ქუთაისის საკრებულომ სლოტკლუბებს გადასახადები გაუზარდა

ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ქუთაისის ბიუჯეტის შემოსავლების დიდი წილი სათამაშო ბიზნესიდან ამონაგებ თანხებზე მოდის. საკრებულოს წევრის, ახალი მემარჯვენეების ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის მამუკა მღვდელაძის განცხადებით, ქალაქის ადგილობრივი მოსაკრებლები ბიუჯეტში სულ 11 მილიონი ლარითაა განსაზღვრული და ის ძირითადად სათამაშო კლუბების გადასახადებია.

მერიის საფინანსო სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან ამონაგებმა თანხამ დაგეგმილს გადააჭარბა. საბიუჯეტო განყოფილების უფროსის ირინა ჭეიშვილის თქმით, წლის ბოლომდე თანხები კიდევ გაიზრდება.

ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ერთი კვირის წინ სათამაშო კლუბებს გადასახადი გაეზარდათ. როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურებში აცხადებენ, გადასახადების გაზრდა ქალაქისა და ბიზნესმენებისთვის ოპტიმალური ფორმით მოხდა. სამსახურის ხელმძღვანელის მალხაზ ჭრელაშვილის ინფორმაციით, სათამაშო ბიზნესისთვის კვოტების გაზრდა ქვეყნის მასშტაბით ტარიფის ზრდამ გამოიწვია და ქალაქის ბიუჯეტის შემოსავლები გადასახადების ზრდის შესაბამისად კიდევ მოიმატებს.

როგორც ეკონომიკურ სამსახურში განმარტავენ, სათამაშო ბიზნესის ლიცენზიას ფინანსთა სამინისტრო გასცემს და ის 30 ათასი ლარი ღირს. შესაბამისად, ბიზნესმენები, რომლებიც მხოლოდ ლიცენზირებისთვის სოლიდურ თანხას იხდიან, გადასახადების გადახდისთვისაც მზად უნდა იყვნენ. ქუთაისში სათამაშო ბიზნესის რენტაბელობაზე ისიც მეტყველებს, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და გარეუბნებში ყველაზე დიდი და კეთილმოწყობილი ფართები სლოტკლუბებს უჭირავს.

ჩვენ დავუკავშირდით ერთ-ერთი სლოტკლუბის მფლობელს. მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა პირად საუბარში აღნიშნა, რომ გადასახადების გაზრდა ბიზნესს საფრთხეს უქმნის და ფინანსური პოლიციის მიერ ერთი კვირის წინ სოლიდური თანხებით დაჯარიმებული სათამაშო ობიექტები შესაძლოა საერთოდ დაიხუროს.
შევეცადეთ გაგვერკვია, ოფიციალური მონაცემებით ქალაქში რამდენი სათამაშო კლუბია რაგისტრირებული და რა სახის დარღვევებისთვის ჯარიმდებიან მისი მფლობელები. საგადასახადო ინსპექციაში კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, რამდენადაც ეს ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივად მიაჩნიათ. მაკონტროლებელ ორგანოში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ საქმეში ფინანსური პოლიცია ერთვება, თუ ბიუჯეტის მიმართ სათამაშო ობიექტის დავალიანება 40 ათასს ლარს გადააჭარბებს.