ქართული პრესის მიმოხილვა, 20 ნოემბერი 2010

”ოცამდე ჟურნალისტი და ოპერატორი მომიტინგეებს ელოდება. ათი წუთის დაგვიანებით სამი ოთხი მოსწავლე გამოჩნდა. კამერებით და დიქტაფონებით მიცვენილმა ჟურნალისტებმა ისედაც დაბნეული მოსწავლეები კიდევ უფრო დააბნიეს”, - წერს დღევანდელი „რეზონანსი“. საინტერესოა, რომ ამ ბოლო დროს აქციებზე ჟურნალისტების რაოდენობა ძალიან ხშირად აქციის მომწყობთა რაოდენობას უტოლდება ან ამეტებს ხოლმე, რაც, ალბათ, საინტერესო ტენდენციებზე მიანიშნებს. შესაძლოა საზოგადოების ინტერესი და ინტერესის გამოხატვის ფორმები სხვა მიმართულებით მიდის, მედია კი, ინერციით, ძველ კალაპოტში ტრიალებს. „რეზონანსის“ სტატიაში ჟურნალისტი ცდილობს გაარკვიოს რა მოუვიდა მოსწავლეთა საპროტესტო მუხტს. ‘ჩვენ ჯერ პატარები ვართო’, - ამბობენ მოსწავლეები და ვარაუდობენ, რომ ისინი, ვინც დაგეგმილ აქციაზე არ მივიდა, უბრალოდ, დააშინეს: „უთხრეს, რომ გამოყრიდნენ სკოლებიდან, ატესტატებს არ მისცემდნენ”.

იპოვეთ სამი განსხვავება. „რეზონანსის“ რუბრიკაში „რეგიონის დროით“ ერთმანეთის გასწვრივ ორი სურათია განთავსებული, ორი ჩინოვნიკისა. განსხვავებანი: ერთ-ერთ ჩინოსანს ჰალსტუხი უკეთია, მეორეს - არა; ერთს წინ ფურცელი და კალამი უდევს, მეორეს - არა; მესამე განსხვავება ბუნებრივად გამოსახული ადამიანია. დანარჩენი თითქმის ყველაფერი ფოტოზე საერთოა: შავი ტყავის სავარძელი, სერიოზულად მარცხნივ მოტრიალებული დადგმული კადრი, კადრში კი პრინტერი და მიხეილ სააკაშვილის სამაგიდო სურათი. თავად სტატია, რომლის საილუსტრაციოდაც ეს ორი ფოტოა გამოტანილი, ფოთში საზოგადოებრივი მონიტორინგის შექმნაზეა.

მოდით, დროში გადავინაცვლოთ, ოღონდ საუბარი თემატურად გავაგრძელოთ. კვირის დასაწყისში იგივე „რეზონანსი“ ჟურნალ „ლიბერალში“ დაბეჭდილ სტატიაზე წერს, რომელსაც უჩივლეს ტექსტისა და ილუსტრაციის შეუსაბამობის გამო. სოზარ სუბარი:

”ჩემი პოზიცია იყო, რომ ყველა თავისუფლებას უნდა ჰქონდეს რაღაც გონივრული ზღვარი, ხოლო ფოტო, რომელიც „ლიბერალის“ რედაქციამ დაურთო სტატიას, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ჩემს მოსაზრებას და ისე გამოვიდა, თითქოს მე ვითხოვდე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას”.

ფოტოს რაც შეეხება, როგორც „რეზონანსი“ წერს, მასზე ადამიანს პირი „ელვითა“ აქვს აკრული. „ლიბერალის“ რედაქტორი შორენა შავერდაშვილი ამბობს:

”ფოტო ძალიან ზუსტად ასახავს სტატიის შინაარსს, რადგან გარკვეულ სიტუაციებში შენი გამოხატვის თავისუფლება უნდა შეიზღუდოს და პირობითად პირი უნდა შეიკრა ‘ელვით’”.

სიტყვა ‘შეიკრა’ არის აქ მნიშნველოვანი. როგორც ჩანს, „ლიბერალის“ რედაქცია გულისხმობს საკუთარი გადაწყვეტილებით პირის აკვრას.

ფონდ „ღია საზოგადოების“ დაფინანსებით, ჟურნალისტური გამოძიების კიდევ ერთი მაგალითია „რეზონანსის“ გვერდზე. კერძოდ, მუქი ფერის ჯიპების ფოტოები სტატიაში, სახელწოდებით „‘მაგრად’ შემოჭერილი ქამრები“. სტატია ფოთის ხელმძღვანელობის ავტომობილებზეა, რომელთა ფასები, გაზეთის თქმით, 28-დან 84 ათას ლარამდე ადის. 2007 წლიდან მოყოლებული, ქალაქის მთავრობას ასეთი ცამეტი ავტომობილი შეუძენია. თავად ფოთის მერს ახლახან 77 ათასლარიანი ჯიპის მარკის ავტომობილი უყიდია. რას ერჩოდა ძველ ავტომობილსო, - კითხულობს სტატია, - ავტომობილს, რომელიც, გაზეთის თქმით, შედარებით იაფი და მსუბუქი ყოფილა. თუმცა ავტომობილების ისტორიაზე საინტერესო გაზეთში პარალელურად მოყვანილი სხვა ფაქტებია.

”ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ივნისის თვის მონაცემებით, მერიას გადაუხდელი ჰქონდა სამსახურების ოფისის ხარჯი და კომუნალური გადასახადები, ასევე ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის ხარჯები”.

ისევ „რეზონანსი“, რომელიც, მისი თქმით, სამთავრობო პროპაგანდის მთავარ ელემენტს, უცხოური ინვესტიციების ზრდას, ეჭვქვეშ აყენებს. სტატია იშველიებს საერთაშორისო ორგანიზაციათა რეპორტებს და თემაზე ადგილობრივ ექსპერტს დემურ გიორხელიძეს ესაუბრება. ექსპერტი ამბობს, „ხელისუფლების განცხადებები საომარი მდგომარეობის დაუსრულებლობის თაობაზე” უცხოური ინვესტიციებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორიაო.

გაინტერესებთ იდეალური სამსახურის კრიტერიუმები ქართველთათვის? იხილეთ ისევ დღევანდელი „რეზონანსი“. სტატიას ფოტოს სახით ახლავს გოგონა, საგანგებო ვარცხნილობით, მაკიაჟით და ბრეტელებიანი საღამოს კაბით, კედელთან მიყუდებულ კომპიუტერთან, ტელეფონის ყურმილით ყურთან. გაზეთი გამოკითხვას ატარებს და ასკვნის:

”გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ უმრავლესობა, რა თქმა უნდა, მაღალ ხელფასებზე ოცნებობს, ზოგიერთი მზადაა ამისათვის თავდაუზოგავად იმუშაოს, ნაწილი კი არაფრის კეთებაზე და, სამაგიეროდ, მაღალ ანაზღაურებაზე მისცემია ფუჭ ფანტაზიებს”.

პრესაში ქვეყნდება შავანაფორიან მოძღვართა ფოტოები და სწორი ცხოვრების თაობაზე მათი რჩევა-დარიგება ან მისტიურ სამყაროზე საუბარი. არის, მაგალითად, ცნობა იმის შესახებ, რომ სენაკის მაჟორიტარ დეპუტატს ხუთი ჭიქის მერე სიმღერა ჰყვარებია. აი,საინტერესო ციტატა „ახალი თაობიდან“, საზოგადოებაში არსებულ ბევრ ტენდენციაზე მიმანიშნებელი:

”სააკაშვილის პროვინციული გარემოცვა თბილისის გარემოს ვერ ეგუება”, - ეს ციტატა სტატიიდანაა, რომელშიც დედაქალაქის გადატანის შესახებ არსებული აზრებია გადმოცემული.

დაბოლოს, ინგლისურის მასწავლებელთა გარშემო ატეხილი ხმაური გაზეთების ’ყვითელ’ ფურცლებზე. მოკლედ, გაზეთებმა ერთ-ერთი მასწავლებლის პირად ინტერნეტგვერდზე შეაღწიეს და იქიდან სურათები საკუთარი გაზეთების წინა გვერდზე გადმობეჭდეს. სურათები, შეიძლება ითქვას, საკმაოდ ღიაა, თუმცა არსებითად შინაარსი აქ ნაკლებ მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ მათი გამოჭენება ამ ადამიანის სექსუალური ორიენტაციისა და გარყვნილების გამომზეურებას ისახავს მიზნად. დასმულია კითხვა: ’ამან ჩვენ შვილებს რა უნდა ასწავლოს?’

ამ თემას გაზეთი „სიახლე“ ავითარებს. გაზეთის ჟურნალისტებს ცოტა მეტის გაგება ნდომებიათ ამ უცხოელი ახალგაზრდა ადამიანის შესახებ, მისულან მასთან სახლში, საიდანაც, ჟურნალისტთა თქმით, სპეცსამსახურების თანამშრომლებს გამოუყრიათ. სტატიაში ჟურნალისტები ჰყვებიან, როგორ ჩაუცვამთ ამის შემდეგ მოსწავლეთა ფორმები, ხელში ისტორიის წიგნები დაუჭერიათ და მისულან იმ სკოლაში, სადაც ინგლისური ენის ახალგაზრდა მასწავლებელი ასწავლის: ”გვინდოდა მისთვის საქართველოს ისტორიის წიგნები გადაგვეცა, რათა გასცნობოდა ჩვენს კულტურასო”.

თავად ინგლისური ენის მასწავლებელთა პროგრამით ჩამოსულ ახალგაზრდას გაკვირვება გამოუხატავს იმის თაობაზე, თუ რატომ არის ამ ქვეყანაში სექსუალური ორიენტაცია ასეთი პრობლემა და უთქვამს, ტრადიციული ორიენტაციის ვარ და რომც არ ვიყო, ამის დამალვაში აზრს ვერ ვხედავო.