ამას - გირაო, იმას - პატიმრობა

5 ოქტომბერს დაკავებული ”კიდობანისა” და ”პასაჟის” რამდენიმე ათეული თანამშრომლიდან, რომლებსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბრალად წაუყენა ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების გამოყენება, რამდენიმე მალევე გაათავისუფლეს. დარჩენილი 34 დაკავებულის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 7 ოქტომბერს გაიმართა. ამასთანავე, შპს "ტრანსის" იმ სამი თანამშრომლის პროცესიც შედგა, რომლებსაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

საქალაქო სასამართლოში სხდომა, ნაცვლად 11 საათისა, 12 საათზე დაიწყო. ვინაიდან დაკავებულთა რაოდენობა სასამართლო დარბაზში დამონტაჟებულ განსასჯელთა სკამების რაოდენობას თითქმის ორჯერ აღემატებოდა, სხდომა ორ ნაწილად გაიყო. მოსამართლეებს ვაჟა ფუხაშვილსა და ტარიელ ტაბატაძეს დაახლოებით 6 საათი დასჭირდათ იმისათვის, რომ წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ 8 დაკავებულისათვის, გირაო კი 29 ბრალდებულისათვის დაეკისრებინათ.

სასამართლო სხდომამდე რომ ლოგიკურად მივიდეთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურ განცხადებას უნდა გადავხედოთ, სადაც წერია: საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით კონტრაბანდული ტვირთისა და ყალბი საბაჟო დოკუმენტაციის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე გადამზიდავი კომპანია შპს "ტრანსის" სამი თანამშრომელი და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი იმპორტიორები დააკავეს. შპს ”ტრანსის” სამივე თანამშრომელს მოსამართლე ფუხაშვილმა 50 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ განაჩენს აპროტესტებს დაკავებულების ადვოკატი დავით აბესაძე და აცხადებს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას 48 საათის განმავლობაში გაასაჩივრებს: ”ბრალად წაუყენეს ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება და გასაღება ჯგუფურად. ვთვლით, რომ მათ ეს დანაშაული არ ჩაუდენიათ, სახელმწიფოსთვის არანაირი ზიანი არ მიუყენებიათ, საბაჟო წესები არ დარღვეულა, განბაჟების მოსაკრებლები სრულად არის ანაზღაურებული, ჩვენ ამას გამოძიების პროცესში დავადასტურებთ”, - ამბობს დავით აბესაძე.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ: ”წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ მეწარმეებს თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შპს "ტრანსის" საშუალებით შემოჰქონდათ. ინდმეწარმეებს შორის შპს "ტრანს-კარგოს" სახელით ცნობილ ფირმას თავისი კონტრაბანდული სქემის განსახორციელებლად თბილისსა და სტამბულში გახსნილი ჰქონდა ვითომდა საბაჟო ტვირთის გადასაზიდი ოფისები, სინამდვილეში კი ამ ოფისებში, იმპორტიორებთან შეთანხმებით, თითოეულ დოკუმენტში 50 აშშ დოლარის სანაცვლოდ ყალბად ამზადებდნენ შესყიდვების დოკუმენტებს, "ინვოისებს", საქონლის წარმოშობის სერტიფიკატებს, სატრანსპორტო გადაზიდვის დოკუმენტებს.”

სავაჭრო ცენტრ ”კიდობანისა” და ”პასაჟის” დაკავებული თანამშრომლების ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნებების დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ მათ ისე მოაწერეს საბუთებს ხელი, არც კი წაუკითხავთ. ამასვე ადასტურებენ დაკავებულთა ახლობლები, რომლებიც ჩაწერაზე არ გვთანხმდებიან, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ: ”წარმოიდგინეთ დიდი მრგვალი მაგიდა, თავზე გადგას უამრავი ადამიანი, ყველას ეჩქარება და არ გრჩება იმის დრო, რომ საბუთებს სრულყოფილად გაეცნო. ჩვენ ნდობით აღჭურვილი პირი გვყავს, მას უნდა გაეფრთხილებინა ინდმეწარმეები, რომ ხელს გაყალბებულ დოკუმენტებს აწერდნენ, თუმცა, რა მოხდა, არ ვიცით”, - აცხადებენ დაკავებული ინდმეწარმეების ახლობლები. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შპს "ტრანსის" სამი თანამშრომელიცა და დაკავებული ინდმეწარმეებიც ერთი და იმავე მუხლით სამართლდებიან: ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი, რომელიც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ინგა გათენაძე ის ერთ-ერთი ინდმეწარმეა, რომელსაც, თუ შეიძლება ითქვას, გაუმართლა და სასამართლომ არა წინასწარი პატიმრობა, არამედ გირაოს სახით 5000 ლარის ოდენობით თანხის გადახდა დააკისრა. მისი ადვოკატი მიხეილ ღონღაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ აღნიშნული თანხის დაკისრება სრულიად არალოგიკურია, იქიდან გამომდინარე, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პიროვნებას დანაშაული არ ჩაუდენია: ”ჩვენ მოვითხოვეთ პროცესზე, რომ 5000 ლარის ნაცვლად დაკისრებოდა 2000 ლარის ოდენობით გადასახადი, თუმცა სასამართლომ ეს არ გაიზიარა. ჩვენ ამ განაჩენს შევათანხმებთ ბრალდებულთან და შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცევით, გავასაჩივრებთ თუ არა მოსამართლის გადაწყვეტილებას”, - ამბობს ადვოკატი რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

დაკავებული ინდმეწარმეების დიდ ნაწილს ქალები წარმოადგენენ. მათი ადვოკატების უმრავლესობა სასამართლო სხდომაზე ხაზს უსვამდა იმას, რომ ისინი არიან დედები, რომლებსაც სარჩენი ჰყავთ შვილები, მოხუცი მშობლები, ბევრ მათგანს მეუღლე ჰყავს გარდაცვლილი და ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. მათი დაპატიმრება მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანეს და ყალბ დოკუმენტებზე მოაწერინეს ხელი, სამართლიანი არ იქნება. ამ ქალების დაპატიმრებით, ყველანაირ შემოსავალს მოუსპობთ მათ უკან მდგომ ბავშვებსა და მოხუცებსო, ამბობდნენ სიტყვით გამოსვლისას ადვოკატები. თუმცა ამ არგუმენტებს არანაირი მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია მოსამართლეების გადაწყვეტილებაზე.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი ინდმეწარმეების დაკავების ფაქტს სამარცხვინოს უწოდებს და ხალხს მეტი სოლიდარობისაკენ მოუწოდებს. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, მცირე მეწარმეების დაკავება ბიუჯეტის შესავსებად განხორციელდა: ”პირველი მიზეზი, რის გამოც ინდმეწარმეები დააკავეს, არის ის, რომ, როგორც ჩანს, ბიუჯეტში სერიოზული პრობლემებია. მსხვილ ბიზნესმენებთან სახელმწიფოს ურთიერთობა ყველამ კარგად ვიცით. ვინც დასაჯარიმებელი და დასაჭერი იყო, ყველა დააჯარიმეს და დაიჭირეს და ახლა მიადგნენ წვრილს და მცირე მეწარმეებს, რომლებსაც, დარწმუნებული ვარ, ყველას გაათავისუფლებენ, მაქსიმუმ ორთვიანი პატიმრობა მისცენ, თუმცა ყველასთან გააფორმებენ საპროცესო შეთანხმებას და თანხებს გადაახდევინებენ”, - აღნიშნავს მერაბ ჯანიაშვილი.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა ასევე პირად საუბარში აღნიშნა, იმ დაკავებულთა ახლობლების დიდი ნაწილი, რომლებსაც გირაო დაეკისრათ, შესაბამისი დოკუმენტებით აღჭურვილი, ბანკებისაკენ გაემართა. მოსამართლის დაპირებისამებრ, თანხის გადახდის შემდეგ დაკავებულები იმავე წუთას გათავისუფლდებიან. აქვე ისიც ვთქვათ, რომ გირაოს რაოდენობა 5000-დან 1000 ლარამდე მერყეობს. ხოლო იმ ბრალდებულებს, რომლებსაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, თუკი დანაშაულს აღიარებენ, საშუალება ექნებათ გააფორმონ საპროცესო გარიგება და ოჯახებს დაუბრუნდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალი სხდომა 26 ნოემბერს 2 საათზე გაიმართება.