რიგით მეთორმეტე მსოფლიო რეიტინგში

ბიზნესის წარმოება 2011

ბიზნესის წარმოებისთვის აუცილებელი გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით, გასულ წელთან შედარებით, წელს საქართველო ერთი საფეხურით დაწინაურდა და მეთორმეტე ადგილი დაიკავა. ასეთი შედეგი ქვეყანამ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ყოველწლიური კვლევის შედეგების თანახმად აჩვენა. „დუინგ ბიზნეს 2011“-ის მიხედვით, საქართველო განსაკუთრებით წარმატებული ბიზნესის რეგულირების რეფორმის სფეროში აღმოჩნდა.

საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2010 წლის ოქტომბერში ქვეყანაში 4 157 ბიზნესსუბიექტი დარეგისტრირდა; მათ შორის, მაქსიმალური უმრავლესობა, 98 პროცენტი, სამეწარმეო სუბიექტია. კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, დავით ნარმანია აღნიშნავს, რომ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები მართლაც შთამბეჭდავია.

თქმა იმისა, რომ დღეს კომპანია დარეგისტრირდა და ხვალ მას უკვე დოვლათი მოაქვს, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ...
„ბევრია რაოდენობრივად, იმიტომ რომ პროცედურები მარტივია და ხელის შემშლელი ფაქტორები არ არსებობს. ბევრი კომპანიას მცირე საქმიანობის მიზნითაც აფუძნებს. მაგალითად, ინდმეწარმის რეგისტრაცია მარტივია, შპს-ის რეგისტრაცია მარტივია, საწესდებო კაპიტალი აღარ მოითხოვება და ა. შ. ამიტომაც იზრდება რეგისტრირებულთა რაოდენობა“.

თუმცა, როგორც დავით ნარმანია განმარტავს, რეგისტრირებული საწარმო პირდაპირპროპორციულად არ ნიშნავს ამოქმედებულ წარმოებას. მისი ინფორმაციით, ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების მხოლოდ ერთი მეხუთედია გადასახადის გადამხდელი. ნაწილობრივ განსხვავებულია საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, გიორგი ისაკაძის მონაცემები. მისი შეფასებით, აქტიურ ბიზნესში დარეგისტრირებული კომპანიების 30-50% ერთვება. რაც ასევე არ არის ცოტა, თუმცა ჯერჯერობით ასახვას ვერ ჰპოვებს ვერც რიგითი მოქალაქისა და ვერც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. აქვე საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი შენიშნავს, რომ ეკონომიკაში რევოლუციური პროცესები მიუღებელია:

„თქმა იმისა, რომ დღეს კომპანია დარეგისტრირდა და ხვალ მას უკვე დოვლათი მოაქვს, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. ამას სჭირდება დრო და ეკონომიკაში რეალურად ასახვა მოხდება წელიწად-ნახევარში, ორ წელიწადში. გადაჭედილი იყო წელს აჭარა, მაგალითად, უამრავი ტურისტით მეზობელი თუ სხვა ქვეყნებიდან, ღმერთმა ამრავლოს ეს ტურისტები, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეკონომიკაზე ეს აისახება ზუსტად მომავალ წელს, როდესაც ეს ადამიანები იმ ფულის დახარჯვას დაიწყებენ, ვგულისხმობ ქართველებს, რომლებმაც რაღაცა დოვლათი ამითი მოაგროვეს“.

ადრე თუ 10 სტანდარტის, 10 კრიტერიუმის მიხედვით ვიყავით მე-11 ადგილზე, ცხრა სტანდარტის მიხედვით, ჩვენ ავიწიეთ მეცამეტედან მეთორმეტე ადგილზე. ანუ ეს რეალურად არის წინ წაწევა ...
გიორგი ისაკაძე აღნიშნავს იმასაც, რომ მიუხედავად ყველა იმ პრობლემისა, რომლის წინაშეც დღეს საქართველოს ეკონომიკა დგას, მსოფლიო ბანკის რეიტინგებში მუდმივი წინსვლა მომავალში ადეკვატურად აისახება ინვესტიციების ზრდის პროცესზე.

„მსოფლიო ბანკის“ ანგარიში არის კიდევ ერთი გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმები სწორი მიმართულებით ვითარდება“, – აცხადებს იგი.

მსოფლიო ბანკის რეიტინგის მიხედვით, 2011 წელს ბიზნესის წარმოებისთვის საუკეთესო ქვეყნად კვლავ რჩება სინგაპური, შემდეგ ჰონგ-კონგი, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. საქართველოს ამ რეიტინგში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეთორმეტე ადგილი ერგო. ოპონენტთა ერთმა ნაწილმა, მე-12 ადგილი რეიტინგის გაუარესებად მიიჩნია. აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა რეიტინგის გამოთვლის მეთოდოლიგიაში შესული ცვლილებები. თუ ადრე ქვეყანაში შექმნილი ბიზნესგარემო 10 კრიტერიუმით ფასდებოდა, ახალი მეთოდოლოგია ცხრა კრიტერიუმს ეყრდნობა. ცხრა კრიტერიუმით შეფასების საფუძველზე, საქართველოსთვის 2010 წელს მიკუთნებული მე-11 ადგილი მე-13 აღმოჩნდა. შესაბამისად, 2011 წლისთვის სახეზეა რეიტინგის ერთი საფეხურით გაუმჯობესება და არა გაუარესება.

„ადრე თუ 10 სტანდარტის, 10 კრიტერიუმის მიხედვით ვიყავით მე-11 ადგილზე, ცხრა სტანდარტის მიხედვით, ჩვენ ავიწიეთ მეცამეტედან მეთორმეტე ადგილზე. ანუ ეს რეალურად არის წინ წაწევა. „დუინგ ბიზნესმა“ ასევე გამოაქვეყნა უკანასკნელ ხუთ წელიწადში ყველაზე წარმატებული ქვეყნების სია და საქართველო არის ლიდერი, არის პირველ ადგილზე მსოფლიოში ამ ქვეყნებს შორის. ეს არის ძალიან დიდი წარმატება“, – გვითხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა.

ბიზნესის დაწყების გარემოს შესაქმნელად მიმართული აქტივობა და ამ თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების წარმატებულობა აღნიშნა, თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა და „დუინგ ბიზნესი 2011“-ის ერთ-ერთმა ავტორმა, ნილ გრეგორმა. მისი თქმით, საქართველო გამორჩეულია ბოლო ხუთი წლის მანძილზე გატარებული რეფორმების ინტენსიური კურსით. აღნიშნულ რეფორმებში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივება. ამ კატეგორიაში საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა. სამშენებლო ნებართვის გაცემის კუთხით, საქართველო მეშვიდე პოზიციაზეა, ხოლო ბიზნესის დაწყების სიმარტივის მიხედვით მერვეა მსოფლიოში.

როგორც ეკონომიკის ექსპერტი, გია ხუხაშვილი აცხადებს, მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი არა ბიზნესის კეთების სიმარტივეს, არამედ ბიზნესის კეთების ტექნიკურ უზრუნველყოფას გულისხმობს. ექსპერტი აღიარებს, რომ, ამ მხრივ, საქართველო მართლაც დაწინაურდა, მაგრამ უცვლელი დარჩა ბიზნესის წარმოების სისტემური პრობლემები. მათ შორის უმთავრესი – მაღალი პოლიტიკური რისკები. ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ექსპერტმა რადიო თავისუფლებასთან გაიხსენა, მეწარმეებზე ადმინისტრაციული ზეწოლის ფაქტებსა და კომპანია „ყაზბეგის“ წარმოების შეჩერების საკითხს ემყარება:

„ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას მეწარმესთან ერთად მოეძებნა იმის საშუალებები, რომ წარმოებას გაეგრძელებინა საქმიანობა, მით უფრო – რომ საკმაოდ საკამათო დარიცხულ გადასახადებზე იყო საუბარი – ნაცვლად ამისა, ფაქტობრივად, თვეების განმავლობაში შეჩერდა, რის გამოც, კომპანია, რომელიც ადგილობრივი წარმოების ერთ-ერთი პიონერია, პრაქტიკულად კატასტროფის წინაშე იქნა დაყენებული“.

ბიზნესზე ადმინისტრაციული ზეწოლისა თუ შევიწროების სხვა ფაქტების შემცირება საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური მუხლით გამყარების შემთხვევაში მოხერხდება, – მიიჩნევენ ექსპერტები. ბიზნესის განვითარების ხელშემშლელ ფაქტორთა შორის ისინი ასახელებენ ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობის არასაკმარის ხარისხს.

„დუინგ ბიზნეს 2011“-ის შეფასების ცხრა კატეგორიიდან ყველაზე დაბალი შეფასება საქართველომ „ბიზნესის დახურვის“ კატეგორიაში მიიღო და 183 ქვეყანას შორის 105-ე ადგილი დაიკავა. საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ რეფორმას ამ სფეროშიც ახორციელებს.