ილორის ტაძრის ”რესტავრაციას” ქართული მხარე ვანდალიზმად აფასებს

ილორის ტაძარი რესტავრაციის შემდეგ

მე-11 საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ილორის ტაძარმა, რომელიც აფხაზეთში მდებარეობს და დღემდე თითქმის პირვანდელი სახით იყო შემორჩენილი, ე.წ. რესტავრაციის შემდეგ სახე იცვალა. ტაძრის ფოტოები, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ 2 დეკემბერს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ ეკლესიისგან, რომელიც აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს უნახავთ და ახსოვთ. ილორის ტაძარი თეთრადაა გადაღებილი, რასაც, როგორც კულტურის მინისტრი აცხადებს, უძველესი ქართული წარწერები და ფრესკები შეეწირა.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა

ილორის ეკლესიის ახალ ფოტოებზე მისი რესტავრაციის შედეგად შეცვლილი ტაძრის ყველა დეტალი არ ჩანს, მაგრამ მის ძველ ფოტოებთან შედარებისას განსხვავება ძალიან შესამჩნევია. რესტავრირებული ტაძარი, როგორც მას აფხაზური მხარე მოიხსენიებს, გარედანაც და შიგნიდანაც თეთრად არის შეღებილი და მოწითალო კანტები დაჰყვება; მისი გუმბათი კი რუსული ე.წ. ხახვის ფორმის გუმბათითაა შეცვლილი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უძრავ ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი გიორგი გაგოშიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ძველი ილორი ნანახი რომ არ ჰქონოდა, შესაძლოა ტაძარი ვეღარც ეცნო, იმდენად შეცვლილი აქვს მე-11 საუკუნის ქართულ ძეგლს თავისი პირვანდელი სახე. ამ ფაქტს გიორგი გაგოშიძე ისტორიის გაყალბების მცდელობად აფასებს:
მექანიკურად არის ჩამოხურული ეს რუსული ხახვისთავა გუმბათი, რომელიც უცხოზე უცხოა ილორის ეკლესიისათვის...

”ეს ისტორიის მოშლაა, მისი ამშენებელი ხალხის სრული იგნორირება. ილორი - ეს ტიპური ქართული ტაძარია, მე-11 საუკუნის დარბაზული ეკლესია, განუყოფელი ნაწილი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრებისა, თავისი ორნამენტებით, ქართული წარწერებით, ქართული ხატებით და ცნობილი ბარძიმით. ერთ-ერთი ხატი ილორის ტაძრიდან, წმინდა გიორგის გამოსახულებით, ახლა ზუგდიდის მუზეუმში ინახება. მე ჩემი თვალით მაქვს ეს წარწერები ნანახი, ახალგაზრდობაში მინახავს ტაძარი და ახლა მას სულ სხვა სახე აქვს, დაკარგული აქვს ქართული იერი, რუსული ეკლესიის მსგავსადაა შეთეთრებული, და რაც მთავარია, ზემოდან რუსული გუმბათი დაადგეს და ესაა სწორედ აღმაშფოთებელი, რომ ერთნავიანი დარბაზული ეკლესია პრაქტიკულად გადააკეთეს”.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი კი აცხადებს, რომ ილორის წარმომავლობის ეჭვქვეშ დაყენება განხილვის საგანი საერთოდ არ არის. არაორგანული და უცხო ის გუმბათია, რომელიც ტაძარს ახლა ახურავს:
ილორის ტაძარი რესტავრაციის შემდეგ

”მექანიკურად არის ჩამოხურული ეს რუსული ხახვისთავა გუმბათი, რომელიც უცხოზე უცხოა ილორის ეკლესიისათვის. ამ ტიპის ეკლესიას არსად საქართველოში გუმბათი არასოდეს ჰქონია”.

თუმცა იმას, რაც უკვე აშკარაა, კულტურის მინისტრი ნიკა რურუა ვანდალურ აქტად აფასებს და ავღანეთში თალიბების მიერ ბუდას ქანდაკებების აფეთქების ფაქტებს ახსენებს. კულტურის მინისტრმა საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე მომხდარი შეაფასა, როგორც ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა, რის მიხედვითაც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებია დაცული, მათ შორის - ჰააგის კონვენციითაც, და საქართველოს ხელისუფლების სახელით რეაგირებისათვის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართა:

”საქართველოს ხელისუფლება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართავს, რომ ეს ვანდალური ფაქტი დაფიქსირდეს როგორც დარღვევა ყველა არსებული ცივილიზებული ნორმისა, რომელიც იცავს მსოფლიოს ისტორიისა და კულტურის ისეთ ნიმუშებს, როგორიც ილორის ეკლესიაა. უძველესი ქართული სალოცავი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ხელშეუხებლად იდგა, დღეს კირითაა შეღებილი”.

საინტერესოა, რომ ერთი კვირის წინ სააგენტო ”რია ნოვისტიმ” გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია მზადაა მიიღოს იუნესკოს წარმომადგენლები, რათა მათ საკუთარი თვალით ნახონ, როგორ მიმდინარეობს ქრისტიანული ძეგლების რესტავრაცია აფხაზეთში. ეს გამოხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 23 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა, რომელშიც წერია, რომ აფხაზეთში ქართული კულტურული ძეგლები მიზანმიმართულად ნადგურდება.

რადიო თავისუფლება გაესაუბრა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამმართველოს უფროსს, დემურ ბჟანიას, რომელმაც თქვა, რომ ცოტა ხნის წინ მოინახულა ილორის ეკლესია და რომ ზოგიერთი რამ იქ მართლაც შეიცვალა:
ილორის ტაძარი რესტავრაციამდე

”ცოტათი შეცვლილია ეკლესიის იერსახე. გუმბათი მართლაც დაადგეს ტაძარს, თუმცა, როგორც ჩვენ გავიგეთ, ეკლესიის მამაოს თავისი გადაწყვეტილება სამართალდამცავ ორგანოებთან არ შეუთანხმებია, რამაც ტაძრის სახის შეცვლა გამოიწვია”.

დემურ ბჟანია ამტკიცებს, რომ არც ქართული წარწერებია დაზიანებული და არც ხატები; ტაძრის გათეთრებაში კი ცუდს ვერაფერს ხედავს:

”გარედან რომ შეათეთრეს, ამაში ცუდი არაფერია. ქართული მხარე წერს, რომ ქართული ფრესკები და წარწერებია გადაშლილი, არ ვიცი საიდან მოიტანეს. ჩვენ მსგავსი რამ არ გვინახავს. შენობა კი დგას - სუფთა და თეთრი, არც წითელია, არც მწვანე და არც ლურჯი”.

დემურ ბჟანია ამბობს, რომ იქვე ხელუხლებლად დევს ფილები, ქართული წარწერებით, ხელი არავის უხლია არც საფლავების ქვებისათვის... თუმცა ქართველი ექსპერტები ადგილზე საერთაშორისო ექსპერტების ჩასვლის აუცილებლობაზე მაინც ლაპარაკობენ და ფიქრობენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების მდგომარეობა განსაკუთრებით სავალალო და მისახედია.