რუსთავის საკრებულომ ადგილობრივ სათამაშო ბიზნესს მოსაკრებელი გაუზარდა

2010 წლის 10 თვის მონაცემებით, სათამაშო ბიზნესიდან - მათ შორის, 14 ტოტალიზატორიდან - რუსთავის ბიუჯეტში 960 ათასი ლარი შევიდა, ანუ ადგილობრივი გადასახდელებიდან მიღებული შემოსავლების თითქმის მერვედი. ქალაქის მთავრობა მიიჩნევს, რომ ადგილობრივ სათამაშო ბიზნესში გაცილებით მეტი რეზერვი არსებობს, ამიტომ უპრიანი იქნება მოსაკრებლის გაზრდა. ქალაქის მთავრობამ ადგილობრივ საკრებულოს შესაბამისი წინადადებით მიმართა. საკრებულომაც მთავრობის პოზიცია გაიზიარა, ოღონდ გარკვეული კორექტირებით - 2011 წლიდან თითო სათამაშო აპარატზე ყოველკვარტალური მოსაკრებელი 2000 ლარით განისაზღვრა, 2000 ლარს გადაიხდიან ტოტალიზატორები ყოველ სალარო აპარატზეც.
ეს გადაწყვეტილება საკრებულომ ორი კვირის წინ გამართულ სხდომაზე მიიღო, თუმცა მთავრობა მოსაკრებლის მაქსიმალურ - 3000 ლარამდე - გაზრდას ითხოვდა.

ცნობისთვის: რუსთავის წარმომადგენლობითმა ორგანომ 2008 წელს სათამაშო ბიზნესზე ფიქსირებული მოსაკრებლის მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი დააწესა - მინიმალური 1500 ლარით განსაზღვრა, მაქსიმალური კი 3000 ლარით. მაშინ საკრებულოს არჩევანი მინიმალურ ზღვარზე შეჩერდა, ანუ გადასახადი 600 ლარიდან 1500 ლარამდე გაიზარდა.

საკრებულოს ბოლო სხდომაზე - მას შემდეგ, რაც საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, მალხაზ ვეფხვაძემ, სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების კლების დინამიკა წარმოადგინა - დეპუტატებმა უარი თქვეს ადგილობრივი სათამაშო ბიზნესის მაქსიმალურად დაბეგვრაზე.

„2008 წლის მეოთხე კვარტალში სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში 353 ათასი ლარი შევიდა, 2009 წლის ანალოგიურ პერიოდში - 280 ათასი ლარი, ხოლო მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში ეს მაჩვენებელი 169 ათას ლარამდე დავიდა“, - განაცხადა მალხაზ ვეფხვაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ, კახა გურგენიძემ, ხსენებულ სხდომაზე საკრებულოს წევრებს გადაწყვეტილების, ასე ვთქვათ, შუალედური ვარიანტი შესთავაზა, ანუ მოსაკრებლის იმდენად გაზრდა, რომ ამან სათამაშო ბიზნესიდან საბიუჯეტო შემოსავლებიც გაზარდოს და, ამავე დროს, სათამაშო ბიზნესის მესვეურთ საკუთარი ბიზნესის დახურვის ან რუსთავიდან სხვაგან გადატანის სურვილი არ გაუჩინოს.
გურგენიძემ ისიც განაცხადა, სათამაშო ბიზნესისთვის დაწესებული ახალი საგადასახადო რეჟიმი დროებითია და შესაძლებელია გადაიხედოსო. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აისახება ეს ცვლილება საბიუჯეტო შემოსავლებზე და გაუძლებს თუ არა ამ რეჟიმს სათამაშო ბიზნესი.