ძალადობის ფონზე, ლუკაშენკა აცხადებს, რომ არჩევნებში გაიმარჯვა

ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა

ბელორუსიის ვეტერანი პრეზიდენტი - ალექსანდრ ლუკაშენკა - აცხადებს, რომ 19 დეკემბრის არჩევნებში მეოთხე ვადითაც მოიპოვა პრეზიდენტობა, დიდი უპირატესობით. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. ქვეყნის დედაქალაქი - მინსკი - კვირა საღამოს ძალადობამ მოიცვა. მილიციამ ოპოზიციის მომხრეთა აქცია დაარბია. ნაცემი და დაპატიმრებულია საპროტესტო აქციის ასობით მონაწილე. დაპატიმრებულია 7 იმ 9 პირიდან, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებზე ლუკაშენკას მეტოქეობას უწევდნენ.

ალექსანდრ ლუკაშენკა მეოთხედ გახდა ბელორუსიის პრეზიდენტი 19 დეკემბრის არჩევნების შედეგად, რასაც თან ძალადობა და მასშტაბური გაყალბების შესახებ ბრალდებები ახლდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ლიდია ერმოშინამ, ორშაბათს განაცხადა, რომ ლუკაშენკამ პირველ ტურში გამარჯვება დიდი უპირატესობით - ხმათა დაახლოებით 80 პროცენტით - მოიპოვა:

„ალექსანდრ გრიგორის ძე ლუკაშენკას ხმა მისცა ხუთი მილიონ ას ოცდაორი ათას რვაას სამოცდაექვსმა ადამიანმა, ანუ ამომრჩეველთა სამოცდაცხრამეტმა მთელმა და სამოცდაშვიდმა მეასედმა პროცენტმა“.

თუმცა შეჯამებული ხმების ეს გამოცხადება მძიმე ძალადობის ფონზე მოხდა - არჩევნების საღამოს მინსკის ცენტრში შეტაკებები იყო ოპოზიციის მომხრეებსა და მილიციასა თუ ამოუცნობ უშიშროების ძალებს შორის. ნაცემი და დაპატიმრებულია საპროტესტო აქციის ასობით მონაწილე. დაპატიმრებულია 7 იმ 9 პირიდან, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებზე ლუკაშენკას მეტოქეობას უწევდნენ.

აქციის მონაწილეები მთავრობას ბრალს სდებდნენ არჩევნების მასშტაბურ გაყალბებაში, ლუკაშენკას გამარჯვების უზრუნველყოფის მიზნით.

რამდენიმე დამოუკიდებელი გამოკვლევის თანახმად, ვეტერან ლიდერს რეალურად მხოლოდ 30 პროცენტი უჭერს მხარს, რაც ნიშნავს, რომ ის ვერ შეძლებდა პირველ ტურში გამარჯვებისთვის აუცილებელი 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას. შესაბამისად, ლუკაშენკას პრეზიდენტობისთვის ბრძოლა მეორე ტურში მოუწევდა და მას შესაძლოა მარცხი განეცადა, რადგან ამავე ტურში გასული ოპოზიციური კანდიდატი მიიღებდა სხვა ოპოზიციური კანდიდატების ხმებსაც და, ჯამში, 40 პროცენტზე მეტს მოაგროვებდა.

კვირა საღამოს მინსკის ცენტრალურ - ოქტომბრის - მოედანზე თავშეყრილი ხალხის რაოდენობამ სწრაფად მიაღწია 20 000-ს. დემონსტრაცია თავიდან მშვიდობიანად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა - მაშინ, როცა დემონსტრანტების ნაწილმა მთავრობის შენობაში სცადა შეჭრა, ჩაამსხვრია ფანჯრები და მინის კარები.

არეულობები მინსკში
მილიციამ შენობას სწრაფად შემოარტყა ალყა. ისინი აქციის მონაწილეებს ხელკეტებით სცემდნენ და მილიციის მანქანებში სხამდნენ.

პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, 64 წლის ვლადიმირ ნეკლიაევი, დააპატიმრეს საავადმყოფოს პალატაში, სადაც ის აქციიდან ნაცემი მოხვდა, უგონო მდგომარეობაში. ნეკლიაევის ცოლის, ვოლჰას, თქმით, მისი ქმრის პალატაში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები შევიდნენ და ის თავის წარდგენის გარეშე, ძალის გამოყენებით წაიყვანეს.

არეულობას მკაცრი საერთაშორისო შეფასებები მოჰყვა. ბრიუსელში წაიკითხეს ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის განცხადება, რომელიც გმობს ცემისა და დაპატიმრების ფაქტებს და ბელორუსიის მთავრობას დაკავებულთა გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ძალადობა ბელორუსიაში აშშ-ის საელჩომ და ლიტვისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმაც გააკრიტიკეს. ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, იეჟი ბუზეკმა, განაცხადა, ლუკაშენკამ ამ ამბავში დამნაშავეები უნდა დასაჯოს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი „საპრეზიდენტო არჩევნებს აყენებს ჩრდილსო“.

კრიტიკა გამოთქვეს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმაც. მოკლევადიანი მისიის ხელმძღვანელი, ტონი ლოიდი, მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე შემდეგი განცხადებით გამოვიდა:

„ეს არჩევნები ბელორუსიისთვის ვერ გამოდგა რაღაც ახლის დასაწყისი. ხმათა დათვლის პროცესს გამჭვირვალობა აკლდა. გულწრფელად რომ გითხრათ, მე მიმაჩნია, რომ ბელორუსი ხალხი უკეთესს იმსახურებს. ახლა მთავრობისგან განმარტებას მოველი პრეზიდენტობის კანდიდატების, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების დაპატიმრებების თაობაზე“.

ცოტა უფრო დადებითად შეაფასა კენჭისყრა მოსკოვმა. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, არჩევნები კანონიერად ჩატარდაო. რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა კი ლატვიაში ვიზიტით ყოფნისას თქვა, კენჭისყრა ბელორუსიის „საშინაო“ საკითხია და პოტენციური ნაბიჯი განვითარებისთვისო.

საკუთრივ ბელორუსიის მთავრობამ ძალადობა შეაფასა როგორც ოპოზიციის მხრიდან აგრესიის შედეგი. სატელევიზიო გამოსვლაში ლუკაშენკამ თქვა, ქვეყანაში „ღირსეული“ არჩევნები ჩატარდა, იმის მიუხედავად, სხვები რას ამბობენ ამის შესახებო.

არჩევნების შემდგომმა ძალადობამ ბელორუსიის ბევრი მკვლევარი საკმაოდ გააკვირვა. ამ ძალადობას წინ შედარებით მშვიდი საარჩევნო კამპანია უძღოდა, კანდიდატების გრძელი და მრავალფეროვანი სიით. ძალადობა, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს ბელორუსიისა და ევროკავშირის დაახლოებასთან დაკავშირებული იმედების განხორციელებას. ამ არჩევნების პატიოსნად ჩატარების შემთხვევაში, ევროკავშირი ბელორუსიას 3 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარებას ჰპირდებოდა.

ლუკაშენკას მმართველობის შესახებ საუბრისას ბევრი აღნიშნავს, რომ ის კარგად სარგებლობს მისი ქვეყნის მიმართ როგორც დასავლეთის, ისე რუსეთის ინტერესით. ამჯერად მან არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მოსკოვთან შეთანხმებას მიაღწია - მოიხსნა 4 მილიარდი დოლარის ოდენობის საექსპორტო გადასახადი რუსეთის ენერგეტიკაზე. შესაბამისად, გაჩნდა ვარაუდი, რომ კრემლთან ბოლო ხანებში შექმნილი დაპირისპირება განიმუხტა, ლუკაშენკა ამ ეტაპზე კვლავ მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნდა და მას აღარ სჭირდებოდა დასავლეთის დასანახავად თავისუფალი და პატიოსანი არჩევნების ჩატარება.