კონკურენცია მგზავრობის ღირებულების შენარჩუნებით?

თბილისის მერიამ დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსი 6 დეკემბერს გამოაცხადა. ტენდერი 45 დღე გაგრძელდება და 14 იანვრამდე გასტანს. სპეციალური სატენდერო კომისია გამარჯვებულებს 1 თებერვლიდან გამოავლენს. დედაქალაქის მერიის თანახმად, მთავრობის მიზანია მგზავრებმა კომფორტული და უსაფრთხო ტრანსპორტით იმგზავრონ. მომსახურების გაუმჯობესების წინააღმდეგნი, ცხადია, არც მგზავრები არიან. კონკურსის შედეგად მოსალოდნელ სიახლეებზე ეჭვსა და უნდობლობას, ძირითადად, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გამოხატავენ.

საკითხავია, შეინარჩუნებენ თუ არა სამუშაო ადგილებს თბილისის მიკროავტობუსებზე მომუშავე მძღოლები და მათთან ერთად დასაქმდებიან თუ არა ის მძღოლებიც, რომლებიც დედაქალაქში ავტობუსების რაოდენობის შემცირების შედეგად დარჩნენ უმუშევრები. თბილისის მთავრობისა და საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კონკურსის პირობებში ჩაიდო ნორმები, რომლებიც ყველა მძღოლის დასაქმებას და ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს:

”კომპანიები ვალდებულნი იქნებიან პირველ რიგში არსებული მძღოლები დაასაქმონ. ეს არის სატენდერო წინადადებების მოთხოვნა. ჩვენთვის ეს მოთხოვნა ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ ერთი, ვიტყვი, რომ დღეს ბაზარზე დაახლოებით 2200 ადამიანი მუშაობს ამ სფეროში და, ბუნებრივია, ჩვენი მთავარი ამოცანაა პირველ რიგში მათი დასაქმება მოხდეს. და ასევე მინდა ვთქვა, რომ, ჩვენი ვარაუდით, ტენდერის დასრულების შემდეგ დაახლოებით 1000-მდე დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება.”

თბილისის მერის, გიგი უგულავას, ამ განცხადების მიუხედავად, სამარშრუტო ტაქსების მძღოლების მღელვარება არ ცხრება:

”ბევრ რამეს იტყვიან, მაგრამ სუყველა უმუშევრები დავრჩებით. და, მე მგონი, ეს ასე არ ჩაივლის, რაღაცა მოხდება.”

”ჩვენთვის როგორ იქნება კარგი?! როგორც ეხლა ავტობუსის მძღოლები დაასაქმეს და მერე დატოვეს ისე... თუ ესე გაგვიკეთეს, რა ვიცი, აბა?! აბა, ვინ დაგასაქმებს? ჩემი მანქანით არ მამუშავებენ და თავიანთით მამუშავებენ? რა ვიცი, აბა, რა იქნება, ჯერ არავინ არ იცის”, - ამბობენ მიკროავტობუსების მძღოლები.
ის კი, რაც უკვე ყველასათვის ცნობილია, ისაა, რომ თბილისში მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსი 5 ლოტად გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსებზე, სავარაუდოდ, 5 გადამზიდავი კომპანია იმუშავებს. ტენდერში მონაწილეობის მიღების უფლება იმ ნებისმიერ მსურველს აქვს, რომელსაც ანგარიშზე მინიმუმ 100 000 ლარი ერიცხება. კონკურსში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მწყობრში მოიყვანოს თავის მფლობელობაში უკვე არსებული მანქანები და იმ ნორმებს დაუქვემდებაროს ისინი, რომელიც მერიამ დაადგინა. ეს ეხება როგორც სამარშრუტო ტაქსების ტექნიკურ გამართულობას, ისე მათ ფერს:

”პირობაში წერია, რომ უნდა იყოს ყვითელი ფერის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღეს მოქმედი მანქანები არ შეესაბამება იმ სტანდარტებს. მე არ ვამბობ ყველაზე. არის პროცენტულად, რომელიც ნამდვილად არ გამოდგება, არის პროცენტულად კარგი, ძალიან კარგი და არის ძალიან ცუდიც. და ეს ერთი წლის განმავლობაში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოიყვანოს მწყობრში ფერთან ერთად. ფერის გადაღებვა შეიძლება თავისუფლად”, - აღნიშნავს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი ლავრენტი ალანია. მანვე გვითხრა, რომ პრაქტიკულად უკვე დაწყებულია მუშაობა იმ ბუნდოვანი მოთხოვნების დასახვეწად, რომელიც კონკურსის წესებსა თუ პირობებში დევს:

”აი, მაგალითად, აცხადებენ, რომ კუსტარულად დამონტაჟებული სავარძლები არ უნდა იყოს. ეს რომელს ეხება, იმას, რომელიც დამატებით არის დამონტაჟებული, თუ იმას, რომელიც ხან თურქეთშია აწყობილი და ხან თბილისში? ასევე ევროებზე... ევრო ტიპის საშუალოტევადობის ავტობუსებია საჭირო. ევრო ერთს, მაგალითად, არ გააჩნია კონდენცირების სისტემა, ევრო ორს და ევრო სამს გააჩნია და ევრო ოთხის შემოყვანა დღეს ცოტა აბსურდულად მეჩვენება საქართველოში, რადგან ძალიან ძვირად ღირებულია და გააძვირებს მგზავრობას.”

რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას, რეფორმის ინიციატორები ირწმუნებიან, რომ სამარშრუტო ტაქსებზე მგზავრობა არ გაძვირდება, მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობის ფასის დადგენა სამარშრუტო ტაქსების მფლობელი კომპანიების კომპეტენციაა. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე მოქმედი ფასის უცვლელად შენარჩუნების მოლოდინს შემდეგი არგუმენტით ხსნის:

”ფასი მიკროავტობუსების რეგულირდება საბაზრო პრინციპებით. იცით თქვენ, რომ თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრის გადაზიდვას ეწევა სამი სატრანსპორტო საშუალება. ესენია მიკროავტობუსი, ავტობუსი და მეტრო. შესაბამისად, მათ შორის არის კონკურენცია მგზავრის გადაყვანაზე. აქედან გამომდინარე, ტარიფის ცვლილება, ფაქტობრივად, მე შეუძლებლად მიმაჩნია.”

აქვე შევნიშნავთ, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტზე სოციალურად დაუცველ პირთათვის დაწესებული შეღავათები ახალი გადამზიდავი კომპანიების გამოვლენის შემდეგ მიკროავტობუსებზეც გავრცელდება.