ბელორუსია: გარესამყაროსთვის ჩატარებული არჩევნები და ლუკაშენკო, როგორც „შეჩვეული ჭირი“

ალექსანდრ ლუკაშენკო

კვირას ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული. გავრცელებული ვარაუდით, ალექსანდრ ლუკაშენკო მეოთხე ვადით შეუდგება ქვეყნის ხელმძღვანელის თანამდებობის აღსრულებას. თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, ეს წინასაარჩევნო კამპანია მნიშვნელოვნად განხვავდება წინა კამპანიებისგან.

თითქმის არავის ეპარება ეჭვი, რომ ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკანშენკო, რომელსაც ხშირად „ევროპის უკანასკნელ დიქტატორს“ უწოდებენ, კვირას დანიშნულ არჩევნებში გამარჯვებული გამოვა და მეოთხედ გახდება ქვეყნის პრეზიდენტი. მას კონკურენციას უწევს ცხრა - არსებითად ბევრით არაფრით გამორჩეული - ოპონენტი, რომლებსაც ძლიერ ადმინისტრაციულ პრობლემებთან უწევთ შეჯახება და, რაც, ალბათ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ლუკაშენკოს წინააღმდეგობა არც ბელორუსიის ძლიერი მეზობლებისგან ხვდება.

ახლო წარსულში იყო პერიოდები, როცა ლუკაშენკოს ხელისუფლებიდან წასვლა დასავლეთსაც სურდა და რუსეთსაც - სხვადასხვა მიზეზის გამო. ახლა კი თითქოს ყველა შეთანხმდა - ბელორუსიის რთული ისტორიის ამ მონაკვეთში ლუკაშენკოს პრეზიდენტობა ყველაზე ნაკლებ პრობლემებს ქმნის. ანუ, სხვაგვარად რომ ითქვას, პოლიტიკოსი, რომელსაც უწინ „ევროპის უკანასკნელ დიქტატორს“ უწოდებდნენ, ახლა შედარებით ნაკლებ პრობლემად - ერთგვარ „შეჩვეულ ჭირად“ - იქცა.

ბოლო ხანებში საგრძნობლად დათბა ურთიერთობა ბელორუსიასა და დასავლეთს შორის. ახლახან კი მინსკსა და მოსკოვს შორის ბოლოდროინდელი დაძაბულობის განმუხტვის ნიშნებიც გამოიკვეთა - რუსეთმა განაცხადა, რომ ბელორუსიაში იმპორტირებულ ნავთობს საექსპორტო გადასახადს მოუხსნის, გაზის ფასს კი წლის განმავლობაში უცვლელად დატოვებს.

ამ არჩევნებისთვის მზადება, ბევრი ექსპერტის აზრით, სხვა წინასაარჩევნო პერიოდებისგან განსხვავდება. ბელორუსიის რეპრესიული სტანდარტების გათვალისწინებით, ამ არჩევნების წინ ლუკაშენკოს ოპონენტებს უჩვეულოდ დიდი თავისუფლება მიეცათ კამპანიის წარმოებისთვის. ისინი უკვე აცხადებენ, რომ კენჭისყრა აუცილებლად გაყალბდება და რომ ამას აუცილებლად უპასუხებენ მასობრივი აქციების გამართვით. მოუსმინეთ ლუკაშენკოს მთავარ ოპონენტად მიჩნეულ ვლადიმირ ნიაკლიეიუს, 64 წლის პოეტს:

„მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოდით, ერთად უზრუნველვყოთ ხალხის მოედანზე ყოფნის დროს წესრიგის დაცვა, ეს ჩვენს საერთო ინტერესში შედის-მეთქი. მტკიცე უარი მითხრეს და განაცხადეს, მკაცრად და ადეკვატურად ვიმოქმედებთო. ეს კი ნიშნავს, რომ მათ სურთ ჩაახშონ ჩვენი წინააღმდეგობა, ხალხის ნება. ჩვენ კი ამას ვერ დავუშვებთ. მშვიდობიანად დავიცავთ ჩვენს უფლებებს. მშვიდობიანად დავიცავთ თქვენ ხმებს, იმიტომ რომ თქვენ ამ არჩევნებზე მოხვედით და ხმა ცვლილებას, დემოკრატიულ და ახალ ბელორუსიას მიეცით“.

საპროტესტო აქციებისთვის მზადება ლუკაშენკოს რთულ სიტუაციაში აყენებს. აქციებზე ზეწოლის მოხდენა ნეგატიურად აისახება დასავლეთთან დაახლოების მის ბოლოდროინდელ მცდელობაზე, აქციების თავისუფლად გამართვის დაშვებას კი შეიძლება ოპოზიციის გაძლიერება მოჰყვეს.

ასეა თუ ისე, ექსპერტები თანხმდებიან: წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული ლიბერალიზაციის დაშვება არ ნიშნავს, რომ ლუკაშენკო რეალურად ცვლის მმართველობის ავტორიტარულ ფორმას. ჩვენი რადიოს ბელორუსული სამსახურის ანალიტიკოსი იან მაქსიმიუკი ამბობს, რომ წინასაარჩევნო ცვლილება ბოლო პერიოდში ლუკაშენკოსა და კრემლს შორის გაჩენილმა უთანხმოებამ განაპირობა, ევროკავშირის მიერ გამოთქმულ დაპირებასთან ერთად, რომ თუ კვირას ჩატარებულ არჩევნებს „თავისუფალს და სამართლიანს“ უწოდებენ, ბლოკი ბელორუსიას 3 მილიარდ ევროს გამოუყოფს დახმარების სახით:

„ლუკაშენკოს პრობლემა ის არის, რომ მას მოსკოვთან კონფლიქტი აქვს და სასწრაფოდ ესაჭიროება ბრიუსელთან ურთიერთობის გაუმჯობესება. ბრიუსელმა კი მას მიანიშნა, რომ ამ არჩევნების შედეგი შეიძლება აღიარონ, თუკი ის მეტ-ნაკლებად დემოკრატიული მაინც იქნება. ამიტომ, ვფიქრობ, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას, რაც არჩევნების შედეგზე გავლენას არ ახდენს, ლუკაშენკო აჩვენებს, რომ ის ლიბერალია. ანუ კამპანიის პროპაგანდისტული ნაწილი მართლაც ლიბერალურად წარიმართა“.

ეს არჩევნები გარესამყაროსთვის უფრო ტარდება, ვიდრე ბელორუსიისთვისო, ამბობს იან მაქსიმიუკი და დასძენს, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არჩევნები დემოკრატიული არ იქნება და შედეგი, რომელსაც ორშაბათს მივიღებთ, დადგენილი იქნება მთავრობის და არა ამომრჩევლის ნების მიერო.

კრემლთან შექმნილი კონფლიქტი მართლაც მნიშვნელოვანი სიახლეა ბელორუსიის საგარეოპოლიტიკური ცხოვრებისთვის. ლუკაშენკო ხელისუფლებაში 1994 წლის შემდეგ არის, რაც, სხვათა შორის, ევროპელი პოლიტიკოსის მმართველობაში ყოფნის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟია. წლების მანძილზე ლუკაშენკო კრემლის ერთგულ მოკავშირედ ითვლებოდა, თუმცა ამ ბოლო პერიოდში მისი რიტორიკა და ქმედებები შეიცვალა და მან რუსეთი თავისი ოპონენტების დაფინანსებაშიც კი დაადანაშაულა. რუსეთის მიმართ ლუკაშენკოს ბრალდებები იმდენად ხმამაღალი გახდა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა უპასუხა - ეს განცხადებები „ძალიან უპატიოსნოაო“, განაცხადა.

თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ბოლო დღეებში მინსკსა და მოსკოვს შორის კავშირების ხელახალი დათბობის ნიშნები გამოიკვეთა. რუსეთი დათანხმდა დათმობაზე წასვლას ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის გამომწვევ მთავარ ფაქტორთან - რუსეთის გაზისა და ნავთობის ფასებთან - დაკავშირებით. ახალი გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთი ბელორუსიაში იმპორტირებულ ნავთობზე საექსპორტო გადასახადებს მოხსნის, გაზზე დაწესებულ ფასს კი უცვლელად დატოვებს.

ბელორუსიის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ფასები საბაზროზე დაბალ ნიშნულზე იყოს დაფიქსირებული. შესაბამისად, როცა 2006 წელს რუსეთმა ფასების ზრდა დაიწყო და ბელორუსია აიძულა, მილსადენების ქსელში თავისი 50-პროცენტიანი წილი დაეთმო, ეს ლუკაშენკომ მის წინააღმდეგ მიმართულ ზომებად აღიქვა.

ამას მოჰყვა ლუკაშენკოს მხრიდან დასავლეთთან ურთიერთობის დათბობისკენ გადადგმული ნაბიჯები - მათ შორის, ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილეობა. პარალელურად, კრემლთან ურთიერთობა სულ უფრო ფუჭდებოდა, რისი ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი იყო ლუკაშენკოს უარი, რუსეთის მაგალითისთვის მიებაძა და ეღიარებინა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

ზოგადად, ბელორუსიის გადაბირება მოსკოვსაც სურს და ევროკავშირსაც. ამისათვის ლუკაშენკოს მსხვილ ეკონომიკურ წამახალისებელ პაკეტებს სთავაზობენ. ევროკავშირის ბოლო დაპირება - როგორც ზემოთ უკვე გითხარით - 3 მილიარდი ევროს გამოყოფას უკავშირდება, არჩევნების კარგად ჩატარების შემთხვევაში.

იან მაქსიმიუკის თქმით, ლუკაშენკოს ეს ვითარება ესმის და ამით სარგებლობს კიდეც:

„ლუკაშენკო ძალიან ჭკვიანი პოლიტიკოსია. მას არ სურს რუსულ ორბიტაზე ყოფნა. მისი სურვილია ბელორუსია დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდეს. რასაკვირველია, მას თავისი მიზნები ამოძრავებს - ხელისუფლებაში დარჩენა რაც შეიძლება დიდი ხნით სურს. ეს კი დაბალანსების პოლიტიკის გატარებას ნიშნავს. ისე კი, ჩემი შთაბეჭდილებით, მედვედევს და პუტინს ლუკაშენკო სძულთ და პირიქით“.

ბელორუსიაში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს ხმის მიცემის წინასწარი პროცედურა, რასაც ამ ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს. ბევრი თვლის, რომ საარჩევნო ყუთებში ყალბი ბიულეტენების ჩაყრა ყველაზე ინტენსიურად სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობს. საკუთრივ კენჭისყრა, როგორც აღვნიშნეთ, კვირას არის დანიშნული.