რუსული პრესის მიმოხილვა, 7 სექტემბერი 2010

რუსულ გაზეთებში საინტერესო სტატიები ქვეყნდება სახელმწიფოებრიობისადმი დამოკიდებულებაზე რუსეთში, მმართველობაზე, მორჩილებაზე, არსებულ ტენდენციებზე...

”როგორც რუზველტი” - ეს იმ სტატიის სათაურია, რომელსაც „ვედომოსტი“ აქვეყნებს.

სტატიის მიხედვით, ვლადიმერ პუტინს უთქვამს, უფრო სწორად, შეუხსენებია საზოგადოებისთვის, თეოდორ რუზველტი ოთხჯერ იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და არც ერთხელ არაკონსტიტუციური გზითო. მოკლედ, საქმეს თუ დასჭირდა, კონსტიტუციურ ფარგლებში ამას ჩვენც გავაკეთებთო.

კონსტიტუციურ ფარგლებზე „იზვესტია“ წერს სტატიაში, სახელწოდებით „მონური ჩვევები“:

„ჩვენი კულტურისთვის დამახასიათებელია იდენტობის თავისებური გაგება, ჩვენ ვაღიარებთ აბსოლუტური მმართველობის უფლებას მეფეებისა და მმართველებისთვის. მმართველები ყველა კონსტიტუციაში, ახლანდელის ჩათვლით, სარგებლობენ უზენაესი უფლებებით.”

სტატიას ახლავს სურათი, რომელზეც გამოსახულია ავტობუსი მგზავრებით და სტალინის დიდი პორტრეტით გვერდით საქარე მინაზე. სტატიაში, რომელსაც 200-ზე მეტი მკითხველის კომენტარი ახლავს, დასმულია შეკითხვა: რატომ ვინარჩუნებთ სტალინისეულ მმართველობის სტილსო. ამ კითხვაზე პასუხი ისევ კულტურულ თავისებურებებშია დანახული:

”ლიდერი აგებს პასუხს ყველაფერზე მისთვის მინიჭებული აბსოლუტური უფლებების გამო. ლიდერი პასუხისმგებელია ყველაფერზე, დაწყებული მომავლის პროგრამებით, ცხოვრების ყველა წესის დადგენითა და ახალი სახლების მშენებლობების კონტროლით დამთავრებული.”

სტატიაში ვითარდება აზრი, რომ ეს ცენტრალიზებული პასუხისმგებლობა ინდივიდუალური უპასუხისმგებლობის შედეგია.
გაზეთის აზრით, არსებული სურათი, პირველ რიგში, საზოგადოების დაკვეთაა, სწორედ ხალხი აძლევსო, გაზეთის აზრით, მმართველს ტოტალური კონტროლის უფლებას. ინდივიდუალური უპასუხისმგებლობა, როგორც სტატიიდან ჩანს, კომფორტული ზონაა და მიჩვევა იცის, ეს იმდენად გამჯდარიაო სოციუმში, რომ ამას თუ გამოვაცლით საზოგადოებას, სოციუმი დაიშლებაო”, ვარაუდობს სტატიის ავტორი.

”აიღე და გადი, თქვი, რასაც რეალურად ფიქრობ. გამოთქვა პროტესტი - ეს არაა სახლში იჯდე და კომენტარები ბეჭდო ფორუმებში და სოციალურ ქსელებში. სცადე ერთხელ, გადი და მიხვდები, რასაც ვგულისხმობ.”

ეს უკვე ციტატაა ანასტასია დაგაევას „ვედომოსტიში“ გამოქვეყნებული ბლოგიდან. ბლოგი სოციუმში არსებული ინდივიდუალური პროტესტის უუნარობასა და შიშზეა, რომელსაც რუსეთის საზოგადოებაში, დაგაევას აზრით, ფესვები ღრმად აქვს გადგმული.

დაგაევას შედარებისთვის მოჰყავს დასავლური პროტესტის ფორმები, რომელსაც ავტორი ინდივიდუალურ პიკეტირებას უწოდებს. ინდივიდუალური პიკეტირება, დაგაევას აზრით, არის ფორმა, როცა მიტინგზე გადის არა პოლიტიკოსთა მოწოდებებით აღგზნებული ასობით ან ათასობით ადამიანი, არამედ ერთი ადამიანი, უბრალოდ, საკუთარი წუხილის გამოსათქმელად, მონდომებით, შიშის გარეშე.

”მაგალითად, ვატიკანის საელჩოსთან ვაშინგტონში რამდენიმე თვეა ერთი კაცი დგას, ხნიერი კაცია ტრანსპარანტით: „პაპო, ბოდიში მოიხადე!“ ჯიუტი ბაბუაა, ითხოვს, რომ პაპმა ბოდიში მოუხადოს მსოფლიოს კათოლიკე მღვდლების სექსუალურ სკანდალებთან დაკავშირებით.”

სწორედ მსგავსი ინდივიდუალური პროტესტის ფორმებით მოიპოვეს, დაგაევას აზრით, ზოგიერთ ქვეყანაში - ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში - მაღალი ინდივიდუალური უფლებები. ჰოდა, ჩვენ რატომ არ უნდა მივბაძოთო? - კითხულობს ავტორი „ვედომოსტის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში.