ორშაბათს ვაშინგტონის საავადმყოფოში გარდაიცვალა რიჩარდ ჰოლბრუკი, ამერიკელი დიპლომატი, რომლის შუამავლობითაც 1995 წელს დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევა გახდა შესაძლებელი. ბოლო ორი წლის მანძილზე რიჩარდ ჰოლბრუკი ავღანეთსა და პაკისტანში აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარგზავნილი იყო. ჰოლბრუკი 69 წლის იყო. ის შეუძლოდ გასულ პარასკევს სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობისას გახდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჰოლბრუკს ”ამერიკის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი გიგანტი” უწოდა. ობამას განცხადებაში ნათქვამია აგრეთვე, რომ ჰოლბრუკის თითქმის 50-წლიანი დიპლომატიური მოღვაწეობის შედეგად შეერთებული შტატები ”უფრო ძლიერი, უსაფრთხო და პატივსაცემი” გახდა.