საქართველოში სოფლის მეურნეობის დაფინანსება იზრდება

საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით თითქმის ოთხჯერ იზრდება სოფლის მეურნეობს სფეროს დაფინანსება. საქართველოს ეკონომიკის ამ პერსპექტიული მიმართულების განვითარებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტიდან დამატებით 40 მილიონი ლარი გამოიყოფა და მისი ძირითადი ნაწილი მარცვლეული კულტურების მოსავლიანობის ამაღლებას მოხმარდება. უფრო მეტს იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყდა სოფლის მეურნეობის სფეროს დაფინანსების გაზრდა კახა მჭედლიძის მასალიდან შეიტყობთ.

თავისუფლად შეგვიძლია გავაორმაგოთ სოფლის მეურნობის წილი ერთიან ეროვნულ პროდუქტში. ამისათვის ჩვენ უნდა ვისწავლოთ ახალი მეთოდებით მუშაობა და ეს არის მეთესლეობა...
საქართველოს მთავრობას წლების მანძილზე ურჩევდნენ, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ეზრუნა, რადგან მიჩნეულია, რომ საქართველოს ამ მიმართულების განვითარების დიდი პერსპექტივები აქვს. მით უმეტეს, რომ ქვეყანა ევროკავშირთან სავაჭრო პრეფერენციების სისტემა ”ჯი-ეს-პი პლუსით” სარგებლობს, რომელიც ქართველ ფერმერებს ევროპის ქვეყნებში პროდუქციის საბაჟო გადასახადის გარეშე ექსპორტირების საშუალებას აძლევს. მიუხედავად ამისა, წლების მანძილზე საქართველოს სოფლის მეურნეობა დაღმავლობას განიცდიდა და ბოლო წლებში მისი წილი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაში ათ პროცენტს ჩამოსცდა.

დაახლოებით ერთი კვირის წინათ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთში ამერიკული ხორბლის თესვის დაწყებას დაესწრო და სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„შემდეგი 3-4 წელი თავისუფლად შეგვიძლია, სოფლის მეურნობის წილი ერთიან ეროვნულ პროდუქტში გავაორმაგოთ. ამისათვის ჩვენ უნდა ვისწავლოთ ახალი მეთოდებით მუშაობა და ეს არის მეთესლეობა. წელს ჩვენ უნდა ვისწავლოთ ახალი თესლის გამოყენება“.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გაზაფხულიდან გლეხების სასუქითა და საწვავით მომარაგების პროგრამა კვლავ განახლდება, რათა საქართველომ 2013-14 წლისთვის ხორბალზე მოთხოვნილების 35 - 40 პროცენტი დააკმაყოფილოს.

მთავრობამ ადგილობრივ ჯიშებზე უფრო მოსავლინი ამერიკული ხორბლისა და სიმინდის თესლით ფერმერების დახმარებაც გადაწყვიტა. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბაკურ კვეზერელის განცხადებით, ძირითადად სწორედ მეხორბლეობის განვითარებას მოხმარდება მომავალი წლის ბიუჯეტის მიხედვით გაზრდილი დაფინანსება:

ბაკურ კვეზერელი, სოფლის მეურნეობის მინისტრი
„ჩვენი მიზანია, რომ შეძლებისდაგვარად მეტი ვაწარმოოთ ადგილობრივი მარცვლეული, მათ შორის ხორბალი და სიმინდი. ამ მიზნით გაიზარდა ჩვენი მომავალი წლის ბიუჯეტი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ეს იქნება. დანარჩენი თანხები სხვადასხვა პროგრამის დასაფინანსებლად გამოიყენება, მაგალითად, ჩვენი მეურნეობების ინტენსიფიკაციისათვის, რაც სადემონსტრაციო სადგურების მოწყობას გულისხმობს...“

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ხორბლის წარმოების ხელშეწყობა იმისთვის გადაწყდა, რომ საქართველომ უცხო ბაზრებზე დამოკიდებულება შეამციროს. წელს რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტის შეჩერებამ პურპროდუქტებზე ფასების ზრდა და დეფიციტის შიში წარმოქმნა. სწორედ ამ საფრთხის შემცირების მიზნით გადაწყდა სოფლის მეურნეობის ბიზნესში გარკვეული პროგრამების სუბსიდირების გზით სახელმწიფოს ჩარევა. ბაკურ კვეზერელი ამბობს, რომ მიმართულების დაფინანსების გაზრდა სულაც არ ნიშნავს ბიზნესში სახელმწიფოს ჩარევის გაზრდას:

„ეს არ არის ბიზნეში ჩარევა, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა. ამას ახორციელებს სოფლის მეურნეობის კორპორაცია, რომელიც კომერციული ორგანიზაციაა. აქ ხდება ძალისხმევის კონსოლიდირება და შემდგომ მას აქვს საშუალება ჩვენს ფერმერებს პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასებში მიაწოდოს “.

თუ ჩვენ ვნახავთ ყველაზე პროდუქტიულ ქვეყნებს, იმ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2 პროცენტს არ აღემატება...
ბოლო დრომდე საქართველოს ხელისუფლება თავს იკავებდა ეკონომიკის რომელიმე დარგის განვითარების სუბსიდირებისაგან. მიიჩნეოდა, რომ საბაზრო ეკონომიკა თავად წარმოაჩენდა პრიორიტეტულ მიმართულებებს. მიუხედავად ბიზნესის წარმოების გამარტივებისა და დაბალი გადასახადებისა, სოფლის მეურნეობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სიმწირეს განიცდიდა და მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში წლითიწლობით იკლებდა.

ეკონომიკის ექსპერტის, ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს ვიცე-პრეზიდენტის გია ჯანდიერის აზრით, სუბსიდირება კარგს არაფერს მოიტანს, რადგან სუბსიდირების დაწესების შემდეგ მისი გაუქმება შეუძლებელი გახდება. ასევე პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში სოფლად იმაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და სასოფლო წარმოებაში იმაზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ვიდრე ეს საჭიროა მისი განვითარებისთვის:

„საუბარი იმაზე, რომ საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში უნდა გაიზარდოს სოფლის მეურნეობის წილი, არასწორია. თუ ჩვენ ვნახავთ ყველაზე პროდუქტიულ ქვეყნებს იმ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2 პროცენტს არ აღემატება. ჩვენ ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ - პროდუქტიულობა გავზარდოთ და მენეჯმენტი გავაუმჯობესოთ. შესაბამისად, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების რიცხვი შემცირდება“.

სოფლის მეურნეობის პროდუქცია თბილისის ერთ-ერთ ბაზარში
გია ჯანდიერის განცხადებით, მთავრობამ, კერძოდ კი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, სუბსიდირების ნაცვლად პროდუქციის გასაღების ბაზრების მოპოვებაზე უნდა იზრუნოს, რაც ერთ-ერთ ძირითად პრობლემად რჩება. ბაზრების მოძიების აუცილებლობაზე საუბრობს საქართველოს ბიზნესასოციაციის აგრარული განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელი, „თბილღვინოს“ გენერალური დირექტორი გიორგი მარგველაშვილი. ის სუბსიდირების მომხრეა და ფიქრობს, რომ თანხები სტრატეგიული განვითარების გეგმების შემუშავებას უნდა მოხმარდეს.

განსხვავებულად ფიქრობს ეკონომიკის ექსპერტი გია ჯანდიერი, რომელიც მთავარ პრობლემას საგადასახადო პოლიტიკაში ხედავს. კერძოდ კი, აგრარული წარმოების გაფართოების შემთხვევაში მეწარმეს უფრო მეტი გადასახადების გადახდა უწევს, ვიდრე წვრილი გლეხური მეურნეობის წარმოების შემთხვევაში. ასეთი საგადასახადო პოლიტიკის პირობებში საქართველოს აგრარული სექტორი საკუთარ მოთხოვნილებას ისეთი პროდუქტის მიწოდებაშიც კი ვერ აკმაყოფილებს, როგორიცაა ყურძნის წვენი. არადა, ბოლო ორი წლის მანძილზე სახელმწიფო ყურძნის შესყიდვის სუბსიდირებას აფინანსებდა.