იყვნენ, ნაწილი კი - თავისუფალი დამკვირვებლები. ნებისმიერ ადამიანს შეეძლო დამკვირვებლად დარეგისტრირება. არჩევნები აბსოლუტურად გამჭვირვალედ წარიმართა”.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ არჩევნებიდან გამოსულმა ერთ-ერთმა დამკვირვებელმა, მამუკა გობეჩიამ, ჟურნალისტებს მიხეილ დევდარიანის სახელზე დაწერილი განცხადების ქსეროასლები დაურიგა, სადაც ვკითხულობთ, ვინაიდან უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები მთელი რიგი უხეში დარღვევებით მიმდინარეობს, შემოვდივარ წინადადებით, ჩატარდეს განმეორებითი კენჭისყრა 3 კვირის ვადაშიო. თუმცა ჟურნალისტებისათვის დარიგებულ განცხადების ასლებს არც თავად განმცხადებელი აწერს ხელს და არც ისინი, ვინც ამ განცხადებას ეთანხმება.

არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი ლილუაშვილი. მისი თქმით, რამდენადაც ალექსანდრე კვიტაშვილი არის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და უკავია უნივერსიტეტში ადმინისტრაციული თანამდებობა, მას არ ჰქონდა უფლება მონაწილეობა მიეღო კენჭისყრაში და ყოფილიყო კანდიდატი.

აკადემიური საბჭოს ერთ-ერთი წევრის, მარიამ გერსამიას, განმარტებით, არჩევნებმა კანონის სრული დაცვით ჩაიარა და საფუძველსაა მოკლებული ბრალდება, რომ არჩევნები მიმდინარეობდა უნივერსიტეტის წესდების დარღვევით.

ეს იყო შანსი უნივერსიტეტელებისათვის, რომ ჩაებარებინათ ტესტი და დაეფიქსირებინათ, თუ რამდენად დამოუკიდებელია უნივერსიტეტი საკუთარ არჩევანში. ის მართლაც დამოუკიდებელია. არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, გარდა შიდა წრეების მაამებლობისა...
როგორც მარიამ გერსამია რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, აკადემიური საბჭო მთელი ერთი თვის განმავლობაში სწავლობდა თითოეული კანდიდატის სამოქმედო გეგმას, რის საფუძველზეც შეირჩა საუკეთესო კონცეფცია და საბჭომ ერთხმად დააფიქსირა საკუთარი არჩევანი:

“სამოქმედო გეგმა იყო ძალიან კარგად გააზრებული. ეს არ იყო მხოლოდ ცალკეული მიზნების ჩამონათვალი. ეს იყო სამოქმედო გეგმა, რომელიც ზუსტად ასახავდა იმას, თუ როგორ უნდა მივიდეს ის კონკრეტულ შედეგამდე. იმ სამი თვის მანძილზე, როდესაც ალექსანდრე კვიტაშვილი რექტორის მოვალეობას ასრულებდა, მან ძალიან კარგად მოახერხა იმ პრობლემების დანახვა, რომლებიც უნივერსიტეტის წინაშე დგას. მომავალში ამ მიზნების დაძლევა ჩვენ რეალურად მოგვცემს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ უნივერსიტეტი მართლაც უკეთესი გახდა”.

კენჭისყრა ჭკუისა და სინდისის საქმეა, ამჯერად აკადემიურ საბჭოს ერთმაც უღალატა და მეორემაცო, ამბობს რექტორობის კიდევ ერთი კანდიდატი, მარიამ ცაცანაშვილი, და აკადემიურ საბჭოს არჩევანს უწუნებს:

“ეს იყო შანსი უნივერსიტეტელებისათვის, რომ ჩაებარებინათ ტესტი და დაეფიქსირებინათ, თუ რამდენად დამოუკიდებელია უნივერსიტეტი საკუთარ არჩევანში. ის მართლაც დამოუკიდებელია. არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, გარდა შიდა წრეების მაამებლობისა. სამწუხაროდ, ეს მაამებლობა უნივერსიტეტის საწინააღმდეგოდ განხორციელდა”.

ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, ალექსანდრე კვიტაშვილი, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შესრულებას სამი თვის წინ, მას შემდეგ შეუდგა, რაც უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა, გიორგი ხუბუამ, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი წიგნის დაკარგვის შემდეგ დატოვა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკვე ოფიციალური რექტორი, ალექსანდრე კვიტაშვილი, მიიჩნევს, რომ აკადემიური საბჭოს მიერ მისი ერთხმად არჩევა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. მისი თქმით, მან ის სამი თვე, როდესაც უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას ასრულებდა, გამოიყენა იმისათვის, რომ დეტალურად გასცნობოდა უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებს.

“შევქმენით დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად არის საუბარი უნივერსიტეტის ფინანსურ გაძლიერებასა და ფინანსურ დამოუკიდებლობაზე, მეცნიერების განვითარებაზე, უნივერსიტეტის როგორც ნომერ პირველი სასწავლებლის დაკანონებაზე არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში და, ბუნებრივია, არსებობს ამბიცია იმისა, რომ ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო უნდა ვიყოთ ევროპაშიც. რეფორმების თვალსაზრისით, უნივერსიტეტს, უპირველეს ყოვლისა, სჭირდება ინფრასტრუქტურის განვითარება; გარდა ამისა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. - ეს არის ის, რაც გასაკეთებელია სასწრაფოდ, რადგან ჩვენ ვერ დაველაპარაკებით სერიოზულად სერიოზულ უნივერსიტეტებს, როგორც პარტნიორებს, თუკი ელემენტარული პრობლემები არ გვექნება მოგვარებული”, - ამბობს უნივერსიტეტის ახალი რექტორი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე უნივერსიტეტში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება, რადგან ის ყოველთვის დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა მსგავსი ტიპის ღონისძიებებს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე თვეში ცვლილებების განხორციელება გამორიცხული არ არის.