საქართველოს უახლოესი ისტორია - მიტინგი, რომელიც არ სრულდება

საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ

გასულ კვირაში საზოგადოების ერთმა ნაწილმა წარმომადგენლობითი სახალხო კრება მოიწვია, თუმცა რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სულ მალე კრება მიტინგში გადაზარდა, რასაც დიდად არც ღონისძიების ორგანიზატორი პოლიტიკოსები შესწინააღმდეგებიან. ხალხის მოთხოვნით მიტინგი მომდევნო დღესაც გაიმართა. რატომ არ ამართლებს საქართველოში პოლიტიკური ბრძოლის სხვა ფორმა და რატომ ვერ ამბობს საზოგადოება უარს მიტინგებზე?

ზვიად გამსახურდიას დროს დაწყებული ეს ტაქტიკა და სტრატეგია პოლიტიკური ბრძოლისა აბსოლუტურად არ შეცვლილა და განახლებულა ...
„საქართველოს გაუმარ-ჯოს! გაუმარ-ჯოს! გაუმარ-ჯოს! ბრძოლა გრძელდება, თქვენ გაგიმარჯოთ!“ - ამბობს მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი. საქართველოს უახლოესი ისტორია მართლაც მდიდარია ბრძოლებით, მიტინგებითა და საპროტესტო გამოსვლებით, რის ნოყიერ ნიადაგსაც ცხოვრების დაბალი დონე, ხარვეზებით ჩატარებული არჩევნები და არაეფექტიანი მართლმსაჯულება ქმნის. ბევრი მოქალაქისათვის მიტინგი უმთავრესი ასპარეზია, სადაც საქართველოს - სამშობლოს - ბედი წყდება.

„საქართველოს უჭირს და უნდა ვიდგეთ მის გვერდზე!“ - ამბობს მიტინგის მონაწილე ქალი. „სტკივა ჩემს ქვეყანას, სტკივა ჩემს ერს და მტიკივა მე“, - მხარს უბამს მას მიტინგზე მყოფი კიდევ ერთი ქალი, რომელსაც საშუალო ასაკის მამაკაცი ენაცვლება: „საქართველო აღარ იქნება. იქნება ან სასომხეთი ან თურქეთი. გაყიდულია საქართველო!“

სწორედ საქართველოს გადასარჩენად იმართება მიტინგების უმეტესი ნაწილი. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე შენიშნავს, რომ მიზანთან ერთად ასევე არ იცვლება მიზნის მიღწევის საშუალება - მიტინგი, რომელიც, როგორც წესი, აღარ ამართლებს:

„ზვიად გამსახურდიას დროს დაწყებული ეს ტაქტიკა და სტრატეგია პოლიტიკური ბრძოლისა აბსოლუტურად არ შეცვლილა და განახლებულა, არანაირი ინტელექტუალური ინოვაცია მანდ არ მომხდარა.“

ქუჩის საპროტესტო გამოსვლებით საქართველოს უახლოეს ისტორიაში ხელისუფლება მხოლოდ ერთხელ - 2003 წლის ნოემბერში - შეიცვალა. უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში არაერთი ხალხმრავალი, მაგრამ, ხელისუფლების შეცვლის თვალსაზრისით, უშედეგო მიტინგი გაიმართა. თუმცა, ამის მიუხედავად, მიტინგის გამართვის ვნება ბოლომდე არც პოლიტიკურ კლასს განელებია და არც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს. მიტინგი დღემდე ითვლება იმ საკრალურ ადგილად, სადაც სასწაული შეიძლება მოხდეს. მხოლოდ მიტინგს შეუძლია დავიწყების წყვდიადიდან ამა თუ იმ პოლიტიკოსის გამოხმობა და ლიდერად ქცევა, თუმცა უხეიროდ გამართულ, ხალვათ მიტინგს შესაძლოა პირუკუ ეფექტიც ჰქონდეს.

საპროტესტო მსვლელობა რუსთაველის გამზირზე
„ამ აქციის ორგანიზატორმა პოლიტიკოსებმა თვითმკვლელობა ჩაიდინეს, მაგრამ ხალხმა რა დააშავა?“ - ირაკლი ოქრუაშვილს, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, 25 ნოემბრის სახალხო კრების შესახებ საუბრისას შემთხვევით არ უხსენებია თვთმკვლელობა და ხალხი, რომლის რაოდენობასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა რუსთაველის გამზირზე შეკრების წინ განაცხადა, რომ ყველაფერს გადაწყვეტს ის, თუ რამდენი ადამიანი მივა შეკრებაზე.

„თუ 100 ათასი ადამიანი მივა, ხალხის მოთხოვნა რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეს?“ - იკითხა მან.

სწორედ რაოდენობა წყვეტს ხალხთან დაკავშირებულ ანტინომიას, რომლის მიხედვითაც ხალხს ყველაფრი და არაფერი შეუძლია. რაოდენობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ეპოქაში, რომელსაც იტალიელი მოაზროვნე უმბერტო ეკო ინფორმაციის დიქტატურისა და დიდი რიცხვების ეპოქას უწოდებს. ამ ეპოქაში სტატისტიკა, რეიტინგი და რაოდენობა ყველაფერია, თუმცა ერთია მიტინგზე მისული ხალხის რაოდენობა და მეორე - თავად მიტინგი, ერთგვარი ტოპოსი, სადაც, როგორც ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ამბობს, დიდი გასაქანი ეძლევა საქართველოში დამკვიდრებულ პოლიტიკური პრობლემების მითო-პოეტურ განზომილებაში ხედვის ტრადიციას.

ნებისმიერი საშუალო ადამიანი სავსეა ზარ-ზეიმისა და თავდაჯერებულობის გრძნობით. თავის ნებისმიერ მოღვაწეობას აფასებს როგორც დადებითს და სრულფასოვანს ...
„ძალიან ხშირად ჩვენი პოლიტიკური აზროვნება აიგება პოლიტიკურ მითოლოგემებზე და ერთგვარ აქსტატულ და ექსტრემალურ განწყობილებებზე. მიტინგი ყოველივე ამას აკმაყოფილებს. მიტინგი სავსე არის ერთგვარი ირაციონალური განცდებით, მოლოდინით იმისა, რომ სულ მცირე მოძრაობაა საჭირო იმისთვის, რომ ყველაფერი ერთბაშად შეიცვალოს და ოქროს საუკუნე დადგეს ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრებაში. ეს არის გამოძახილი საზოგადოების ერთგვარი ინფანტილიზმისა, რომელიც ჩვენ გვახასიათებს, მიუხედავად მძიმე 20 წლიანი გამოცდილებისა.“ - ზაზა ფირალიშვილი ამბობს, რომ მიტინგი, რომელსაც უდავოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, არ შეიძლება უსასრულო იყოს. მიტინგზე ადამიანმა, როგორც მასის ნაწილმა, შეიძლება გააკეთოს ის, რასაც სხვა შემთხვევაში საკუთარი ნებით არ გააკეთებდა.

მიტინგის წამყვანის ხმა: „ჩვენ ვართ ქუჩაში. ფიზიოლოგია ისეთი რამეა, რომ ხან გადადგომა გინდა და ხან რა... აი, იქ პატარა მოაჯირი რომაა, დავდგათ „გარშოკები“ და მოვისაქმოთ, მერე გადავაქციოთ შიგნით.“

აღსანიშნავია ისიც, რომ გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულის, ეთნო-ნაციონალიზმით გაჟღენთილი „ქართული მიტინგების“ ესთეტიკამ ერთგვარი მუტაცია განიცადა. უკანასკნელი წლების განმავლობაში მიტინგებს ეგრეთ წოდებული „ბელადების“ ნაცვლად, ესპანელ ფილოსოფოსს ხოსე ორტეგა ი გასეტს რომ დავესესხოთ, ჩვეულებრივი, საშუალო ადამიანები ხელმძღვანელობენ. გთავაზობთ ამონარიდს მისი წიგნიდან „მასების ამბოხი“:

„ნებისმიერი საშუალო ადამიანი სავსეა ზარ-ზეიმისა და თავდაჯერებულობის გრძნობით. თავის ნებისმიერ მოღვაწეობას აფასებს როგორც დადებითს და სრულფასოვანს, არა მარტო მორალური, არამედ ინტელექტუალური თვალსაზრისით. ხალხს ძალისძალად ახვევს თავს თავის ბანალურ აზრებს, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისე იქცევა, როგორც „პირდაპირი მოქმედების“ წესები კარნახობენ.“

ოპოზიციის საპროტესტო აქცია. 2009 წლის 9 აპრილი
უნდა ითქვას, რომ საშუალო ადამიანებით გაჯერებულია როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება. შესაბამისია მათი ლექსიკაც:

მიხეილ სააკაშვილი: „თუ რომელიმე პოლიტიკოსი არის, ბოდიში და, „ჩმორი“, საქართველო არასოდეს არ დაჩმორდება!“

ლევან გაჩეჩილაძე: „პატიოსან სიტყვას გაძლევთ, არ დავიღლები, ბოლომდე შევიყვან! სანამ სისხლი მიდუღს, ბოლომდე შევიყვან!“

თუმცა, უკანასკნელი მოვლენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მიტინგების ვნება საგრძნობლად განელდა, მაგრამ არა იმდენად, რომ ხელისუფლებამ შვებით ამოისუნთქოს. შექმნილია ერთგვარი ჩიხური ვითარება: მიტინგით არ იცვლება ხელისუფლება, მაგრამ მიტინგი პერიოდულად მაინც იკრიბება. რა გამოსავალი არსებობს? ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ მიტინგებს, როგორც წესი, ენერგიით ხელისუფლება მუხტავს, უფრო ზუსტად მისი ერთ-ერთი მახასიათებელი:

„ხელისუფლების აბსოლუტური უუნარობა და სურვილის არარსებობა ელაპარაკოს ამ ხალხს - როგორც ისინი ხედავენ, ჩამორჩენილ, გაუნათლებელ, ექსტრემისტ ხალხს - და დაარწმუნოს ისინი იმაში, რომ რასაც აკეთებს, მათთვის (ხალხისთვის) აკეთებს... ეს არის ყველაზე პროდუქტიული და საუკეთესო, რაც საჭიროა რეფორმისთვის. აი, ამის დეფიციტია საქართველოში. ხალხი გრძნობს თავს იგნორირებულად და შეუარცხყოფილად, რის გამოც ვერ იქმნება დემოკრატიული გარემო.“

ლელა გაფრინდაშვილის თქმით, ასევე ერთგვარი გამოსავალია ხელისუფლებაზე ზემოქმედება პოლიტიკური მიკერძოებისგან დაცლილი პროტესტით, რომლის დეფიციტიც აშკარად იგრძნობა თანამედროვე საქართველოში.