ქართული პრესის მიმოხილვა, 29 ნოემბერი 2010

ორშაბათის პრესა თემატურად მრავალფეროვანია. დღეს გამოქვეყნებულ რამდენიმე საინტერესო ინტერვიუს გაგაცნობთ. დავიწყოთ ”კვირის პალიტრით”, სადაც დღეს ნახავთ ინტერვიუს ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილთან, რომელიც ბევრ სხვადასხვა თემაზე ლაპარაკობს, საგარეო პოლიტიკაზე, სოციალურ მდგომარეობაზე...

"ერთი მხრივ, ჩვენ გვყავს მოსახლეობის რადიკალურად განწყობილი დიდი ნაწილი, რომლისთვისაც სააკაშვილი მიუღებელია, მაგრამ ასევე მიუღებელია ოპოზიციაც. მიაჩნიათ, რომ ის ამა თუ იმ ფორმით ხელისუფლებას გაურიგდა”, - ამბობს ზაზა შათირიშვილი და განაგრძობს: ”ხალხს რადიკალური ქმედება უნდა, მაგრამ ოპოზიციაში შემსრულებელს ვერ ხედავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვითარება შეიძლება ნებისმიერ წუთს უმართავი გახდეს და ერთადერთი, რასაც მისი გაუვნებლება შეუძლია, ქმედითი ეკონომიკური რეფორმებია. ამას კი ჩვენ ვერ ვხედავთ. პირიქით, ისედაც გაუარესებულ სოციალურ ფონზე ხელისუფლებამ სწორედ მიტინგების წინ გაახმაურა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირება, კომუნალური ადმინისტრირების გამკაცრება, ახალი ჯარიმების შემოღება..."

ასევე დღეს თითქმის ყველა გაზეთში ნახავთ ინტერვიუს სახალხო კრების შესახებ, ზოგან ორ ან მეტსაც. ჩვენ, აი, ერთს გაგაცნობთ. ”მთელი კვირა“ ესაუბრება ნონა გაფრინდაშვილს, რას აპირებთ საერთოდო. ”გვაცალეთ ორი დღე. გუშინაც შევიკრიბეთ, დღესაც შევიკრიბებით და ორ დღეში ყველა კითხვაზე გვექნება პასუხიო”, - უთხრა გაფრინდაშვილმა ”მთელ კვირას”.

”ვერსიაში” ნახავთ ინტერვიუს ქრისტიან-დემოკრატ ნიკა ლალიაშვილთან, რომელიც ჰყვება ერთი მსჯავრდებულის ისტორიას, მსჯავრდებულისა, რომელსაც ცივი იარაღის ტარებისათვის 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც ნიკა ლალიაშვილი ჰყვება, ცივი იარაღის ტარება გამოიხატებოდა იმით, რომ მსჯავრდებული საკუთარი ჯიხურის წინ დანით ძეხვს ჭრიდა.

ქრისტიან-დემოკრატებს და კიდევ რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას ”ახალ თაობასთან” საუბარში ჰამლეტ ჭიპაშვილი აკრიტიკებს. ”ოპოზიციის გაერთიანება ე.წ. „დიდ რვიანად“ და ლაპარაკი აბსტრაქტულ თემებზე, რასაც ჰქვია საარჩევნო კოდექსის შეცვლა, არავის აინტერესებს. ეს არის საზოგადოების დაცინვა. საზოგადოებას არ აინტერესებს არავითარი კოდექსი. მას აინტერესებს თავისი პირობები”, - უთხრა ჰამლეტ ჭიპაშვილმა „ახალ თაობას“.

”კვირის ქრონიკა” აქვეყნებს ინტერვიუს შალვა ნათელაშვილთან. მინდა შემოგთავაზოთ ჟურნალისტისა და რესპონდენტის გასაუბრებიდან ამონარიდი. ”აღმოვაჩინეთ, რომ ამ ნაძირალა ბადრი ბასიშვილის ოფისი, რომლის ზონდერებიც, კარგად იცით, რას უშვრებიან ხალხს, აგერ, ჩვენს ყურისძირში ყოფილა, - ეუბნება ნათელაშვილი ჟურნალისტს, რომელიც პასუხობს: ”რას ამბობთ, მარჯანიშვილზე არიან ეგ ნაგვები მოკალათებულები?” ეს ისე, გაგაცანით... სრულად პუბლიკაციას „კვირის ქრონიკაში“ იხილავთ.