ჯანდაცვის უწყებას მეხუთე ახალი მინისტრი ჰყავს

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური (მარცხნივ) და ჯანდაცვის ახალი მინისტრი ანდრია ურუშაძე

საქართველოს მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილება განხორციელდა. პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა წარმოადგინა ჯანდაცვის ახალი მინისტრი - ანდრია (სანდრო) ურუშაძე, რომელიც ამ სფეროში კერძო სექტორიდან მივიდა და ვარდების რევოლუციის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს გუნდის წევრია. ახალი მინისტრი უწყებაში რადიკალურ ცვლილებებს არ გეგმავს და აცხადებს, რომ თავისი წინამორბედების მიერ დაწყებულ საქმეს გააგრძელებს. რამდენიმე დავალება მან პრემიერისგან უკვე მიიღო.

სულ ბოლო თანამდებობა, რომელიც სანდრო ურუშაძეს 2010 წლის 13 აგვისტოს შემდეგ ეკავა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეობა იყო. მანამდე ის შრომის, სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობდა. იყო სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი, კიდევ უფრო ადრე - ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. შესაბამისად, მონაწილე იყო ყველა იმ რეფორმისა, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა გუნდმა წამოიწყო.

ახალი მინისტრი 10 სექტემბერს პრემიერმა ნიკა გილაურმა წარადგინა და დავალებებიც იქვე მისცა:

”ეს არის 46 ახალი საავადმყოფოს მშენებლობის ბოლომდე მიყვანა, რომლის მშენებლობაც რაიონულ ცენტრებში უკვე დაწყებულია და მომავალი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ამას გარდა, სახელმწიფო სახსრებით ვასრულებთ დიღმის კლასტერის რეაბილიტაციას და ეს პროცესიც მალე უნდა დასრულდეს.”
ჯანდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, მინისტრის ყოფილი მოადგილე კოკა ფრუიძე სანდრო ურუშაძეს ახასიათებს როგორც პროფესიონალს და დარწმუნებულია, რომ მას თავისი წინამორბედის საქმის გაგრძელება არ გაუჭირდება.
თავად ახალი მინისტრი გამოყოფს რამდენიმე სფეროს, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. პრიორიტეტად რჩება სახელმწიფო დაზღვევა, ჰოსპიტალური სექტორის განვითარება:
”ვფიქრობთ, მეტი ყურადღება დავუთმოთ სახელმწიფოს მიერ დაზღვეული ადამიანების უფლებების დაცვას, ვიმუშავებთ სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ამაღლებაზე.”

ახალი მინისტრი ამბობს, რომ კარგად იცნობს ჯანდაცვის სამინისტროს გუნდს და რადიკალურ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს.

აქვე გეტყვით, რომ სანდრო ურუშაძის დანიშვნამდე, რევოლუციის შემდეგ, ჯანდაცვის უწყებამ ოთხი მინისტრი გამოიცვალა - მათ შორის, გიგი წერეთელი, რომელსაც ეს პოსტი რამდენიმე თვის განმავლობაში ეკავა. შემდეგ იყო ლადო ჭიპაშვილი, დავით ტყეშელაშვილი და ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელმაც მოღვაწეობა სულ ცოტა ხნის წინ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე განაგრძო.