ნუ, შეეშვით მაია ასათიანს

ვის რა დაგიშავათ მაია ასათიანმა? ხუთშაბათს „პროფილის“ ახალი სეზონი იწყება და მისმა პრომომ სრულიად ფეისბუკის აღშფოთება გამოიწვია. ანტიმაიაასათიანიზმი ამ სოციალურ ქსელს არც მანამდე აკლდა. აქ „პროფილის“ და მისი წამყვანის საწინააღმდეგო ათზე მეტი ჯგუფი და გვერდია დარეგისტრირებული. თან, უბრალოდ საწინააღმდეგო კი არა, მოძულე. ერთს პირდაპირ „მძულს მაია ასათიანი“ ჰქვია. მეორეს „მეზიზღება მაია ასათიანი“. მესამეს - „დავახრჩოთ მაია ასათიანი“. კიდევ არის „მაია ასათიანი ლინჩის წესით უნდა გასამართლდეს“.

რა ვიცი. მე მგონია რომ ყვითელ, ბულვარულ, საჭორაო გადაცემებში ყველას სჯობია. კი, რამდენჯერმე „პროფილსაც“ გაუკეთებია საოცარი საშინელება, მაგრამ, როგორც წესი, გადაცემას „გოიმობისთვის“ ლანძღავენ და არა იმიტომ, რომ მაყურებლის სასეიროდ პატარა ბავშვი ატირა ან თენგო გოგოტიშვილის რასისტული გამონათქვამები არ ამოჭრა. ბოლო აღშფოთებებიც ხომ პრომოში ნაჩვენებ „დარიდური დარიდარალეებს“ მოჰყვა. გოიმობაა? ალბათ კი. სხვანაირი გადაცემა ბევრი იცით ქართულ ტელეარხებზე?

აი, რითი სჯობს მაია ასათიანი და მისი „პროფილი“ სხვებს:

1. გადაცემას ჩვენი ფულით არ აკეთებს. ხოლო ისინი, ვინც გადაცემებს ჩვენი ფულით აკეთებს, სატელევიზიო სეზონებს ისე იწყებენ და ისე ამთავრებენ, რომ ვერაკაცი ვერაფერს იგებს. როგორც ჩანს, საზოგადოებრივ მაუწყებელს დღეს ერთი, საკმაოდ მნიშვნელოვანი, ფუნქცია აქვს - იყოს ოპოზიციონერების სამიტინგო „ბოლო პასადკა“. მთელი ღამის „ფართის“ მერე ახალგაზრდები დილის ხუთ საათზე „მასპინძელოში“ მიდიან ხოლმე. სხვა არაფერია ღია. ზუსტად ასევე გადაწყვეტენ ხოლმე ოპოზიციონერები ერთი კვირის მიტინგობის მერე საზოგადოებრივი მაუწყებლის დალაშქვრას. ჯერჯერობით ამ სტრატეგიამ არ გაუმართლა, მაგრამ, ხომ იცით, ერთსა და იმავეს რომ აკეთებ და ყოველ ჯერზე ერთნაირ შედეგს იღებ, უპრიანია, იმავეს კეთება გააგრძელო. ვინძლო ბოლოს განსხვავებული შედეგი მიიღო.

2. მაია ასათიანი უწყინარია. მასზე თუ რამე კრიტიკულს იტყვი, სადღაც, გულის სიღრმეში, არ გეშინია, რომ მისი ქმარი გაბრაზდება და მეორე დღეს უცებ განყოფილებაში აღმოჩნდები; რომ ჯიბე უცებ სუბუტექსით გექნება გამოტენილი და ისეთ შარში გაეხვევი, რომ მერე, სიბერეშიც კი, წამყვანის სახელის უბრალო ხსენებაზეც მტკივნეული ფლეშბეკები გექნება. რომ წლების განმავლობაში ღამე ცრემლებით გაჟღენთილ ბალიშზე ჩახუტებული დაიძინებ და ყოველი დაძინების წინ თავში მხოლოდ ეს ორი სიტყვა დაგიტრიალდება: „რა მრჯიდა?“

3. გადასარევი რჩევა მომაფიქრდა კაცებისთის და ბარემ დავწერ, თორემ დამავიწყდება. მაია ასათიანს არ ეხება. ერთხელაც უნდა აიღო და გადაყარო ყველა წინდა. მერე იყიდო 20 ერთნაირი. ჰოდა, არასოდეს დაგჭირდება მათი დაწყვილება და ერთნაირების ძებნა ან რამე მაგდაგვარი. აიღებ ბრმად ორ ცალს და იცი, რომ ერთი ფერისაა. ჰა, როგორია?

4. მაია ასათიანის გადაცემა ათობით ენჯიოს მოკრძალებულ წვლილს წყალში არ ყრის და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ ქვეყანას 200 წლით უკან არ აბრუნებს. განსხვავებით „სიმართლის დროსგან“, რომელიც თითო გადაცემაში იმდენს აკეთებს ჰომოფობიის გასაღვივებლად, რამდენისთვისაც მალხაზ გულაშვილს საუკუნეები დასჭირდებოდა. სხვაზე რა გითხრათ, მაგრამ მე სულ მეგონა, რომ გეები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უბრალოდ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციით. ნურას უკაცრავად! „სიმართლის დროში“ რომ ხალხი ჩნდება, მაგათი ჩატარებული აღლუმის პროფილაქტიკისათვის მეც ვილოცებ. აღლუმი კი არა, სამზე მეტი არ შეიკრიბოს ერთად, თორემ წასულია ჩვენი საქმე. ვერ გაუძლებს სივრცულ-დროითი კონტინუუმი ამდენ ანომალიას!

5. „პროფილს“ ხალხი განსატვირთად უყურებს და არა ახალი ამბების გასაგებად. თუ მაია ასათიანმა კარგი გადაცემა ვერ გააკეთა, ამით არაფერი დაშავდება. ხოლო ისინი, ვინც, წესით, უნდა გვიყვებოდეს, თუ რა ხდება ქვეყანაზე და მსოფლიოში, სანაცვლოდ სულ სხვა საქმეებით არიან დაკავებულნი. ჰო, აი, მაია ასათიანი აშტერებს ერს და „ქრონიკა“ და „კურიერი“ აჭკვიანებენ. მაია ასათიანი უნდა დავახრჩოთ და „მოდელირებულ ქრონიკას“ პრემიები მივცეთ. „პროფილი“ - „omg დასახურია lol შეურაწყოფას გვაყენებს გოიმები lol როგორ მეზიზღებაააა ნეტა არ დაიწყოს ახალი სეზონი“ და საინფორმაციოებში კლოუნადა კიდე მოსულა.

„პროფილი“ თავის საქმეს აკეთებს, თან კარგად. ყვითელ, ბულვარულ, საჭორაო გადაცემებში ყველას ჯობია. გოიმობა საინფორმაციოებში მოიკითხეთ.