ოპოზიციამ და ხელისუფლებამ მოლაპარაკება დაიწყეს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული პირველი შეხვედრა 10 ნოემბერს, პარლამენტის შენობაში, დაახლოებით, ოთხი საათის მანძილზე მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობდა 15 პოლიტიკური პარტია, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარის 9 ნოემბრის მოწოდებას გამოეხმაურნენ. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ერთობლივი მუშაობის ზოგიერთი დეტალი უკვე შეთანხმებულია.

10 ნოემბრის შეხვედრის მასპინძელი – პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთობლივი მუშაობის პროცესი ნაყოფს რამდენიმე თვეში გამოიღებს და შეიქმნება თვისებრივად ახალი საარჩევნო კოდექსი:

„ამ პროცესში მონაწილე პარტიები მზად იქნებიან და მზად არიან, განიხილონ ყველა წინადადება, რომელიც მოემსახურება საარჩევნო კოდექსისა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და რომელიც მიგვიყვანს თვისებრივად ახალ, განახლებულ საარჩევნო კოდექსამდე...”

იმას, რომ მოლაპარაკებათა პროცესში საარჩევნო კანონმდებლობა მართლაც ძირეულად შეიცვალოს, არ გამორიცხავს „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი. შეიძლება ითქვას, რომ 10 ნოემბრის შეხვედრიდან დავით გამყრელიძე ოპტიმისტური განწყობით გამოვიდა:

”... თუ ყველა საკითხთან დაკავშირებით, თუ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით იქნება შეთანხმება მიღწეული, ჩვენ შეიძლება თვისებრივად ახალი კოდექსიც კი მივიღოთ ამ მოლაპარაკებების შედეგად... ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ის მზად არის, ყველა საკითხზე გამართოს მსჯელობა, დისკუსია და დიალოგი ოპოზიციასთან, რაც, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია...”

დავით გამყრელიძის პარტია „ახალი მემარჯვენეები“ ერთ-ერთია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფში, რომელიც რვა პარტიას ითვლის და რომელმაც პრობლემათა აღმოფხვრის კონკრეტული წინადადებებით ხელისუფლებას ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში მიმართა. გარდა „ახლებისა“, ამ ჯგუფში ერთიანდებიან შემდეგი პოლიტიკური ძალები: „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „საქართველოს გზა“, „კონსერვატიული პარტია“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და „ხალხის პარტია“.

ჩამონათვალიდან 10 ნოემბრის შეხვედრას მხოლოდ „ეროვნული ფორუმი“ აკლდა. თუმცა ამგვარი გადაწყვეტილება საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებული პროცესებიდან მათ გამოთიშვას არ ნიშნავს. როგორც 9 ნოემბერს ირაკლი მელაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, ხელისუფლებასთან შეხვედრისას, „ეროვნული ფორუმის“ სახელით დანარჩენი 7 პარტიის წარმომადგენლები იმოქმედებენ. ამ გადაწყვეტილების მიზეზად სახელდება ზაზა ჩაკვეტაძის დაკავების ფაქტი. როგორც ცნობილია, „ეროვნული ფორუმის“ პარტიული კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილე ზაზა ჩაკვეტაძე 21 ოქტომბერს ლილოს ბაზრობაზე მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს და თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

„ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას თქმით, მართალია, ჩაკვეტაძის საქმე ხელისუფლებასთან საარჩევნო თემატიკაზე მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად არ განიხილება, მაგრამ ამ საკითხს ოპოზიციურ პარტიათა ჯგუფი მუდმივად წამოსწევს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას. ეს საკითხი მან 8 ნოემბერს, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროსაც დააყენა.

10 ნოემბრის შეხვედრას კი, ალასანია წინგადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. მისი განცხადებით, კონკრეტული შეთანხმებების მიღწევის პროცესს მხარეები ერთმანეთის მოსმენითა და სხვადასხვა ხედვის გააზრებით დაიწყებენ:

„... შევთანხმდით იმაზე, რომ ყველა დაინტერესებული პოლიტიკური ძალა წარმოადგენს საკუთარ ხედვას იმ პრინციპებზე, თუ როგორ უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო. რვა პარტიას გვაქვს ჩვენი ძალიან კონკრეტულად ჩამოყალიბებული შეთავაზება, მაგრამ ასევე მოვისმენთ სხვა პოლიტიკური ძალების შეთავაზებებსაც“.

ერთობლივი მუშაობის პროცესში, შეიძლება ითქვას, ორი ფრონტით ერთვება ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”. 10 ნოემბერს ლევან ვეფხვაძე თავისი პარტიის განსაკუთრებულ ფუნქციაზე ამახვილებდა ყურადღებას:

„... ერთი მხრივ, ვართ იმ რვა პარტიაში, რომლებმაც კონკრეტული წინადადებები და იდეები მოამზადეს, მეორე მხრივ – ვართ უმცირესობის ლიდერი პარტია, შესაბამისად, ჩვენი პასუხისმგებლობაც არის სწორედ ის, რომ პროცესი მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე. ეს ლოგიკური დასასრული კი, უნდა იყოს ფაქტობრივად ახალი საარჩევნო კოდექსი“.

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” გარდა, საპარლამენტო პარტიებიდან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით დაწყებულ მოლაპარაკებებში ჩაბმული არიან: „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ქართული დასი“, „დემოკრატიული პარტია“, „ჩვენ თვითონ“ და „თავისუფლება“. პროცესს ასევე შეუერთდა კიდევ ერთი არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალა – მრეწველთა პარტია. პარალელურად, კარი ღია რჩება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მსურველი ყველა პოლიტიკური პარტიისთვის.

10 ნოემბერს მიღწეულია შეთანხმება, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები სისტემატურ სახეს მიიღებს და მასში, პოლიტიკური პარტიებთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციები და არასამთავრობო სექტორიც ჩაერთვება. გადაწყვეტილია ასევე, რომ მომდევნო შეხვედრა 17 ნოემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში გაიმართება.