პაკისტანის უშიშროების ძალებმა ექვსი ექსტრემისტი მოკლეს სვატის ხეობაში

პაკისტანის არმიის პრესმდივნის განცხადებით, უშიშროების ძალებმა ექვსი ექსტრემისტი მოკლეს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სვატის ხეობაში, რომელშიც წინათ ძლიერი პოზიცია ჰქონდა თალიბანს. არმიის პრესმდივნის თქმით, რეგიონში კომენდანტის საათი გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ექსტრემისტებმა წუხელ იერიში მიიტანეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შაკარ დარის მახლობლად. პაკისტანის უშიშროების ძალების მიერ მოიერიშეების ძებნისას შეტაკება დაიწყო. სვატის ხეობაში 2009 წელს დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის მიუხედავად, რეგიონში მაინც ხდება ცალკეული შეტაკებები.