ობამა განვითარებადი ქვეყნებისთვის დახმარების გამოყოფის ახალ პოლიტიკას აცხადებს

22 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღწერა ახალი პოლიტიკა, რომლის თანახმადაც გამოუყოფს აშშ ამიერიდან დახმარებას განვითარებად ქვეყნებს. ობამას თქმით, ასეთი ქვეყნების მოკლევადიანი დახმარება არასაკმარისია და ამიტომ აშშ აპირებს განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე მოახდინოს კონცენტრაცია. ამასთან, პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით, კიდევ უფრო გამკაცრდეს დახმარების მიმღებთა პასუხისმგებლობის საკითხი და განაცხადა, განვითარების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი კორუფციააო.

გაეროს სამიტი, სადაც პრეზიდენტი ობამა სიტყვით გამოვიდა, ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევაში არსებული პროგრესის შეჯამებას ემსახურებოდა. ამ მიზნებისგან შემდგარი სტრატეგიული პროგრამა გაერომ 2000 წელს შეიმუშავა. ამ პროგრამით მსოფლიოში არსებული სიღარიბე 2015 წლამდე მნიშვნელოვნად უნდა შემცირებულიყო.

ობამამ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა - აღნიშნა, რომ ათობით მილიონი ბავშვი ახლა უკეთეს განათლებას იღებს, მალარიისა და ტუბერკულოზის შემთხვევები შემცირებულია და უფრო მეტ ადამიანს აქვს საშუალება სუფთა სასმელი წყლით ისარგებლოს.

მსოფლიოში ასობით მილიონმა ადამიანმა დააღწია თავი უკიდურეს სიღარიბეს. მაგრამ, ობამას თქმით, ბევრი რამ ჯერაც გასაკეთებელი რჩება:

„თვალი უნდა გავუსწოროთ იმ ფაქტს, რომ სხვა მიზნების მისაღწევად დასახული პროგრესი სათანადო სისწრაფით ვერ განხორციელდა. ეს ასეა იმ ასიათასობით ქალისთვის, რომელიც ყოველწლიურად, უბრალოდ, მშობიარობის შედეგად კვდება; იმ მილიონობით ბავშვისთვის, რომელიც საკვების ნაკლებობით გამოწვეული აგონიისგან იხოცება; იმ დაახლოებით მილიარდი ადამიანისთვის, რომლებსაც ქრონიკული შიმშილის გამო უმძიმეს ყოფაში უწევს ცხოვრება.“

საერთაშორისო დახმარების უკეთ განაწილების მიზნით, ობამას თქმით, აშშ-ის მთავრობამ საფუძვლიანად გადახედა განვითარებაზე მიმართულ თავის ძირითად პროგრამებს. სამთავრობო ექსპერტების გარდა, რჩევა ჰკითხეს ენჯიოების, კერძო სექტორის წარმომადგენლებს და საერთაშორისო პარტნიორებს.

პირველი ცვლილება საკუთრივ „განვითარების“ განსაზღვრებას ეხება. ტრადიციული მეთოდით, დახმარების ოდენობას საკვებსა და წამლებზე დახარჯული თანხის მიხედვით ითვლიდნენ, რაც დახმარების მიმღებ ქვეყნებს სიღარიბის დაძლევაში არ ეხმარებოდა. ობამას თქმით, ეს უნდა შეიცვალოს - უწინარესად, დიპლომატიის გზით და ვაჭრობისა და ინვესტირების პოლიტიკის ტრანსფორმაციით. განვითარების მიზანი ისეთი პირობების შექმნა უნდა გახდეს, სადაც დახმარების გამოყოფა უკვე აღარ იქნება საჭირო. ამდენად, „ჩვენ ისეთ პარტნიორებს ვეძებთ, რომლებსაც ექნებათ სურვილი, თავიანთი ხალხის დახმარების შესაძლებლობა თავადვე გამოიმუშავონო“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მეორე ცვლილება, ობამას თქმით, დონორ ქვეყნებზე დამოკიდებულებიდან რეალურ განვითარებაზე გადასვლა უნდა იყოს. შეკრული წრე, როცა ღარიბი ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში რჩებიან გარედან მოსული დახმარების იმედზე, უნდა გაირღვეს.

კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის, ობამას თქმით, დახმარების მიმღებმა ქვეყნებმა მეწარმეობა უნდა წაახალისონ, ვაჭრობა უნდა გააფართოონ, ინფრასტრუქტურა უნდა განავითარონ და ინვესტიციები მიიზიდონ.
ამასთან, ობამამ ხაზი გაუსვა კორუფციასთან გლობალური ბრძოლის აუცილებლობას. გაეროს შეფასებით, ბევრ ქვეყანაში განვითარებას სწორედ კორუფცია უქმნის მთავარ წინაღობას.

ობამას განცხადებით, კორუფცია ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს: „სწორედ ამიტომ, ახლა იმ ნავთობის, გაზისა და მადნის მომპოვებელ კომპანიებს, რომლებიც კაპიტალს აშშ-ში აგროვებენ, ვთხოვთ გამჭვირვალე გახადონ ყველა თანხა, რომელსაც უცხო ქვეყნების მთავრობებს ურიცხავენ. სწორედ ამიტომ მოვუწოდე დიდი ოცეულის ქვეყნებს, კორუფციის პრობლემაზე ყურადღება გაემახვილებინათ და კორუმპირებული ოფიციალური პირებისთვის გაერთულებინათ თავიანთი მოსახლეობისგან მოპარვა და თავიანთი ქვეყნების განვითარების ჩახშობა“, - თქვა მან.

აშშ გაეროს ყველაზე მსხვილი გადამხდელია. მხოლოდ 2009 წელს მან 598 მილიონი დოლარი გაიღო. თუმცა გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევის გარეშე რეალური ცვლილებები ვერ მიიღწევა.