გააქტიურებული სტუმრიანობა

სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“ მსოფლიო ბანკისა და ეროვნული ბანკის ორგანიზებით ერთკვირიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. კონფერენციის მთავარი თემა მსოფლიო ფინანსური კრიზისი, საბაზრო რისკების მართვის თანამედროვე პრობლემატიკა და მათი გადაჭრის გზების დასახვაა. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში 20-ზე მეტი ქვეყნის ცენტრალური ბანკის 45 წარმომადგენელია ჩამოსული.

დღესვე საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებზე მომუშავე ამერიკელ ექსპერტთა დელეგაცია ჩამოვა. ხუთი სპეციალისტისგან შემდგარი დელეგაცია საქპატენტს ესტუმრება და ქართველ კოლეგებს სემინარებს ჩაუტარებს. სემინარებს პატენტრწმუნებულები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც დაესწრებიან. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებაც იგეგმება. მემორანდუმის ტექსტს ქართველი და ამერიკელი სპეციალისტები ამ ვიზიტის ფარგლებში შეიმუშავებენ.

მაისში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თემაზე მომუშავე ქართველ სპეციალისტები აშშ იმყოფებოდნენ და საავტორო უფლებების დაცვის ამერიკულ სისტემებს გაეცვნენ. საქართველოს და ამერიკის საპატენტო უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხიც სწორედ მაშინ განიხილეს.

დღესვე საქართველოს თურქი ბიზნესმენები ეწვევიან. როგორც მათ მასპინძელ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აცხადებენ, დღეს დელეგაცია ბათუმს ესტუმრება, სადაც რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას გაეცნობა. 15 სექტემბერს კი, ბიზნესმენები უკვე თბილისში გადმოინაცვლებენ და სასტუმრო რედისონში“ სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება.

თურქი ბიზნესმენები მრეწველობის სხვადასხვა სექტორში საქმიანობენ: მშენებლობა, უძრავი ქონება, ფეხსაცმლისა და ჩანთების კერვა, რესტორნები და კაფეები, კვების პროდუქტები, შინაური ფრინველის და კვერცხის, ტკბილეულის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება, ავტომობილების ნაწილების, საიუველირო ნაწარმის დამზადება, საგანმანათლებლო და სოციალური მომსახურება და სხვა.