რეალობის ფილტრაცია

ჰერბერტ მარშალ მაკლუჰენი, კანადელი კომუნიკაციების თეორეტიკოსი

თანამედროვე ადამიანი სამყაროს შესახებ ცოდნის წყურვილს ძირითადად ელექტრონული და ციფრული მედიუმის მეშვეობით იკმაყოფილებს. რა გავლენას ახდენს სამყაროს შესახებ ჩვენს წარმოდგენებზე მას მედია და, ზოგადად, ტექნოლოგია? ეს შეკითხვა, მეოცე საუკუნიდან მოყოლებული, დღემდე კომუნიკაციების თეორეტიკოსთა ერთ-ერთი მთავარი, საკვანძო შეკითხვაა. თეორეტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტექნოლოგია რეალობის აღქმის გარდასახვას და მის ვირტუალურ სივრცეში გადაყვანას იწვევს.

1960 წელს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატები ჯონ კენედი და რიჩარდ ნიქსონი ერთმანეთს ამერიკის ისტორიაში პირველ სატელევიზიო დებატებში შეხვდნენ. დებატები ტელეკომპანია სიბიესის ეთერში შედგა. მოგვიანებით სიბიესის ნიუსის მთავარი პროდიუსერი დონ ჰევიტი ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში იხსენებდა ამ დებატების დეტალებს:

„მე ვფიქრობ, რამაც დიდი გავლენა მოახდინა, იყო ის, რომ კენედიმ ეს ყველაფერი სერიოზულად აღიქვა. კენედიმ იცოდა, რომ ტელევიზია მნიშვნელოვანი რამ იყო. იმ შუადღისას მან კარგად დაისვენა, ნიქსონმა კი, პირიქით, ჩვეულ რეჟიმში პროფკავშირებთან შეხვედრა გამართა ჩიკაგოში. ის დაღლილი იყო, იყო ავად, ინფექცია ჰქონდა, ეს დებატები კი, უბრალოდ, კამპანიის ნაწილად მიაჩნდა. ამიტომ, გადმოხტა მანქანიდან და სტუდიაში შევარდა. ტკივილი აწუხებდა, სახე მომწვანო-მოყვითალო, გაუპარსავი ჰქონდა.
ნიქსონი გრიმის გაკეთებაზე უარს ამბობს.
„ნიქსონი საშინლად გამოიყურებოდა. მათ, ვინც ტელედებატებს უყურა, იფიქრეს, რომ ნიქსონმა წააგო.“

იმ დღეს განიხილებოდა ისეთი თემები, როგორიცაა: მონობა მეოცე საუკუნეში; კომუნიზმი ჩინეთში; კრემლის პოლიტიკა; თავისუფლება, როგორც ადამიანის უპირველესი უფლება; განათლების სისტემა; ტექნოლოგიური პროგრესი. თუმცა, სიბიესის მთავარი პროდიუსერის აზრით, მაყურებელზე გავლენა ამ თემებზე კანდიდატთა პასუხების შინაარსს არ განუპირობებია:
„ყველაზე დიდი გავლენა, მე ვფიქრობ, გრიმმა იქონია. გრიმმა საერთოდ იმ არჩევნებში გადამწყვეტი როლი შეასრულა.“

იგივე საპრეზიდენტო დებატები გადაიცემოდა ასევე რადიო სიხშირეეებითაც. იგივე ხმა, ბუნებრივია, იგივე ტემბრი, იგივე თემები და იგივე კანდიდატები, ოღონდ - გამოსახულების გარეშე, უბრალოდ - ხმა. მკვლევარები, რომლებიც ამ თემაზე მოგვიანებით მუშაობდნენ, ასკვნიან, რომ მათ, ვინც ამ დებატებს რადიოთი უსმინა, ტელევიზიისგან განსხვავებული შთაბეჭდილება დარჩათ.
„მათ, ვინც ნიქსონ-კენედის დებატებს რადიოთი უსმენდა, უმრავლეს შემთხვევაში ეჭვი არ შეჰპარვიათ, რომ დებატებში ნიქსონს გაცილებით დიდი უპირატესობა ჰქონდა კენედისთან.“
ამას ამბობს მარშალი მაკლუჰენი, კანადელი კომუნიკაციების თეორეტიკოსი, რომელმაც ამ დებატებიდან შვიდი წლის შემდეგ თავისი კარიერის ყველაზე დიდი აღმოჩენა ერთ მარტივ ფრაზაში ჩატია - ფრაზაში, რომელიც მოგვიანებით მისდამი მიძღვნილ მხატვრულ ფილმში მაკლუჰენის სტუდენტის შეკითხვას მოჰყვა:

„ - რა გინდათ თქვათ, პროფესორო, რომ მედიუმი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მესიჯი, რომელსაც იგი ატარებს?

- არა, არა, არა! მედიუმი უფრო მნიშვნელოვანი არაა, ვიდრე მესიჯი. ის, უბრალოდ… ჰმ, ის ხომ... ბუნებრივია, მედიუმი თავად არის მესიჯი…“
ეს, ერთი შეხედვით, მარტივი ფრაზა, „მედიუმი არის მესიჯი“, მეოცე საუკუნის მედიათეორიებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფრაზად იქცა.

“საზოგადოებათა ფორმირებაზე ყოველთვის მეტ გავლენას ახდენდა მათი კომუნიკაციის მედიუმი, ვიდრე კომუნიკაციის შინაარსი.”

რას გულისხმობდა მაკლუჰენი, როცა ამას ამბობდა?
მედიუმში ის გულისხმობდა თუნდაც წიგნს, რომელიც ასევე ტექნოლოგიაა კომუნიკაციისა, რომელიც საკუთარი ფორმით, ადამიანის ქაოტური, იმპულსური და, ხშირად, ილუზორული აზროვნების სხვადასხვა ფორმით სტრუქტურიზაციას ემსახურება, საკუთარი სტრუქტურიდანვე გამომდინარე. თუმცა მთავარი სამიზნე მაკლუჰენისთვის არა წიგნი, არამედ მას მედია იყო. ტექნოლოგია, რომელსაც მედიასაშუალებები იყენებენ, მაკლუჰენის აზრით, ასევე გავლენას ახდენს იმ შინაარსზე, რომელსაც ეს მედიუმები გენერირებენ. თუ მაგალითად ნიქსონ-კენედის დებატებს მოვიყვანთ, მესიჯი ტელევიზიის შემთხვევაში იყო იმიჯი, ვიზუალი და, შესაბამისად, გრიმი, რომელიც, სიბიესის პროდიუსერის თქმით, გადამწყვეტი აღმოჩნდა ადამიანთა აღქმის ფორმირებისას. იგივე უნდა ითქვას ხმაზე, რადიოს შემთხვევაში.

სამოცდაათიან წლებში ედვარდ ჯეი აპშტეინმა, ამერიკელმა ჟურნალისტმა, ჰარვარდში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ამერიკულ ტელევიზიებზე. აპშტეინმა რამდენიმე წელი გაატარა ამერიკულ წამყვან ტელეარხებზე სხვადასხვა თანამდებობაზე - ჟურნალისტის, ტექნიკოსის, პროდიუსერის… ის აკვირდებოდა, თუ რა გავლენას ახდენდა ტელევიზიის მუშაობის სპეციფიკა და გამოყენებული ტექნოლოგია თავად ინფორმაციის შინაარსზე. მის სადოქტორო ნამუშევარში, რომელიც მოგვიანებით წიგნად გამოიცა, სახელწოდებით „ახალი ამბავი არსაიდან“, აპშტეინი ასკვნის, რომ სიხშირეები, რომლებიც ფული ღირდა და საეთერო დროზე გავლენას ახდენდა, თავად დრო, რომელიც მესიჯის ფორმირებისთვის კონკურენციის გამო სულ უფრო ცოტა იყო, და ტექნოლოგია, რომელსაც ტელევიზია იყენებდა, ერთ მთლიანობაში ფილტრის როლს ასრულებდა და მესიჯის, ანუ ინფორმაციის, ჩამოყალიბების პროცესზე ზემოქმედებდა.

ანუ, აპშტეინის დაკვირვებით, დროით და ტექნოლოგიით შეზღუდული ჟურნალისტები და რედაქტორები იძულებულნი იყვნენ გაემარტივებინათ რეალობა, რადგან მათთვის მოცემულ დროში მარტივი დასკვნები უნდა გაკეთებულიყო, ტექნოლოგიას კი, რომელსაც ტელევიზია იყენებდა, რეალობის მხოლოდ ნაწილის ასახვა შეეძლო. აპშტეინი აკვირდებოდა, როგორ იდგმებოდა ხელოვნურად კადრები, როგორ წარმოიშობოდა ვირტუალური თემები, როგორ ხდებოდა აქცენტების კონკრეტული მიმართულებით ფორმირება, რაც, მთლიანობაში, რეალობის გამარტივებას და კონკრეტული მიმართულებით წარმართვას იწვევდა, შედეგად კი, აპშტეინის დაკვირვებით, რეალურისგან განსხვავებული სურათი იქმნებოდა. ფრანგი ფილოსოფოსი ჟან ბოდრიარი მოგვიანებით, მეოცე საუკუნის მიწურულს, ამ საკითხს საკმაოდ პესიმისტურად წყვეტს:

„ჩვენ მიერ სამყაროს რეალურად აღქმული და დანახული სურათები მალე საერთოდ გაქრება და ჩვენი აღქმა სამყაროსი ვირტუალური გახდება.“
ბოდრიარი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ დამოკიდებულება მას მედიაზე, როგორც სამყაროს რეპრეზენტაციულ სარკეზე, საშიში ფენომენია, რადგან, მისი აზრით, ვირტუალური რეალობა, რომელსაც მედიუმი - ამ შემთხვევაში მას მედიუმი - გვთავაზობს, გავლენას ახდენს ჩვენს რეალურ აღქმაზე, ამის შედეგად კი, ადამიანებს ხშირად ვირტუალური წარმოდგენები უყალიბდებათ იმ რეალობაზე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ:
„ ‘თანამედროვეობას ტელევიზორის ეკრანიდან ვიცნობ, შუა საუკუნეებს - უშუალოდ.’ როდესაც ეს სიტყვები წავიკითხე, მივხვდი, რომ, უმბერტო ეკოსგან განსხვავებით, მე ყველაფერს მხოლოდ ტელევიზორის ეკრანიდან ვიცნობ, აბსოლუტურად ყველაფერს. მაგალითად, ზაფხულის მზიანი საღამოს მყუდროებას მხოლოდ სატელევიზიო კადრის მეშვეობით შევიგრძნობ. თუ ასეთ მშვენიერ საღამოში უშუალოდ მოვხვდი, მე მას, უბრალოდ, ვერ ვხედავ.“
ეს სიტყვები ფრაგმენტია ქართველი ყოფილი ტელეჟურნალისტის ნანა ზარდიაშვილის სტატიიდან, სახელწოდებით „რეიტინგის დიქტატურა“.
თუმცა რეიტინგები იცვლება. 21-ე საუკუნეში მას მედია სულ უფრო კარგავს დომინანტურ მდგომარეობას. ტექნოლოგიის კიდევ უფრო განვითარება ნებისმიერ ადამიანს - და არა მარტო მედიის წარმომადგენელთ - საშუალებას აძლევს საკუთარი გზავნილის, ინფორმაციის გამავრცელებელი გახდეს. კომუნიკაცია, ბევრი მკვლევარის აზრით, მყარდება პირდაპირ, შუამავლებისა და ფილტრების გარეშე. ბევრის აზრით, ეს დემოკრატიზაციის პროცესია, როცა ადამიანები ერთმანეთთან ღია კონტაქტზე გადიან, ქრება ელიტური ჯგუფები, თუნდაც მას მედიუმები, რომლებიც საზოგადოებას დიდი ხნის განმავლობაში უთითებდნენ, თუ რა იყო მთავარი… თუმცა მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ პროცესი ჯერ არ დასრულებულა და არსებობს ვარაუდები, რომ თავად ინტერნეტიც შეიძლება გახდეს ახალი რეალობის ციფრული ფორმირების სისტემა, სისტემა, რომელიც ისევე გაფილტრავს რეალობას, როგორც ამას ელექტრონული მედია აკეთებდა მეოცე საუკუნეში და, ბევრი მეცნიერის აზრით, დღემდე აკეთებს. არსებითად შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტიც მედიუმია, მედიუმი, რომელიც, თუ მაკლუჰანის მოძველებულ თეორიას მოვიშველიებთ, თავად არის მესიჯი.