24 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ ნანა ბიგანიშვილი, სტუდია ”მონიტორის” ჟურნალისტი და ანა გაბრიაძე, მხატვარი. ნანა ბიგანიშვილი არის დიღმის ტყე-პარკის შესახებ გადაღებული ფილმის ავტორი, ანა გაბრიაძე კი მხატვარი, აქტიური მოქალაქე, რომელიც ტყე-პარკის მახლობლად ცხოვრობს. მათ ილაპარაკეს დიღმის ტყე-პარკის სტატუსის ისტორიაზე, იმაზე, რომ პარკის ცალკეული მონაკვეთები წლების მანძილზე რამდენჯერმეა გადაყიდული და რომ ხელისუფლების განცხადებები, გადაწყვეტილებები და რეალობა ორ პარალელურ სიბრტყეში განაგრძობს არსებობას. ანა გაბრიაძე თვლის, რომ ტყე-პარკისთვის ამდენწლიან ბრძოლას აქვს შედეგი და აზრი, რადგან ტყე ჯერ კიდევ არსებობს.