ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის შედეგები და პრობლემები

ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მონიტორინგის მეხუთე ეტაპის ანგარიშის განხილვა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა და ”ღია საზოგადოება - საქართველომ” დღეს ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მონიტორინგის მეხუთე ეტაპის ანგარიში წარმოადგინეს. ანგარიშში ასახულია 4 წლის განმავლობაში პროგრამით გათვალისწინებული პროექტების განხორციელებაში მიღწეული შედეგები და არსებული პრობლემები. ყველაზე პრობლემურ პროექტად სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტია დასახელებული.

2005 წელს საქართველოსა და შეერთებული შტატების მთავრობებს შორის ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც საქართველოსთვის 295 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა. პროექტის ფარგლებში 5 მიმართულება დაფინანსდა. ესენი გახლავთ:

სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაცია, ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარება, საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდისა და აგრობიზნესის განვითარება.

გამოყოფილი თანხების ხარჯვისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის მონიტორინგი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოსა” და „გამჭვირვალე ფინანსური დახმარება საქართველოსთვის“ მხარდაჭერით 2006 წლიდან დაიწყო.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროგრამების ხელმძღვანელის ნინო ევგენიძის განცხადებით, მეხუთე ეტაპის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე პრობლემურად შეიძლება სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტი დასახელდეს. კომპანია „აშტრომ ინტერნეიშენელმა“ თავდაპირველად გათვალისწინებულ თანხაში ვალდებულებები ვერ შეასრულა. მეტიც, შემოკლებული გზის რეაბილიტაციას გათვალისწინებულზე მეტი თანხა დაახარჯა:

”სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციისთვის თავდაპირველ ხელშეკრულებაში, რომელსაც 2005 წელს მოეწერა ხელი, 102 მილიონი დოლარით 245 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია და, უკვე 2010 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, 212 მილიონი დოლარით მოხდა 222 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია, ანუ 20 კილომეტრით ნაკლები გზის რეაბილიტაცია 100 მილიონით მეტი დაჯდა”.

საგულისხმოა, რომ თავდაპირველად, ანუ 2005 წელს, გამოყოფილ 295 მილიონ დოლარს 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, 100 მილიონი დოლარი კიდევ დაემატა და მთლიანად სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციას მოხმარდა. ამავე პროექტს მოხმარდა სხვა პროექტებს ჩამოკლებული კიდევ 10 მილიონი დოლარი. ეს ის გზაა, რომელიც 15 ნოემბერს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა:

”ეს არის მართლაც ისტორიული დღე და ისტორიული გზა, ეს არის ხარისხით საუკეთესო გზა, რომელიც აქამდე აშენებულა საქართველოში, და ეს არის ის სტანდარტი, როგორიც უნდა იყოს ყველა გზა საქართველოში”.

სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციას 2010 წლის აგვისტოში კომპანია „აშტრომ ინტერნეიშენელი“ ჩამოშორდა, მას სახელმწიფომ კონტრაქტი შეუწყვიტა. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროგრამების ხელმძღვანელის ნინო ევგენიძის განცხადებით, უკვე 2008 წელს ნათელი იყო, რომ კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს ვერ შეასრულებდა:

2010 წლის აგვისტოში სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის დასასრულებლად ხელისუფლება ტენდერის გამოცხადებას ვეღარ ასწრებდა და ამიტომ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ორ კომპანიას გაურიგდა გზის რეაბილიტაციის პროექტის დასრულების მიზნით, რისთვისაც ერთ მათგანს 30, მეორეს კი 35 მილიონი აშშ დოლარი გამოუყვეს. ნინო ევგენიძე მთავრობას ადანაშაულებს მონიტორინგის სუსტი მექანიზმის გამო. საბოლოო ეკონომიკური უკუგების თვალსაზრისით, ზარალი 31 მილიონ დოლარს შეადგენს, ამბობს ნინო ევგენიძე:

”აშტრომთან დაკავშირებული ამბავი შეიძლება სამაგალითოდ ჩაითვალოს ამგვარი საერთაშორისო პროექტების განხორციელებისას, თუ როგორ შეიძლება თაღლითურმა კომპანიამ მოიგოს ტენდერი ყოველგვარი ნორმებისა და წესების დაცვით და ვერ მოახერხოს შემდეგ ამ ვალდებულებების შესრულება და შემდეგ მასთან დაკავშირებით ბრძოლების გადატანა მოუხდეს სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ეს კომპანია ჩამოშორდეს პროექტს”.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდ „საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბდუშელიშვილი ამბობს, რომ, მთლიანობაში, პროექტი უფრო პოლიტიკური შინაარსის იყო, ვიდრე ეკონომიკური და შედეგი, გარკვეული ნაკლოვანებების მიუხედავად, წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს:

”მე ვფიქრობ, რომ პროექტი, საბოლოო ჯამში, არის ძალიან წარმატებული. ის მიზნები, რაც იყო დასახული, მიღწეულია. თავიდან იყო ბევრი შეცდომა, იყო გამოუცდელობა, დავარქვათ ამას უზუსტობები, მაგრამ ამ უზუსტობებს არ უნდა გადავაყოლოთ პროექტის განხორციელება და მისი დამთავრება”.

გიორგი აბდუშელიშვილისვე ინფორმაციით, კომპანია „აშტრომ ინტერნეიშენელი“ უკვე ორჯერ დაჯარიმდა კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მთლიანობაში, 8 მილიონი დოლარით.

მომავალი წლის 5 იანვარს ვაშინგტონში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაა დაგეგმილი. საქართველოში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა მეორე გრანტის საკითხიც განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ ფონდს მსგავსი პრაქტიკა არა აქვს. შესაძლოა, გამონაკლისის სახით, საქართველოს, როგორც საშუალო და დაბალი შემოსავლების ქვეყანას, კიდევ ერთი გრანტი დაუმტკიცონ.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი კი ბოლო, მეექვსე, ანგარიშს 2011 წლის აპრილში, ანუ პროექტის დასრულების შემდეგ, გამოაქვეყნებს. მასში პროგრამის ეკონომიკური ეფექტიც იქნება ასახული.