გაერო იუწყება მსოფლიოში შიდსის გამომწვევი ვირუსით ინფიცირებისა და შიდსით სიკვდილის შემთხვევების კლების შესახებ, თუმცა, აცხადებს, რომ მილიონობით ადამიანს ჯერ კიდევ არ შეხებია ამ დაავადების პრევენციისა და მკურნალობის მხრივ მიღწეული პროგრესი. გაეროს უწყება UNAIDS-მა, რომელიც შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო ძალისხმევას უძღვება, დღეს განაცხადა, რომ ინფიცირების შემთხვევებმა 19 პროცენტით იკლო 2004-დან 2009 წლამდე. 2009 წელს შიდსმა 1,8 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რაც ნაკლებია 2004 წლის მაჩვენებელზე, 2,1 მილიონზე. ყველაზე მძიმედ დაზარალებულ რეგიონად სახელდება აფრიკის ის ნაწილი, რომელიც საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარეობს.