ვინ არის ჯულიან ასანჯი?

„ვიკილიკსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჯი

ჯულიან ასანჯი ძებნილია. მასზე ნადირობენ არაერთ ქვეყანაში, რადგან პოლიტიკურ აქტივისტს, ჟურნალისტს, კომპიუტერის სპეციალისტს, ჰაკერს სხვადასხვა ქვეყანაში ეძებენ. ასანჯს ეძებენ, ერთი მხრივ, იმის გამო, რომ საიდუმლო სახელმწიფო-სამხედრო, დიპლომატიურ მასალებს აქვეყნებს თავისი საინტერნეტო ვებგვერდის - „ვიკილიკსის“ - გზით და, მეორე, იმიტომ, რომ შვედეთის ხელისუფლებამ საქმე აღძრა მის წინააღმდეგ სულ სხვა ბრალდებით.

ავსტრალიელი ჯულიან ასანჯი 39 წლისაა. მის მიერ გამოქვეყნებული მასალები ჯერჯერობით სამყაროს ვერ ცვლის, მაგრამ ბევრს, ვისაც ეჭვები და ვარაუდები აქვს არაერთ დაფარულ პრობლემაზე, მისი „ვიკილიკსის“ დოკუმენტები უდასტურებენ ნაფიქრს. ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობს, ჟურნალისტს ნუ მიწოდებთ, ამ სფეროს დღევანდელი მდგომარეობის გამო არ მსიამოვნებს ასე მომიხსენიონო. ასანჯი თვლის, რომ ჟურნალიზმს იყენებენ და იმასაც აცხადებს გერმანულენოვანი გამოცემა „ტაც-“ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკა ქრება, რადგან ძვირია და საფრთხეს უქმნის, მტრებს უჩენს რეპორტიორებსო. მტრებს რაც შეეხება, ის ამბობს: თუკი იმაზე ვილაპარაკებთ, ვინ გაიღებს იმისთვის ყველაზე მეტს, რომ კვალში ჩაგვიდგეს, ეს აშშ-ის სამხედრო უწყებაა, მაგრამ მაინც არა მგონია, რისკი ძალიან დიდი იყოსო. მას უფრო ის ანაღვლებს, რომ მის მიმართ საქმეების აღძვრა შეუძლიათ. ასანჯი სამართალდამცველების სამიზნე ყოველთვის იყო. ის გაასამართლეს კიდეც. სანამ მის სამართალდამცველებთან ურთიერთობაზე გეტყოდეთ, გაგაცნობთ მის პოზიციას - რა უთხრა ასანჯმა რადიო თავისუფლებას წელს, ივლისში, როცა ავღანეთსა და ერაყში ომების შესახებ ათეულათასობით დოკუმენტი გამოაქვეყნა. ასანჯს სურს, საჯარო გახდეს მთავრობების კონფიდენციალური საქმიანობა, როგორც ხელისუფლების ბოროტად გამოყენების მაჩვენებელი:

„ამ საქმის უკან დგას სურვილი, რომელიც არაა ახალი: იმისთვის, რომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, უნდა იცოდე, რა ხდება. ყოველგვარი გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭიროა იცოდე, ბოროტად გამოყენების რა შემთხვევები არსებობს და რა იგეგმება, ამავე დროს. ჩვენ, როგორც ტექნოლოგებმა, შეგვიძლია დავინახოთ, რომ დიდი რეფორმები მაშინ ტარდება, როცა საჯარო და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს აქვთ საშუალება დაინახონ, რა ხდება სინამდვილეში“.

ასანჯმა თავისი საქმიანობით ყურადღება მიიქცია უფლებადაცვის სფეროში. მან და „ვიკილიკსმა“ 2008 წელს მოიპოვეს „აზრის გამოთქმის თავისუფლების“ პრემია, რომელსაც „ცენზურის ინდექსი“ გასცემს ხოლმე და შემდეგ კი, შარშან, უფლებადამცავმა საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნელმა“ მას „ახალი მედიის“ პრემია მიანიჭა სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის შესახებ რეპორტაჟებისთვის.

ახლა ასანჯით ინტერპოლიც არის დაინტერესებული. საქმე ამ შემთხვევაში ეხება შვედეთის პროკურატურის ეჭვს, რომ მან სექსუალური ძალადობის აქტი ჩაიდინა შვედეთში. მაგრამ ინტერპოლს მასზე დაპატიმრების ორდერი არ გაუცია, შექმნილია მხოლოდ ეგრეთ წოდებული „წითელი ცნობის“ დოკუმენტი, რომელიც წევრ-ქვეყნებს ავალებს შვედეთს ასანჯის მოძებნაში დაეხმარონ. აქვე გეტყვით, რომ დღესდღეობით მისი ადგილსამყოფელი არაა ცნობილი. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის ხან ერთ ქვეყანაშია და ხან მეორეში. აშშ ცდილობს ასანჯზე საქმე აღიძრას ჯაშუშობის მუხლით, მაგრამ ექსპერტები თვლიან, რომ დამადასტურებელი მასალა მისი ჯაჯუშური საქმიანობის შესახებ არაა მიგნებული. თუმცა, „ასოშიეიტიდ-პრესი“ იუწყებოდა, რომ მას შეიძლება სამთავრობო საკუთრების მოპარვის მუხლი მიუდგეს. ასანჯი ზემოხსენებულ ინტერვიუში ამბობს, ყველაზე მეტი თავდასხმა ჩვენზე ლეგალური გზებით ბანკებმა განახორციელესო. ამავე კონტექსტში ის ასახელებს ჩინეთს, რომლის მთავრობის შესახებ ასანჯის ფირმამ კრიტიკული მასალა გამოაქვეყნა.

ასანჯის, როგორც ადამიანის, უკეთ დანახვისთვის მისი ერთი მოსაზრებაც მინდა გაგაცნოთ: მას ორი ტენდენცია ხვდება თვალში დღევანდელ მსოფლიოში. ერთი ისაა, რომ სამოქალაქო საზოგადოება კვდება. ის თვლის, რომ იმდენად სწრაფად მუშაობს საფინანსო არხები ელექტრონული გზებით ფულის გადარიცხვების გამო, რომ მათ ვეღარ ეწევიან პოლიტიკური და მორალური სანქციები, რაც იწვევს სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას. სამრეწველო ძალაუფლება ყველა საზოგადოებაში აძლევს ოპორტუნისტებს საშუალებას, სიმდიდრე მოიპოვონ ამორალური გზებით და ის ბნელი და ძნელად დასანახი საფინანსო მექანიზმებით შორს გადაისროლონ. ამდენად, სამოქალაქო საზოგადოება კვდება. ამასთან, არსებობს ადამიანების დიდი კლასი, რომელმაც ეს იცის და ამისგან მოგებას იღებს. მეორე, ასანჯის თქმით, არის სახელმწიფო, რომელიც მეთვალყურეობაზეა გადასული. ყველა სახელმწიფო, რომელსაც თავის გადარჩენა სურს, საიდუმლო სამსახურებისა და შეიარაღებული სისტემების სამიდან ერთ-ერთ მომწოდებელს უნდა შეუკავშირდეს. ეს სამნი არიან დასავლეთის იმპერია, ყოფილი საბჭოთა იმპერია და ჩინეთი, რომელიც ვერაა იმპერია, მაგრამ ამ მიმართულებით მიდის. ასე ფიქრობს ჯულიან ასანჯი, კაცი, რომელიც მთელი მსოფლიოს მედიას პირზე აკერია, რომელიც თავისი საინტერნეტო ვებგვერდის -„ვიკილიკსის“ - გზით მსოფლიოში საიდუმლო სამხედრო თუ დიპლომატიური არხებით გადაცემულ - ჩვეულებრივ, ხელმიუწვდომელ - დოკუმენტებს აქვეყნებს.