17 წელი სოხუმის დაცემიდან

1993 წლის 27 სექტემბრიდან 17 წელი გავიდა. თბილისში ეს თარიღი სოხუმის დაცემის დღედ, ხოლო აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში სოხუმის აღების დღედ აღინიშნება. ამ დღეს ტრადიციულად პატივს მიაგებენ ომში დაღუპულთა ხსოვნას და იხსენებენ აფხაზეთის ომთან დაკავშირებულ ტრაგიკულ მოვლენებს, თუმცა ამ ტრადიციამ წელს გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა: ომის დასრულებიდან პირველად, ქართველმა ვეტერანებმა პატივი ომში დაღუპულ აფხაზ მებრძოლებსაც მიაგეს და მათი შესანდობარი დალიეს.

27 სექტემბერს საზოგადოების ერთი ნაწილი - ომის ვეტერანები, პოლიტიკოსები, აფხაზეთიდან დევნილები და ომში დაღუპულთა ნათესავები - გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალის წინ შეიკრიბა. ნელი მურღულიანიც მემორიალთან ყოველი წლის 27 სექტემბერს მიდის და ომში დაღუპული დის სახელზე სანთელს ანთებს.

„მედდა იყო... ყველა აქეთ გამორბოდა, თვითონ კი ადგა და ფრონტის ხაზზე გავიდა: ჩემი ბიჭები იბრძვიან და როგორ მივატოვოო. არ ვუშვებდით, მაგრამ მაინც გაიქცა. დილით გავიგეთ, რომ დაღუპულა, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნელი მურღულიანმა, რომლის დასთან ერთად 13 თვიანმა ომმა, ჯამში, 15 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა შეიწირა. ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი მელაშვილის თქმით, 27 სექტემბერი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს წარსულის სათანადოდ გააზრების აუცილებლობას:

„გააზრება უნდა იმას, თუ რამ მიგვიყვანა აფხაზებთან დაპირისპირებამდე, აფხაზეთის დაკარგვამდე, ქართველებს შორის დაპირისპირებამდე... სამწუხაროა, რომ 20 წელი გავიდა, მაგრამ ამ მოვლენების სერიოზული ანალიზი ჯერ კიდევ არაა ჩატარებული და საზოგადოებას ჯერ კიდევ არ უმსჯელია იმაზე, თუ რა იყო არასწორი და რა შეცდომები დავუშვით.“

ირაკლი მელაშვილმა და ფორუმის სხვა ლიდერებმა მოგვიანებით გმირთა მოედნიდან ვაკის პარკში გადაინაცვლეს, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და აფხაზეთის ომში საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლის გიორგი ყარყარაშვილის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის, „საქართველოს ლეგიონის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას შეუერთდნენ. მიკროფონთან მისულმა გიორგი ყარყარაშვილმა სიტყვის ნაცვლად სადღეგრძელო წარმოთქვა:

„მე თვითონ ვიყავი სისხლის ერთ-ერთი დამდინებელი. მკვლელიც ვიყავი და მსხვერპლიც. შურიც მიძიებია და შურისძიების საგანიც ვყოფილვარ, ამიტომ შეიძლება ჩემზე მეტი უფლება სხვას ჰქონდეს... მოდით, ძალა მოვიკრიბოთ და საქართველოს ერთიანობისთვის შეწირულთა მოსახსენებელი ვთქვათ და, მეომრებო, ჩვენი ხელიდან ნასროლი ტყვიით დაღუპულთა შესანდობარი ვთქვათ.“

გიორგი ყარყარაშვილთან ერთად ომში დაღუპული ქართველებისა და აფხაზების შესანდობარი შესვა კახაბერ შარტავამ - სოხუმის დაცემისას დაღუპული საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ვაჟმა, რომლის თქმითაც, 27 სექტემბერს დამარცხდნენ როგორც ქართველები, ასევე აფხაზები:

„ყველანი მსხვერპლი ვართ იმ კატასტროფისა, რაც მაშინ მოხდა. დროთა განმავლობაში ამას კიდევ უფრო მეტად გავაცნობიერებთ ქართველები და აფხაზები. და თუ ასე არ მოხდა, მაშინ აღარც აფხაზი ხალხი დარჩება დედამიწაზე და აღარც ქართველები იარსებებენ. აფხაზეთში მცხოვრებთა შორის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც ეს ესმით. მათთან გვაქვს ჩვენ ბევრი სალაპარაკო.“

პოლიტიკოსების გარდა, 17 წლის წინანდელ მოვლენებს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქიც გამოეხმაურა. ილია მეორემ ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის შემდეგ განაცხადა, რომ ომი იყო არა აფხაზებსა და ქართველებს შორის, არამედ ქართველებისა და აფხაზების ერთობის წინააღმდეგ:

„ზოგიერთს სურს ჩვენი გათიშვა, რათა იბატონოს ჩვენზე. შევიცნოთ ეს ფაქტი და გავაანალიზოთ, თუ რას მოუტანს იგი აფხაზებს. ქართველებმა და აფხაზებმა უნდა შევუნდოთ ერთმანეთს, უნდა მივიდეთ, მივუსამძიმროთ ერთმანეთს. ამაშია ჩვენი გადარჩენა.“

27 სექტემბერს საქართველოს თითქმის ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. სამშვიდობო აქცია „გადაძახილი მსოფლიოს“ გაიმართა განმუხურში, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად.