”მედიის მესაკუთრეთა გამჭვირვალობის შესახებ ინიციატივის შინაარსობრივი ნაწილი მომზადებულია და ის ორი დღის ვადაში კანონპროექტის საბოლოო სახეს მიიღებს”, - განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა 8 ნოემბერს. ეს ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც იურიდიულ და დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტებს დაავალა მოემზადებინათ ახალი კანონი, რომელიც მედიამფლობელობის და ფინანსების გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. გულისხმობს თუ არა კანონპროექტი, რომელიც მზადდება, მედიამფლობელთა ფინანსურ გაჭვირვალობას, თუ მხოლოდ მათი ვინაობა უნდა გახდეს საჯარო; ასევე, იქნება თუ არა სრულად გაზიარებული მედიაექსპერტების საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებული წინადადებები. სწორედ ამ პრობლემებზე საუბრობენ რადიო თავისუფლების დღევანდელ სადისკუსიო მაგიდასთან საინიციატივო ჯგუფის წევრი ნინო დანელია და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.