გორის საბავშვო ბაღები სრული დატვირთვით ვერ მუშაობენ

გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლა

გორის ყველა სკოლაში სასკოლო სასადილოები და ბუფეტები ისევ ძველი სისტემით მუშაობენ. სკოლა კონკურსის საფუძველზე თვითონ არჩევს კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიას და მასთან ხელშეკრულებას აფორმებს. როგორც მე–7 საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარ იარღანაშვილი ამბობს, პროდუქტებზე ხარისხის გარანტიას თვითონ მომწოდებელი იღებს.

საგანმანათლებლო რესურსცენტრი სკოლებში კვების საკითხის გადაჭრაში არ ერევა. ამ მიმართულებით სკოლას ავტონომია აქვს და საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავს იმ ფართს, რომელიც მოსწავლეთა კვებისთვის არის განკუთვნილი. გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელის გიორგი ხორბალაძის თქმით, საქართველოს დიდ ქალაქებში უკვე დაინერგა ახალი სისტემა და მოსწავლეები ბარათებით სარგებლობენ. მისი თქმით, ანალოგიური სისტემის დანერგვა გორში მომავალი წლიდან იგეგმება.

გორის საბავშვო ბაღებს ნაწილობრივ ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს. აღსაზრდელების კვება კი მშობლების შენატანზეა დამოკიდებული. გორის ყველა საბავშვო ბაღში გადასახადი ბავშვზე 25 ლარია. შეღავათებია დაწესებული დევნილი და სოციალურად გაჭირვებული ბავშვებისთვის. ბიუჯეტიდან საბავშვო ბაღების თანამშრომლების ხელფასები და კომუნალური გადასახადები ფინანსდება, მშობელი კი გადასახადს ბანკის მეშვეობით იხდის. მე-16 საბავშვო ბაღის გამგის მარიკა ჩიხლაძის თქმით, პროდუქტებს თვითონ ბაღი იძენს და საჭმელს ადგილობრივი მზარეული ამზადებს. მისი თქმით, ყოველდღე სამჯერადი კვებაა, კვირაში ორჯერ კი პატარებს ხორციანი საჭმელი აქვთ.

აგვისტოს ომის შემდეგ ქალაქში არსებული ობიექტებიდან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში საბავშვო ბაღები აღმოჩნდნენ, რადგან ხელისუფლებამ იქ დევნილები შეასახლა. ამჟამად მხოლოდ სამი ბაღი მუშაობს სრული დატვირთვით. დანარჩენი სკოლამდელი დაწესებულებები ფართს სრულად არ განკარგავენ, რადგან იქ დევნილები ცხოვრობენ. ამის გამო მშობლებმა და აღმზრდელებმა პროტესტი არაერთხელ გამოთქვეს. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამჟამად შექმნილი კომისია ბაღებში მცხოვრები დევნილების შესახებ ინფორმაციის მოძიებით არის დაკავებული. გამგეობის განათლების სპეციალისტის ნინო ტატიშვილის თქმით, ბაღებში მცხოვრებთა უმრავლესობას სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპენსაცია ან კოტეჯი უკვე მიღებული აქვს, მაგრამ ობიექტის დატოვებას მაინც არ აპირებს.

რამდენიმე ბაღში ბავშვები საერთოდ ვერ დადიან, რადგან ფართი დევნილებს აქვთ დაკავებული. მათი გამოსახლება არაერთხელ იგეგმებოდა, მაგრამ იძულებით გადაადგილებული პირების მხრიდან წინააღმდეგობის შემდეგ პროცესი შეჩერდა. პრობლემის მოგვარება ჯერ ვერ ხერხდება, რადგან, ერთი მხრივ, ადამიანების ქუჩაში გაშვება რთულია, მეორე მხრივ კი, საბავშვო ბაღები სრულფასოვანი ფუნქციონირების უფლებას ითხოვენ.