2010 წელი სამცხე-ჯავახეთისთვის

ახალციხე

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება და სოფლის პროგრამების მხარდაჭერა – ეს ის საკითხებია, რომლის განხორციელებითაც სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი ხელისუფლება თავს იწონებს. სახელმწიფო რწმუნებულის, ლაშა ჭკადუას, აზრით, 2010 წელი რეგიონისთვის კარგ წლად შეიძლება შეფასდეს.

”ყველა მუნიციპალიტეტში იყო გარკვეული პროექტები - ინფრასტრუქტურისა და წყალკანალიზაციის სარეაბილიტაციო პროექტები; გარდა ამისა - წალკა-ახალქალაქის ცენტრალური გზა, რომელიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან შეღავათს წარმოადგენს”.

რეგიონის პირველი პირის მსგავსად არ ფიქრობენ ადგილობრივი მცხოვრებლები. გამოკითხულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სამცხე-ჯავახეთში სოციალური ფონი მძიმეა, ნაწილი კი განხორციელებული პროგრამებით კმაყოფილია.

”ყველაფერში სიახლეა და განვითარების დონე უფრო მაღალია. ხანძარმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა”.

”ცოტა სოფლებსაც, რომ მიეხედოს, კარგი იქნება, ხალხი დაუსაქმებელია, ირგვლივ უმუშევრობაა...”

2010 წელს სამცხე-ჯავახეთს დაუმთავრებელი პროექტებიც აღმოაჩნდა – მრავალმილიონიანი პროექტი, რომელიც ბორჯომსა და ბაკურიანში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებდა, ვერ დასრულდა. გარდა ამისა, ორმა მასშტაბურმა ხანძარმა ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში, სერიოზული ზიანი მიაყენა რეგიონს – აცხადებს სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ლაშა ჭკადუა.

”ჩვენთვის ყველაზე ცუდი ფაქტორი ახალციხესა და ბორჯომში იყო ხანძარი. ბორჯომში წყლის მომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ტექნიკური მიზეზების გამო ვერ განხორციელდა წელს და ვადამ გადაიწია”.

ბორჯომ-ბაკურიანის წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლის აგვისტოს თვეში უნდა დასრულდეს.