საქართველო და რუსეთი "მშვიდობის სასახლეში"

თინა ბურჯალიანი (მარჯვნივ), საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, საქართველოს წარმომადგენელი საერთაშორისო სასამართლოში

პირველი რაუნდის მეორე დღეს 16 კაციანი მოსამართლეთა ტრიბუნალის წინაშე საქართველოს წარმომადგენლობა წარდგება. დებატებს ფორმატი არ ითვალისწინებს. მხარეები, უბრალოდ, დგებიან და საუბრობენ. პოლიტიკური ლოზუნგები უკანა პლანზე გადადის. მხარეებმა იურიდიული ენით უნდა ახსნან და დაასაბუთონ საკუთარი პოზიცია. საქართველოს მხარე დღეს საერთაშორისო სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ აფიქსირებს, თუ რატომ უნდა განიხილებოდეს საკითხი ეთნიკური დისკრიმინაციის კონვენციის ფარგლებში.

ქართულ და რუსულ მხარეს, აგენტების სახით, კემბრიჯის, ლონდონის და სხვა ცნობილი უნივერსიტეტების საერთაშორისო სამართლის პროფესორები წარადგენენ. მათ მომსახურებას მხარეები ქირაობენ. ფორმატი კი ასეთია: არავითარი დისკუსია და შეკითხვები, მხარეები წინასწარ დაწერილ ტექსტებს კითხულობენ 16 კაციანი მოსამართლეთა ტრიბუნალის წინაშე. შენობას, სადაც ეს ყველაფერი ხდება, ’მშვიდობის სასახლე’ ჰქვია. მხარეებს მოხსენებისთვის სამ-სამი საათი აქვთ გამოყოფილი, თითო მხარეს - ორ-ორი დღე ოთხი დღის განმავლობაში.

‘მშვიდობის სასახლეში’ განხილვის მთავარი საკითხი შემდეგია: შეიცავს თუ არა კონფლიქტი საქართველო-რუსეთს შორის ეთნიკური დისკრიმინაციის ელემენტებს. ქართული მხარე, 1965 წელს გაეროს მიერ მიღებულ კონვენციაზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ 1990-იან წლებში და მოგვიანებით რუსული მხარე, სეპარატისტების მხარდაჭერით, მასობრივ ეთნიკურ დისკრიმინაციას ახორციელებდა კონფლიქტურ ზონებში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისა. საქართველოს ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც სასამართლოს წარედგინა, ვკითხულობთ:

”რუსეთის ფედერაციამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოუჩინა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტებს მათ თავდასხმებში,სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მასობრივ გამოძევებაში.”

თუმცა რუსული მხარე გამორიცხავს რუსეთის მხრიდან რაიმე სახის ეთნიკურ დისკრიმინაციას. პირველი, იმიტომ რომ რუსეთი 90-იან წლებში განვითარებულ კონფლიქტებში მხოლოდ მესამე მხარეა. მეორე, რუსული მხარის არგუმენტაციით, საქართველოში ოთხმოცდაათიან წლებში თავად არსებობდა მუხტი ეთნიკური დისკრიმინაციისთვის, რასაც, საერთაშორისო სასამართლოში რუსული მხარის განცხადებით, ადასტურებს ლოზუნგი - ’საქართველო ქართველებისათვის’. მესამე, იმიტომ რომ, აგვისტოს ომში, სადაც რუსეთი მესამე მხარე აღარაა, საქართველომ პირველმა გამოიყენა ძალა. ამ შემთხვევაში საქართველოს ქმედებას რუსეთი კონტრმოქმედების ფორმულირებას აძლევს. საკუთარ ოფიციალურ დოკუმენტში რუსულ მხარეს მოჰყავს ციტატი ევროკავშირის დასკვნიდან:

”ოპერაციები დაიწყო ქართული არტილერიის მასობრივი თავდასხმების შემდეგ.”

ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რუსული მხარე სასამართლოსადმი ოფიციალურ მიმართვაში დაასკვნის:

”თუ არსებობდა რაიმე სახის უთანხმოება, ეს უნდა განიხილებოდეს ძალის გამოყენების, ჰუმანიტარული კანონმდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის ჭრილში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - რასობრივი დისკრიმინაციის ფონზე. ”

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ეთნიკური დისკრიმინაციის სარჩელი საერთაშორისო სასამართლოში 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა და საკუთარი არგუმენტის მთავარ ქვაკუთხედად გამოიყენა 1965 წლის რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციის დეფინიცია. კონვენციის მიხედვით, რასობრივი დისკრიმინაცია არის:

”ნებისმიერი დაყოფა, განცალკევება ან უპირატესობის მინიჭება რასაზე, ფერზე, ნაციონალურ ან ეთნიკურ წარმომავლობაზე დაყრდნობით, რომლის მიზანია ადამიანების უარყოფა, არაღიარება, თანაბარ პირობებში არჩაყენება, ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ან საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა ნებისმიერ სფეროში შეზღუდვა.”

საქართველოს ამ სარჩელზე სასამართლომ პირველი გადაუდებელი რეაქციის სახით არა მარტო რუსეთს, არამედ ორივე მხარეს მოუწოდა დისკრიმინაციის საკითხს ფრთხილად მოჰკიდებოდნენ.

თუმცა ამ კონცეპტუალურ განსხავებულ ხედვებზე მხარეები სასამართლო მოსმენებზე ნაკლებად საუბრობენ. მეორე დღეა მოსმენებზე აქცენტები კეთდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: რატომ არ გახმაურდა ეს პრობლემა დღემდე, თუ ის 90-იან წლებში წამოიჭრა? ანა ჭიჭინაძე, სტუდენტი, რომელიც ნიდერლანდებში სწავლობს და ორივე მოსმენებს ესწრებოდა, როგორც თავისუფალი მსმენელი, ამბობს:

„თუ, ვთქვათ, გუშინ რუსეთი უფრო იურიდიულ დეტალებში ჩავიდა ღრმად და შეეცადა იმის დამტკიცებას, რომ არ შეიძლება ამ საკითხის განხილვა, რადგან საქართველომ ურთიერთობებში შეცდომები დაუშვა, დიპლომატიურ და იურიდიულ ურთიერთობებში, საქართველო დღეს უკვე შეეცადა ფაქტები დაედო. მხარემ წარმოადგინა სააკაშვილის მიმართვები, პარლამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, სადაც იყო დაფიქსირებული ქვეყნის ჩივილი რუსეთის წინააღმდეგ, დაწყებული 1992 წლიდან.“

რატომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი? კონვენციაში, რომელიც გაერომ 1965 წელს მიიღო, 22-ე მუხლში ჩადებულია დებულება, რომლის მიხედვითაც მხარეები, ამ პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ვიდრე საერთაშორისო სასამართლოს მიმართავდნენ, უნდა შეეცადონ საკითხი იურიდიული გზით გადაჭრან. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ამის გახმაურება საქართველოს მხრიდან არ ყოფილა. აი, რას ამბობდა გუშინდელი რუსული მხარის მოხსენების შემდეგ რუსი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი სერგეი დიკმანი, რომელიც მოსმენებს ესწრებოდა:

„საერთაშორისო სასამართლოს შეუძლია განიხილოს მხოლოდ ის დავა, რომელიც არსებობდა საჩივრის შემოტანის მომენტამდე. ანუ ჯერ უნდა იყოს სამართლებრივი დავა და მხოლოდ მერე უნდა მიაკითხონ მხარეებმა საერთაშორისო სასამართლოს. და რუსული მხარე ზუსტად ამაზე აპელირებდა, რომ სამართლებრივი დავა აქამდე მხარეებს შორის არ ყოფილა.“

რუსული მხარე ასევე ახსენებს მოლაპარაკებებს საპრეზიდენტო დონეზე, სატელეფონო საუბრებს, მიმოწერებს, სადაც ამ თემაზე საუბარი ასევე არ ყოფილა. ქართული მხარე იხსენებს საერთაშორისო თუ ადგილობრივი მედიის მეშვეობით ამ თემაზე საუბარს, სხვადასხვა არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან დისკუსიებს, მოკლედ, ფაქტებს, სადაც საქართველომ ამ პრობლემის არსებობა გაახმაურა. საინტერესოა, რომ თავად საერთაშორისო სასამართლო ამ საკითხს ჯერ კიდევ ორი ათას რვა წელს, სარჩელის შეტანიდან ერთ თვეში, არაპირდაპირ პასუხობს. დადგენილებაში ნათქვამია:

”სხვადასხვა პირობებში ქართულმა მხარემ გაეროში გაახმაურა საკუთარი პოზიცია და ეს საკითხები იქ ნახსენები იყო. ასე რომ, რუსული მხარე საქმის კურსში უნდა ყოფილიყო.”

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპისთვის საუბარია იმაზე, დაიწყებს თუ არა საერთაშორისო სასამართლო საკითხის შინაარსობრივ განხილვას, რეალურად უკვე დღემდე არსებულ მასალებზე, საჯარო მოსმენებსა და ფაქტებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასამართლო დღეს სწორედ ამას აკეთებს. მხარეები, დოკუმენტური თუ სიტყვიერი ფორმით იმის მტკიცების პროცესში, ჰქონდა თუ არა ეთნიკურ დისკრიმინაციას ადგილი, ცდილობენ ახსნან საკუთარი ისტორიული და დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა, განმარტონ თავიანთი ქვეყნების მიზნები და ურთიერთდამოკიდებულება. და ეს ყველაფერი ხდება ცივილურ იურიდიულ ფორმატში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თავად მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები იურიდიულად რეკომენდაციის ხასიათს ატარებს და კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ძირითადად, დასკვნებით შემოიფარგლება. მეორე რაუნდი ღია გამოსვლებისა ხვალიდან იწყება. მომხსენებელი ისევ რუსეთია, რომელსაც უკვე ზეგ საქართველო ჩაანაცვლებს. საბოლოო დასკვნებზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა.