აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა

მედიაექსპერტები ლაშა ტუღუში და ზვიად ქორიძე

რადიო ”თავისუფლების” სადისკუსიო მაგიდასთან დღეს ნონა მჭედლიშვილმა მედიაექსპერტები ზვიად ქორიძე და ლაშა ტუღუში მიიწვია. ეს უკანასკნელი არის წევრი იმ ხუთკაციანი საინიციატივო ჯგუფისა, რომელმაც მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით სპეციალური საკანონმდებლო პაკეტი შექმნა. თბილისის სტუდიაში გამართული დისკუსიის თემაა მედიამფლობელების ვინაობის, ინტერესებისა და მედიასაშუალების დაფინანსების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ინიციატივა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მედიასაკუთრების ახალი სტანდარტის განსაზღვრისას განსაკუთრებული ყურადღება ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული მედიასაშუალებების საკითხს დაეთმობა.