„კანონი ჩვევაა“ - არისტოტელე

ვენეციის კომისიის ოთხი წევრი - მათ შორის, კომისიის ხელმძღვანელი - თბილისს სტუმრობს. ისინი ხვდებიან როგორც მთავრობას, ისე ოპოზიციას, საკონსტიტუციო კომისიას, პარლამენტარებს, კონკრეტულ მინისტრებს. ვიზიტის მიზანი ინფორმაციის მოგროვებაა, ინფორმაციისა, რომელიც მოხსენებათა სახით ოფიციალურად აღიწერება და შეჯამდება. ინფორმაციის მოგროვებას თბილისში ორი დღე დაეთმობა. ყველა ამ ფორმალური შეხვედრის ფონზე ერთი ნაკლებად ფორმალური, საუნივერსიტეტო შეხვედრა თავისუფალ უნივერსიტეტში შედგა.

როცა არისტოტელე ამბობდა, კანონი ჩვევააო, ის მიუთითებდა იმ მნიშვნელობაზე, რომელიც არა მხოლოდ კანონის ფორმალურ მიღებას და დამტკიცებას აქვს, არამედ მის შესრულებას, მის რეალობაში განხორციელებას. მიუხედავად იმისა, რომ არისტოტელეს კანონი ამა თუ იმ მავნე მიდრეკილებისაგან ადამიანის დამცავ ყველაზე უკეთეს ბერკეტად მიაჩნდა, საფრთხე ყოველთვის მის ინტერპრეტაციაშია, რადგან სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური თეორეტიკოსის განმარტებით, კანონი ყოველთვის განზოგადებულია და ნაკლებად კონკრეტული - მით უმეტეს, კონსტიტუცია, უმაღლესი კანონი, რომელიც სისტემის ძირითად პრინციპებზე შეჯერებაა. მას შემდეგ, რაც დაახლოებით ერთი საათის მანძილზე ოვალური მაგიდის გარშემო მსხდომი თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ვენეციის კომისიის წევრებს ესაუბრნენ და გერმანული, იტალიური, ფრანგული და აგრეთვე პოსტსაბჭოთა ქვეყნების კონსტიტუციები განიხილეს, ვენეციის კომისიის წევრმა სერჯო ბარტოლემ, რომელსაც ლექციები ჰარვარდში, ოქსფორდში, კემბრიჯში აქვს წაკითხული, ყურადღება სწორედ ამ ფაქტორზე შეაჩერა:

„კონსტიტუციის ტექსტი, მთლიანობაში, შეიცავს თავისუფალ სივრცეებს. კონსტიტუცია შედგება პრინციპებისგან, წესებისგან, რომლებიც ტოვებენ სივრცეს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციისათვის. ეს ტიპიური სტრუქტურაა კონსტიტუციისა. შეხედეთ ამერიკულ კონსტიტუციას - მოსამართლეები მას ცვლიან მუდმივად, თუმცა სხვა ქვეყნებში, სადაც სახელმწიფოს უნდა თავი აარიდოს მსგავს ცვლილებებს, ის თავად აკეთებს ხშირ რევიზიებს კონსტიტუციისა. ეს არის მეთოდი, რომელსაც გერმანია მისდევს. ისინი ყოველ წელს რაღაცას ცვლიან.“

რამდენჯერაც არ უნდა გადაიხედებოდეს კონსტიტუცია, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვინ და რამდენად პატიოსნად აღასრულებს წესებს. მეორე ფაქტორი, გადახვევებისგან დამცავი, პასუხისმგებლობების კონკრეტიზაციაა. მაგალითად, როგორც ჩანს, ვენეციის კომისიამ დღემდე ვერ გაარკვია, რატომ არის ბუნდოვანი, ვინ იქნება ქვეყანაში პასუხისმგებელი საგარეო ურთიერთობებზე. კომისიის წევრი ანგელიკა ნუსბერგერი ამბობს:

ანგელიკა ნუსბერგერი
„ჩვენი აზრით, საგარეო ურთიერთობების საკითხი ბუნდოვანია. ჩვენთვის არაა გასაგები, ვინ რას გააკეთებს, იმიტომ რომ პრეზიდენტი აქტიურია მოლაპარაკებებსა და შეთანხმებებში და, იმავდროულად, საგარეო პოლიტიკა მთავრობის ხელშია. ამაზე ჩვენ ბერლინში დიდხანს ვმსჯელობდით. თუ მომავლისკენ გავიხედავთ, ამან, შესაძლოა, შექმნას პრობლემები. თუ თქვენ გყავთ ხალხი, ვინც ერთმანეთის ოპოზიციაშია, საგარეო ურთიერთობებში ეს ძალიან საშიში ხდება ძალიან სწრაფად, როცა გაქვს ორი ხმა და არა ერთი.“

ამის მიუხედავად, ვენეციის კომისია პროცესს, როგორც ტენდენციას, დადებითად აფასებს. მოჰყავთ მაგალითები პოსტსაბჭოთა ძვრებისა ძლიერი საპრეზიდენტოდან უფრო მეტად საპარლამენტო მოდელებისკენ, რაც, კომისიის წევრთა აზრით, საზოგადოების მეტი ჩართულობითაა გამოწვეული. ამ საკითხზე შეჩერდა თავისუფალი უნივერსიტეტის ერთ-ერთი ახალგაზრდა პროფესორი, რომელმაც იკითხა, როგორ გგონიათ, ის, რაც ხდება, ქვეყანაში არსებული მოთხოვნის გამოხატულებააო? საზოგადოებაში არსებული ტენდენციის გამოვლინებაა, თუ ეს არის სხვა გარე ფაქტორების ზეგავლენის შედეგიო? გულწრფელ შეკითხვაზე ახალგაზრდა პროფესორმა გულწრფელი პასუხი ითხოვა.

„თუ დავაკვირდებით რა ხდებოდა ამ ბოლო წლებში საქართველოში, - ეს უზარმაზარი გაფიცვები, პროტესტი, - ვიტყოდი, რომ ფუნქციონალურ და ქმედით დემოკრატიაში პროცესები, პირველ რიგში, პარლამენტში უნდა ვითარდებოდეს. თუ თქვენ ჩემს პირად აზრს კითხულობთ, ჩემთვის ეს ნიშანია, რომ ხალხს მეტი ჩართულობა სურს, ამიტომ აპროტესტებენ ისინი სისტემის ქმედებას, ამიტომ უნდა შეიცვალოს სისტემა, რომ ის, რაც ქუჩაში ხდებოდა, პარლამენტში შევიდეს. ამის ინტეგრირება უნდა მოხდეს პოლიტიკურ სტრუქტურაში.“

პირდაპირ ამ აზრს არავინ დაპირისპირებია, თუმცა ქართველმა პროფესორებმა გაიხსენეს პოსტსაბჭოთა რეალობა და მანამდე არსებული წყობები. მოკლედ, ყველა ცდილობდა გაერკვია ქართული საზოგადოების მიდრეკილება - ნუთუ ქვეყანა, პირიქით, ძლიერი მმართველისკენ არ იხრება, რაც, ბუნებრივია, უმრავლეს შემთხვევაში, შედეგად ერთმმართველი გუნდის ფორმირებას იწვევდაო? ამას დაუმატეს ის მოსაზრებაც, რომ კარგი, ვთქვათ, გავაძლიერეთ პარლამენტიო, მაგრამ ეს ხომ ცვლილებებს შეანელებსო?

„ერთ-ერთი პრობლემა სისტემისა, რომელიც ძალიან გაშლილია, არის ის, რომ ხალხი იწყებს, აი, ამან არ იმუშავა, იმიტომ რომ ფეხი დამიდეს, მე ვერ მივიღებდი გადაწყვეტილებასო.“

ანგელიკა ნუსბერგერის თქმით, „ეგ ძალიან მარტივია. სისტემაში პასუხისმგებლობები კონკრეტულად უნდა იყოს გაწერილი, ეს ცხადია. მაგრამ როცა შენ გყავს პატარა ჯგუფი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს ყველაფერზე, ეს დიდი შეცდომების საბაბია. ყველა განსხვავებული ხმის მოსმენა და მათზე გადაწყვეტილებების დაშენება არის დემოკრატია.“

თან სისტემა ბიზნესმოდელი არ არისო, სადაც ეფექტურობის გამო ცენტრალიზებული გადაწყვეტილებები მიიღებაო. სახელმწიფო, მოგების მიღების და პროდუქტის წარმოების გარდა, ბუნებრივია, სხვა ბევრ ფაქტორსაც მოიცავს. ბოლოს და ბოლოს, რომ შევაჯამოთ, ერთ მხარეს არის მიდრეკილება პროტესტისკენ - როგორც ვენეციის კომისიის ხალხი ამბობს, ჩართულობისკენ - მიდრეკილება, მეორე მხარეს კი, როგორც ეს ქართველმა პროფესორებმა აღნიშნეს, კულტურული ფაქტორი ერთმმართველის შექმნისა, ნაკლებად ინდივიდუალური პასუხისმგებლობის აღების სურვილი. ამას ნახევრად იუმორით - თუმცა უფრო, ალბათ, ფილოსოფიურად - პროფესორმა სერჯო ბარტოლემ უპასუხა:

„წარსულში ჩვენმა ფრანგმა კოლეგამ ჟაკ რობერმა თქვა, რომ ნახევრად საპრეზიდენტოა სისტემა თუ ნახევრად საპარლამენტო, ეს დამოკიდებულია სისტემაში მიმდინარე რეალურ პროცესებზე. თუ, მაგალითად, ამ მომენტისთვის პრეზიდენტი არის ძლიერი, მაშინ სისტემა ნახევრად საპრეზიდენტოა, და თუ პოლიტიკური პარტიები არიან უფრო ძლიერნი, მაშინ რეჟიმი ხდება ნახევრად საპარლამენტო.“

ესეც შენი რეცეპტი. ზოგადი სტრუქტურა მოცემულია. საით უზამს პირს საზოგადოების რეალური მოთხოვნილება დასავლურ სამეცნიერო სივრცეში მოხარშულ და საქართველოში ადაპტირებულ საკონსტიტუციო პროექტს? ამაზე პასუხი, ბუნებრივია, არა აქვს არც ვენეციის და არც საკონსტიტუციო ქართულ კომისიას.