თბილისში ორი აფეთქება მოხდა

ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად "ლეიბორისტების" ოფისი მნიშვნელოვნად დაზიანდა

პირველი აფეთქება ჯავახიშვილის ქუჩაზე, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისის წინ, 01:30 საათზე მოხდა, რასაც 65 წლის ნინო გორდეზიანი ემსხვერპლა. დაშავებულია ერთი ადამიანი, დაზიანდა მიმდებარე საცხოვრებელი სახლები და "ლეიბორისტული პარტიის" ოფისი.

თვითმხილველები აფეთქებამდე "ლეიბორისტული" პარტიის შენობის წინ გაჩერებულ ვერცხლისფერ ავტომანქანზე საუბრობენ. მათი განცხადებით, სავარაუდოდ, სწორედ ამ მანქანიდან დატოვეს ტროტილის შემცველი ასაფეთქებელი მოწყობილობა.

მეორე აფეთქება მუხიანის I მიკრორაიონში, ნონეშვილის ქუჩის მე-13 კორპუსში არსებულ მაღაზიასთან, 02:56 საათზე მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანებულია თავად მაღაზია და საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრები.

ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, აფეთქება მაღაზიის კიბეზე დამონტაჟებულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ აფეთქების ადგილებზე ჩატარებული ექსპერტიზის პირველადი შედეგების თანახმად, ორივე შემთხვევაში ერთი და იმავე ტიპის ნივთიერება აფეთქდა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც აფეთქების მოწყობისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.